თათია+=
Newbie


ჯგუფი: Registered
წერილები: 3
წევრი No.: 234126
რეგისტრ.: 26-July 17
|
#51032075 · 26 Jul 2017, 11:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"თურქ-მესხთა" საკითხის გარკვევისათვის 26.03.2013 18:22 ელგუჯა ჩიტაიშვილი ისტორიის დოქტორი
სამცხის რეგიონი უძველესი დროიდან საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო, სადაც ცივილიზაცია ძვ.წ. III-ათასწლეულიდან ვითარდებოდა. სამცხის დემოგრაფიული მდგომარეობა საუკუნეების მანძილზე იცვლებოდა იმის მიხედვით, თუ როგორ წინააღმდეგობას უწევდა საქართველო აქ შემოსეულ მტერს. მიუხედავად მტრების მრავალგზის შემოსევისა, მოსახლეობის ძირითადი ელემენტი ისევ ქართული იყო. ეს გამოწვეული იყო იმ მიზეზით, რომ ხშირად მტრის შემოსევებისაგან დაცლილი სამცხის სამთავრო ივსებოდა დანარჩენი საქართველოს მოსახლეობის გადმოსახლების ხარჯზე. ეს მოახალშენეები გადარჩენილ ადგილობრივ მცხოვრებთა და მათ ადგილობრივ კულტურას სწრაფად ითვისებდნენ და თვითონაც ასიმილაციას განიცდიდნენ.
სამცხის სამთავროს მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა აგრესიული თურქ-ოსმალების გამეზობლების შემდეგ. მათ ხარბი დამპყრობლური თვალი დაადგეს სამცხის სამთავროს. ვითარება განსაკუთრებით გართულდა მას შემდეგ, როდესაც ერთიანი ქართული სახელმწიფო დაიშალა ცალკეულ სამეფო-სამთავროებად 1466 წელს. თითოეული რეგიონი თავისი ინტერესებიდან გამომდინარე დამოუკიდებელ საგარეო-პოლიტიკურ კურსს ატარებდა, რომელიც ხშირად არ ემთხვეოდა მეზობლის ინტერესებს და აზარალებდა მას.
სამცხის მთავრებისა და სხვა ქართველი დიდებულების ბეცი პოლიტიკის შედეგად დანაწევრებული საქართველო, აგრესიული მეზობელი სახელმწიფოების ირანისა და თურქეთის სათარეშო არენად გადაიქცა. განსაკუთრებით სამცხის სამთავრო დაზარალდა. 1555 წელს დადებული ამასიის ზავით, ირანმა და თურქეთმა საქართველო შუაზე გაიყვეს, მათ შორის სამცხის სამთავროც. ჯერ კიდევ 15-ს-ის ბოლოს სამცხის საათაბაგოს ტერიტორია შეადგენდა 34,230 კვ. კმ, საკმაოდ მომრავლებული მოსახლეობითა და განვითარებული ფეოდალური მეურნეობით. 1578 წელს მუსტაფა ლალა-ფაშამ სასტიკად დაამარცხა ირანის ჯარები და მთელ სამცხეს დაეპატრონა. გამარჯვებული თურქეთი მოხარკეობას აღარ სჯერდება და ცდილობს ეს სამთავრო თავის სამოხელეო აპარატად აქციოს. ამას მოჰყვა დაუმორჩილებელი მანუჩარ ათაბაგის აჯანყება. მაგრამ 1587 წელს თურქებმა მოახერხეს აჯანყების ჩაქრობა და როდესაც 1590 წელს ირანსა და თურქეთს შორის გაფორმდა საზავო ხელშეკრულება, თურქეთმა მთლიანად მიისაკუთრა სამცხის სამთავრო.
ამის შემდეგ ოსმალები სამცხის სამთავროში უფრო ენერგიულად შეუდგნენ ოსმალური მიწათმფლობელობისა და მიწათსარგებლობის წესების შემოღებას, რადგან ეს ერთ-ერთი უმთავრესი გზა იყო დაპყრობილი ქვეყნის ოსმალური პოლიტიკური ორგანიზაციის ყაიდაზე გარდასაქმნელად. ამ მიზნით ოსმალებმა 1595 წელს დაწვრილებით აღწერეს სამცხის სამთავრო, საიდანაც ვგებულობთ, რომ აქ ყოფილა 1160 მოქმედი სოფელი (ს. ჯიქია – გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი. წ.3. თბ. 1958 წ.). საყოველთაო აღწერის შემდეგ მიწა გამოცხადდა სახელმწიფო საკუთრებად და მის უზენაეს მფლობელად სულთანი. მალე აქ დააწესეს ოსმალური საგადასახადო სისტემა, რომელიც იმდენად უჩვეულო და აუტანელი იყო, რომ მწარმოებელი მოსახლეობა მასობრივად სტოვებდა წინაპართა მიწებს და სხვა ადგილებს აფარებდა თავს გადარჩენის მიზნით.
ოსმალეთის მთავრობა ხელს უწყობდა სამცხის სამთავროს ტერიტორიაზე თურქული მოსახლეობის ჩასახლებას. ამ ფაქტს ამყარებს ოსმალეთის კანონიც, რომელიც აღნიშნულია “გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში”. აქ ვკითხულობთ: “თუ სხვა რეაიადან (საგლეხო დასახლება) მოვიდა ვინმე, რომელიმე სოფელში დასახლდება და იცხოვრებს იქ 3 წელიწადს ისე, რომ ვინმეზე არ იქნება მიწერილი, ის თიმარის (მიწის ნაკვეთი ერთგული სამსახურის პირობით) რეაია გახდება როგორც სხვები. არავის ემინთაგან (ემინი – აღწერის მწარმოებელი მოხელე) და არც სხვას ვისმე ხელი არ აქვს ამ საქმეში და მას ნუ მოსთხოვენ გამოსახლებას იმ მიზეზით, რომ ის მოსულიაო. აქ საზღვარია და ხალხის ჩასახლებაა საჭირო” (გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარი. წ. II. თბ. 1941 წ. გვ. 5-6). ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ ოსმალური კანონების მიხედვით, თუ რეაია (გლეხი) მიატოვებდა მიწის ნაკვეთს, მიწისმფლობელს უფლება ჰქონდა იგი მოენახა და უკან დაებრუნებინა 10 წლის განმავლობაში. გურჯისტანის დავთრის კანუნ-ნამეს მიხედვით კი გაქცეული რეაია (გლეხი) თავისუფლდებოდა 3 წლის შემდეგ. კიდევ მეტიც, გარედან მოსული გლეხი თავისუფლდებოდა გამოსაღების გადახდისაგან. სამცხე-საათაბაგოს ტერიტორიაზე ამ კანონის მოქმედება ხელს უწყობდა ადგილობრივი მოსახლეობის აყრა-გადასახლებას მკვიდრი სამოსახლოდან და მათ ადგილს იკავებს როგორც ოსმალი, ისე იურუქისა და იუზდეჯის ქურთი უცხო ეთნიკური მომთაბარე ელემენტები. “ვინაიდან იურუქისა და იუზდეჯის (ტომებს) არ გააჩნიათ განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი” (გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი – წ.II, თბ. 1941 წ. გვ. 3). თავისი მდგომარეობის გამყარების მიზნით სულთნის მთავრობამ სამცხე-საათაბაგოში ოსმალი და ქურთი მრავალრიცხოვანი ტომების გარდა ჩაასახლა აგრეთვე მრავალრიცხოვანი ოსმალი მოსახლეები. მათ ეძლეოდათ ის მიწები, რომელთა მფლობელი ქართველი ფეოდალები ქართველობას არ თმობდნენ და ოსმალთა წინააღმდეგ შეუპოვრად იბრძოდნენ. ამ წინააღმდეგობის ნიადაგზე ასობით სოფელი (აღწერილი სოფლების გარდა, 364-ზე მეტი) სხვა მხარეებში გადასახლებულა (თ. ჩიქოვანი – მესხეთი. თბ. 1979 წ. გვ. 55).
ოსმალეთის მთავრობა მოქნილ და ფრთხილ პოლიტიკას ანხორციელებდა ქართველ ფეოდალებთან დამოკიდებულებში. გამაჰმადიანებულ ქართველებს ის პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებდა. ამ პოლიტიკას უნდა დაექსაქსა ადგილობრივი ფეოდალური ძალები, ათაბაგისათვის უნდა ჩამოეშორებინა ქრისტიანობის დამცველი წარჩინებულები და ისინი ოსმალეთის მხარეზე გადაეყვანა. ოსმალეთში კარგად ჰქონდათ შეგნებული, რომ სამცხე-საათაბაგოში მეტ-წილად ათაბაგის მოწინააღმდეგე ქართველი ფეოდალების ღალატით იყო განპირობებული ოსმალთა შესანიშნავი წარმატება. ოსმალები ასეთ ფეოდალებს თავიანთ მამულებს უტოვებდნენ საკუთრებაში. მაგ.: “ვენახი აზნაურისა, იჯარის წესით ძველი დავთრის თანახმად იძლევა 20 აჩხას” (გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი – წ. II. თბ. 1941 წ. გვ. 338) და სხვ. (აჩხა ფულის ერთეულია ფეოდალურ ოსმალეთში). აქ, დავთრიდან არ ჩანს რატომ შეუნარჩუნეს ქრისტიან ფეოდალებს მამულები, მაგრამ ცხადია, რომ ეს მათ დაუტოვეს იმ სამსახურისათვის, როცა ისინი ეხმარებოდნენ ოსმალებს თავიანთი ქვეყნის დაპყრობაში. გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში, მოხსენიებულნი არიან აგრეთვე ის ზიმმები ე.ი. არამუსლიმები (ქრისტიანი ფეოდალები), რომლებიც ქრისტიანობით ფლობდნენ მამულებს. მაგ.: “მამული ერთი და ერთი ნაკვეთი წისქვილი სოფელ ფანაკში მდებარე ნურაზიზის ძის გულიაზიზ ზიმმის (ქრისტიანი ფეოდალი) მფლობელობაში მყოფი ძველი დავთრის თანახმად ჩაწერილის, რომ სამეფო ლაშქრობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გამოდის სამხედრო სამსახურში” (გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი – წ. II. თბ. 1941 წ. გვ. 335) და სხვ. მოტანილი წყაროდან ნათლად ჩანს, რომ ქრისტიან ფეოდალებს მამულები შეუნარჩუნეს აგრეთვე სულთნის სასარგებლოდ სამხედრო სამსახურის პირობით. რაც შეეხება სამცხის სამთავროს ქართლისა და იმერეთის სამეფოებთან მონაპირე ზოლთან არსებულ ფეოდალთა მამულებს, ისინი პოლიტიკური მოსაზრების გამო ქრისტიან ფეოდალებს დაუტოვეს. მაგრამ ოსმალები საქართველოში დასაწყის ეტაპზე იძულებულები არიან გარკვეულ დათმობაზე წავიდნენ და ქართველ ფეოდალებს სარწმუნოების გამოუცვლელად მამულები შეუნარჩუნეს. მაგრამ ეს დროებითი საშუალება იყო. გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში მრავლადაა დამოწმებული ისეთი ზიმმიები, რომელთაც მამულები ჩამოართვეს. მაგ.: “ვენახი ზიმმისა სახელად ქრისტესასი 1 ნაკვეთი, აწ მევლანა მუსტაფა მუეზიზინის მფლობელობაში (მყოფი), სასამართლოს განაჩენის თანახმად იჯარის წესით გაიღებს 20 აჩხას” (გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი – წ. II. თბ. 1941 წ. გვ. 189) და სხვ. ზიმმიებს მამულები ჩამორთმეული აქვთ და მათ მაჰმადიანები ფლობენ. ეს კი მხოლოდ სამცხის საათაბაგოში ოსმალეთის შემოსვლის შემდეგ მოხდა. თურქების მიერ სამცხის-სამთავროში “ოსმალობის” შეუქცევად შემოღებას ადასტურებს ისქანდერ მუნშიც (მ. სვანიძე – საქართველო ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან მე-16, მე-17 სს-ბში. თბ. 1971 წ. გვ. 293-294). მოგვიანებით, მიუხედავად ქართველთა მედგარი წინააღმდეგობისა, ფეოდალური დასაქსულობისა და ოსმალთა მრავალრიცხოვანი ჯარების ხშირი შემოსევების შედეგად სამცხის სამთავრო ისე გაპარტახდა, რომ დაცარიელებული სოფლების რაოდენობამ უკვე 707-ერთეული შეადგინა, რაც დავთარში მოხსენიებული სოფლების 61% წარმოადგენდა (მ. რეხვიაშვილი – სამცხის სამთავრო. თბ. 1992 წ. გვ. 91).
|