ეს ყველა სტუდენტს ეხება, განურჩევლად უნივერსიტეტისა და ფაკულტეტისა, ამიტომ თემის გახსნა გადავწყვიტე.
სტუდენტური აქციები უნდა გაგრძელდეს. ყველას კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ, რომ ორი მარიონეტის გადაყენება ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება ხელისუფლების საკმარისი და ჯეროვანი პასუხი მათ მიერ ჩადენილ არაადამიანურ საქციელზე. ყველამ უნდა დაინახოს, რომ სტუდენტური ძალა არის მუდმივი და არა სპონტანური ამოხეთქვა, რომელიც 1-2 დღეში მარტის თოვლივით დნება.
ის, რაც თითოეულმა სტუდენტმა უნდა იცოდეს: თავისუფალი სტუდენტების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ რამდენიმე მიზეზის გამო უფრო უპრიანი იქნებოდა აქციების არჩევნებამდე შეწყვეტა. მათი არგუმენტები შემდეგია:
1) ''პატრიარქმა მოგვიწოდა აქციების შეწყვეტისკენ''
უნდა იცოდეთ, რომ ეს არის თვითების მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია. პატრიარქის განცხადებას შეგიძლიათ ნებისმიერ საინფორმაციო საიტზე გაეცნოთ და თავადვე დარწმუნდებით, რომ პატრიარქს არ მოუწოდებია არათუ არჩევნებამდე, არამედ საერთოდ აქციების შეწყვეტისკენ. ერთადერთი, რაც მან სტუდენტებს ურჩია, იყო სიმშვიდე, რაც არანაირად არ გამორიცხავს პერმანენტულ აქციებს. მთავარია მან ძალადობრივი ფორმა არ მიიღოს
2) ''პროვოკაციას უნდა ვერიდოთ''
რა თქმა უნდა, პროვოკაციას უნდა ვერიდოთ. ხელისუფლების ერთადერთი გამოსავალი მოცემულ სიტუაციაში ჩვენი პროვოკაციაზე წამოგებაა, რის შემდეგაც არჩევნების გადადების საბაბი ექნებათ. მაგრამ პროტესტის უკვე მეოთხე დღე გაილია და ჯერ არ მომხდარა უმცირესი ინციდენტიც კი, მცირე კინკლაობის გარდა. ამ აქციებზე გამოჩნდა სტუდენტთა ერთიანი სული, რომლის შენარჩუნებაც აუცილებელია. ჩემდა გასაკვირად, სტუდენტებს აღმოაჩნდათ საკმაოდ მაღალი თვითშეგნება, რაც საკმარისია იმისათვის, რომ ნებისმიერი პროვოკაცია გამოირიცხოს.
3) ''მაინც ვერაფერს შევცვლით''
ყველაზე პესიმისტური და ჩემთვის მიუღებელი მიზეზი. ორ დღეში ჩვენმა ერთიანობამ გამოიწვია ორი მინისტრის გადადგომა. ჩვენ ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ, უნდა მივაღწიოთ ყველა პირის დასჯას, ვინც მონაწილეობდა პატიმართა წამებაში.
კიდევ ერთხელ დავდგეთ ერთად და დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი ორშაბათს, თსუ-ს პირველი კორპუსის წინ, პირველ საათზე!!
შემოგვიერთდით
http://www.facebook.com/events/156249977848300/