#32889251 · 7 Sep 2012, 11:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სოფლის განვითარების მიმართულებით ინოვაციური პროექტების ინიცირების მიზნით აცხადებს საგრანტო კონკურსს საპროექტო იდეების მომზადებაზე
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირს, საქართველოს რეზიდენტ და არარეზიდენტ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, მის წარმომადგენლობას, ფილიალს, განყოფილებას.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (სსგს) მიერ შემუშავდა სოფლად მულტიფუნქციური სერვის-ცენტრების კონცეფცია - საზოგადოებრივი ცენტრი. აღნიშნული ცენტრები აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით და ადგილობრივ მოსახლეობას მრავალი ტიპის მომსახურებას მიაწვდის. მათ შორის იქნება, საჯარო სექტორისა და კერძო სექტორის სერვისები, თვითმმართველობის კომპეტენციაში არსებული სერვისები, საკონსულტაციო ტიპის მომსახურება და სხვა.
საზოგადოებრივი ცენტრების საშუალებით სოფლებში იქმნება ახალი რეალობა და ინოვაციური პროექტების განხორციელების შესაძლებლობები. იქიდან გამომდინარე, რომ სოფლის მეურნეობა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ცენტრების ეფექტურად გამოყენება ამ სფეროში სიახლეების დანერგვისა და პროექტების წასახალისებლად. შესაბამისად, ამ საგრანტო კონკურსის მიზანია იდეების გამოვლენა, რომელიც შეეხება საზოგადოებრივი ცენტრების გამოყენებას სოფლის განსავითარებლად.
აღნიშნული საგრანტო პროგრამა გულისხმობს გამარჯვებული იდეების ავტორებზე გრანტების გაცემას იდეების საპროექტო წინადადებად მომზადების მიზნით. პროგრამა ამ გზით უზრუნველყოფს როგორც ინოვაციური პროექტების ინიცირებას მათი სამომავლო რეალიზაციის შესაძლებლობით, ასევე მოქალაქეებისა და ორგანიზაციების უფრო მეტ ჩართულობას სოფლების განვითარების პროცესში და მათთვის სტიმულის მიცემას, რათა სამომავლოდ დამოუკიდებლად მოახდინონ ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტების მომზადება და განხორციელება.
შედეგად, საქართველოს სოფლებისთვის მომზადდება პროექტები, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს სოფლად მაცხოვრებელი ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. გამარჯვებული საპროექტო იდეების რეალიზაცია შესაძლოა დაფინანსდეს კერძო ან საჯარო სექტორის მიერ.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიზანია მოქალაქეებისა და ორგანიზაციების მეტი ჩართულობის უზრუნველყოფა განვითარების პროცესებში. შესაბამისად, საგრანტო პროგრამა თანაბარ პირობებში აყენებს მონაწილეობის ყველა მსურველს.
საგრანტო პროგრამის განხორციელების ვადა არის 2012 წლის 16 ოქტომბრიდან 2012 წლის 30 ნოემბრამდე.
სულ შესაძლებელია ხუთი საგრანტო წინადადების დაფინანსება. პროგრამის ბიუჯეტია 20 000 ლარი, თითოეული გრანტის მოთხოვნილი ბიუჯეტის მაქსიმალური ოდენობა კი - 5 000 ლარი.
კონკურსის საკვალიფიკაციო მოთხოვნები: განმცხადებელი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი, საქართველოს რეზიდენტი და არარეზიდენტი არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირი, მისი წარმომადგენლობა, ფილიალი, განყოფილება; განმცხადებელს არ უნდა ჰქონდეს საგადასახადო დავალიანება (დამატებით შეიძლება მოთხოვნილი იქნას შესაბამისი ცნობის წარმოდგენა); განმცხადებლის მიმართ არ უნდა მიმდინარეობდეს გაკოტრების საქმისწარმოება, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია (წარმოადგინეთ შესაბამისი ცნობა); განმცხადებელს შეუძლია არაუმეტეს ერთი განაცხადის წარმოდგენა; საგრანტო წინადადების ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 5 000 ლარს; საგრანტო წინადადება უნდა შესრულდეს ქართულ ენაზე ბეჭდური ფორმით, ფონტი - sylfaen, ფონტის ზომა -12, საზღვრები (margins) - უცვლელი.
მოწოდებული იდეა შეფასდება მისი ინოვაციურობის, განვრცობადობისა და სოფლის განვითარების, და წახალისებისა მიხედვით.
განმცხადებელმა კონკურსის ფარგლებში წინადადების სახით უნდა გამოაგზავნოს: (1) სრულად შევსებული და ხელმოწერილი საგრანტო განაცხადი (ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე www.cra.gov.ge) და (2ა) რეზიუმესგან/რეზიუმეებისგან (ფიზიკური პირის (პირების) შემთხვევაში) ან (2ბ) ორგანიზაციისა და მისი საქმიანობის მიმოხილვისგან (ორგანიზაციის შემთხვევაში), რომლებიც საკვალიფიკაციო მოთხოვნებით და სააპლიკაციო ფორმით არის განსაზღვრული.
საგრანტო განაცხადი და სხვა მოთხოვნილი დოკუმენტები გამოგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: grants@cra.gov.ge ;
გამოგზავნისას საგნის ველში (subject) მითითებული უნდა იყოს: „სოფლის მეურნეობის სფეროში ინოვაციური პროექტების საგრანტო პროგრამა“
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ აღნიშნულ ელ.ფოსტაზე ან ცხელ ხაზზე: (+995 32) 235 79 24
მიღებული საგრანტო წინადადებები განიხილება ორ ეტაპად; პირველ ეტაპზე, წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე გამოვლინდება ათი საუკეთესო კანდიდატი/იდეა, რომელთაგანაც პრეზენტაციის საფუძველზე საბოლოოდ შეირჩევა ხუთი გამარჯვებული.
მნიშვნელოვანი ვადები:
1. საგრანტო კონკურსის შესახებ განაცხადის გამოქვეყნება - 2012 წლის 24 აგვისტო
2. კითხვების წარდგენის ბოლო ვადა - 2012 წლის 7 სექტემბერი, 18:00 სთ
3. ღია კარის დღე კითხვებზე პასუხების გასაცემად - 2012 წლის 14 სექტემბერი (დრო და მდებარეობა გამოქვეყნდება სააგენტოს ვებ-გვერდზე www.cra.gov.ge)
4. საგრანტო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა - 2012 წლის 25 სექტემბერი 18:00 საათი
5. საგრანტო განაცხადის შეფასება და შეფასების შედეგად გამოვლენილი 10 იდეის გამოცხადება - 2012 წლის 5 ოქტომბერი
6. გამარჯვებული განაცხადების გამოვლენა და გადაწყვეტილების გამოქვეყნება - 2012 წლის 15 ოქტომბერი
7. საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება და საგრანტო თანხის გაცემა- 2012 წლის 30 ნოემბრამდე[B]
|