შევეხე, ვიყნოსე, გავსინჯე, ვიცანი და შემიყვარდა.
გარინდულია, განაბულია, უხმაუროა, გაყურსული, რომ არ შენიშნონ.
სცხვენია არსებობის, როგორც უკანონო შვილს.
გულ-მუცელშია ჩაკეტილი, ბორგავს, ფერდებს აწყდება, ნეკნებს, დიაფრაგმას....იცი რა არის დიაფრაგმა?

შენს გახსენებაზე რომ იკუმშება, უცნაურ შეგრძნებას რომ იწვევს, გულს და მუცელს რომ ყოფს ერთმანეთისგან, ის უნდა იყოს.
ჰო, ჩემს მკვრადშობილ სიყვარულზე ვლაპარაკობდი. ჰაერს მთხოვს და მზის სხივებს. მე ვერ ვაწვდი, რადგან მრცხვენია მისი გამოჩენის, როგორც ხეიბარი შვილის გამომზეურება ეთაკილებათ სოფლად.
რატომ? ესეც ხო ჩვენია?
შენ არ იცნობ. მე მოგიყვები.
იცი რა ლამაზია? მკვახე ლიმნისფერია.
ოქროს ნაწნავი ჰქონდა, გუშინ მოვკვეცე და შევინახე. რომ გაიზრდება, ვაჩვენებ მუცლის თმას. შეხედავს და არ დაიჯერებს, არც შეეხება, სხვისი ეგონება, იმიტომ რომ უკვე მუქი წაბლისფერი იქნება.
მერე გაბუტული ტუჩებით მკითხავს, რატომ მომკვეცე? რა ლამაზია.
მამა ასე არ მომექცეოდა.
მამა ასე არ მოგექცეოდა....მამა ასე არ მომექცეოდა....მამა ასე არ მოგვექცეოდა...
ის არასდროს წაგვართმევს ძვირფასს და ლამაზს, რაც გვაქვს, ვერ გაგვიმეტებს.
და არასდროს მოგვცემს იმას, რაც გვაკლია. ვერც მაგას გაიმეტებს ჩვენთვის.
მკაცრი ვარ. სიმკაცრე კანში მაქვს. არ მახსოვს, სად ვისწავლე და როგორ. მაგრამ საკუთარ თავს არასდროს ვინდობ.
სულელი ვარ. სისულელე სისხლში მაქვს. არ მახსოვს, სად შემეყარა, მაგრამ ჭკვიანურად არასდროს ვიქცევი.
მხიარული ვარ... მხიარულება არ მაქვს არც კანში, არც სისხლში, მაგრამ როცა სიჩუმეა, სიბნელე, დაღლილი თვალებით მიყურებ, ვხდები ჭკვიანიც, ლამაზიც, მოქნილიც, სურნელოვანიც, ფერადიც, ჟღერადიც, რომ შემოგევლო. შენთან დავიღვრები, დავიცლები, ავქროლდები.
შენი ვარ. სიშენე მაქვს კანშიც, თმაშიც, ფილტვებშიც, ღვიძლშიც. ყველა ატომში, მოლეკულაში, ქსოვილში, ძარღვში,,,
ის არ შევიძინე,
არც შემეყარა,
არც მოვიხმე,
არც მოვიგონე,
არც შევქმენი,
არც ვშობე.
იჯდა კოდში და ეძინა.
შეგეხო, გიყნოსა, გაგსინჯა, გიცნო და შეუყვარდი.
გარინდულია, განაბულია, უხმაუროა, გაყურსული, რომ არ შენიშნონ.
სცხვენია არსებობის, როგორც უკანონო შვილს.
მაგრამ ბორგავს, ფერდებს აწყდება, ნეკნებს, დიაფრაგმას. ჰაერს მთხოვს, მზის სხივებს, თავისუფლებას.
ნაწნავი მოვკვეცე, ფრთებიც, მაგრამ სიცოცხლე სწყურია.
მეხუტება და ტირის. დე, არ დამაძინო, მე ხომ უკვე დიდი ვარ.
ვეღარ მივაძინებ. ის ჩემზე ძლიერია.