„ჯეოსელი“ შპს „მგგს“ საქართველოსთან/OSMP-თან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს და მიზეზად ამ უკანასკნელის მიერ თანამშრომლობის პირობების დარღვევას ასახელებს.
ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად, ჯეოსელის აბონენტები ვეღარ შეძლებენ გადახდების განხორციელებას OSMP-ს გადახდის აპარატების მეშვეობით.
„წლების განმავლობაში შპს „მგსს“ საქართველოს/OSMP-ს მიერ ხდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა, რის გამოც ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღისათვის შპს „მგსს“ საქართველოს/OSMP-ს დავალიანება ჯეოსელის წინაშე შეადგენს 2 მილიონამდე ლარს. „მგსს“ საქართველო/OSMP არის მხოლოდ თანხის შემგროვებელი კომპანია და მას ჰქონდა ვალდებულება, შეგროვებული თანხა, რომელიც იყო ჯეოსელის კუთვნილება, დაებრუნებინა ჩვენი კომპანიისათვის. აღსანიშნავია ასევე ის გარემოება, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად შპს „მგსს“ საქართველოს/OSMP-ს მიერ წარმოდგენილ საბანკო გარანტიას გაუვიდა ვადა და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ მოხდა განახლებული საბანკო გარანტიის წარმოდგენა, – ნათქვამია „ჯეოსელის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მობილური კავშირის კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ დავალიანება ყოველდღიურად იზრდებოდა და გაჩნდა ეჭვის რეალური საფუძველი, რომ OSMP მიდიოდა გაკოტრებისაკენ, რაც აბონენტებისთვის სარისკო იქნებოდა. ჯეოსელი აცხადებს, რომ შპს „მგსს“ საქართველოსთან/OSMP-ს ურთიერთობა შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიერ სრულად იქნება შესრულებული ყველა ვალდებულება და გაფორმდება ახალი ხელშეკრულება. „იმ შემთხვევაში, თუ შპს „მგსს“ საქართველო/OSMP დაუყონებლივ არ შეასრულებს ჯეოსელის კანონიერ მოთხოვნებს, იძულებულები ვიქნებით სასამართლოს მეშვეობით დავიცვათ ჩვენი უფლებები,“ – აცხადებენ ჯეოსელში.
http://navigator.ge/ArticleView.aspx?Id=2064https://www.facebook.com/Gadaixade.ge