http://bpi.ge/index.php?option=com_content...7-06-59&lang=kaთბილისი (BPI) - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელად გიორგი სიგუა დაინიშნა. ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი დღეს ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ქუმსიშვილმა წარადგინა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, გიორგი სიგუა რამდენიმეთვიანი აქტიური ძებნის შედეგად შეარჩიეს.
"მას აქვს ტურიზმის ინდუსტრიაში მუშაობის კარგი გამოცდილება, ფლობს ხუთ ენას და მინდა, წარმატება ვუსურვო", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
გიორგი სიგუამ უახლოესი პერიოდის გეგმებსა და სტრატეგიაზე ისაუბრა და პირობა დადო, რომ ტურიზმის ადმინისტრაცია მომავალშიც აპოლიტიკურ სტრუქტურად დარჩება.
"გეგმები ძალიან დიდი გვაქვს. უნდა მოხდეს იმ სტრატეგიის განსაზღვრა, რა ადგილი უნდა ეკავოს ტურიზმს საქართველოს ეკონომიკაში. დღეს ტურიზმი მშპ-ს 6.37%-ს შეადგენს. ეს კარგი მონაცემია, თუმცა საქართველოს აქვს უფრო დიდი პოტენციალი, განსავითარებელია შიდა ინფრასტრუქტურა, ასამაღლებელია სერვისის დონე, შესაქმნელია მეტი ტურისტული ადგილი, სადაც ადამიანები ღამეს გაათევენ. ასევე გაგრძელდება გარე ბაზრებზე მუშაობა და საქართველოს გაცნობა მსოფლიოსთვის", - აღნიშნა სიგუამ.
ამასთან, გიორგი სიგუა 2012 წლის განმავლობაში იყო კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელი აშშ-ში, რა პერიოდშიც ორგანიზებას უწევდა სხვადასხვა სახის ღონისძიებებს. მათ შორის, გიორგი სიგუამ გააპროტესტა მიხეილ სააკაშვილის სტუმრობა გაერო-ში, რაც, როგორც თავად აღნიშნა, ეამაყება. ასევე, 2003-2004 წლებში იგი "ლეიბორისტული პარტიის" წევრიც იყო.
"მე ვიყავი აშშ-ში "ქართული ოცნების" ოფიციალური წარმომადგენელი და ერთი წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი იმ აქტივობებს, რომელსაც კოალიცია აშშ-ში ახორციელებდა. ჩვენ საპროტესტო აქციებსაც ვაწყობდით არა მარტო გაერო-სთან, არამედ ბევრ სხვა ქალაქში და სხვა შენობასთან - ნიუ-იორკშიც, ვაშინგტონშიც, ნიუ-ჯერსიში. ამაზე მხოლოდ სიამაყით ვისაუბრებ. რაც შეეხება "ლეიბორისტულ პარტიას", 2003-2004 წლებში ვიყავი ფრაქცია "ლეიბორისტის" თავმჯდომარის თანაშემწე", - განუცხადა სიგუამ "ინტერპრესნიუსს" აღნიშნულ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.
ამასთან, პრესკონფერენციის დასაწყისში ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვეს.