sevendayz
Newbie


ჯგუფი: Registered
წერილები: 1
წევრი No.: 154545
რეგისტრ.: 28-September 12
|
#33217740 · 28 Sep 2012, 14:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ...
ნოდარ ლადარია
განსხვავება ჩარეულობასა და ჩადენას შორის ისეთივეა, როგორიც განსხვავება ერბოკვერცხსა და ლორს შორის — ქათამი ჩარეულია, ღორი კი ჩამდენი. უცნობი ავტორი
ოდესღაც ასეთი იყო სრულიად საქართველო... რაღა ოდესღაც? — სულ ახლახან. მერე კი ისე შეიკუმშა და დაპატარავდა, რომ გლდანის საპყრობილის ტერიტორიაზე დაეტია და მივიწყების თუ გულგრილობის რიდე გადაიფარა. რამდენიმე დღის წინ ამგვარად დაპატარავებულ, მაგრამ უკიდურესად კონცენტრირებულ საკუთარ უახლოეს წარსულს პირისპირ შევეჩეხეთ და ვერ ვიცანით, გაგვიკვირდა, აღვშფოთდით. ზოგი გაბრაზდა კიდეც და საჯაროდ გამოაცხადა, უკიდურესად გაბრაზებული ვარო.
განა არ უნდა აღვშფოთებულიყავით? — როგორ არა! ოღონდ საქმე ასე მარტივადაც არ არის.
ერთი ნაცნობი მყავდა. მისი საყვარელი ფრაზა იყო: ”გილოცავთ, დღეს დაიბადა ქართველი საზოგადოება!”. რაც მახსოვს, პირველად 1989 წელს თქვა, მერე იმ დღეს, როცა ჯავშანმანქანაზე ამხედრებული კიტოვანი ტელევიზიის შენობასთან გამოჩნდა, მერე შევარდნაძეს რომ დაუჩოქეს ”იმელის” წინ. 2003 წელსაც თქვა, იგივე შევარდნაძე რომ გადადგა, და 2007 წლის ნოემბერშიც... ერთი სიტყვით, მისთვის ქართველი საზოგადოების დაბადება ისეთივე იყო, როგორიც იეჰოვას მოწმეებისთვის ქვეყნიერების დასასრულია: სულ ახალ და ახალ თარიღებს ასახელებდა, სულ უფრო წინ სწევდა, მომავლისკენ. დიდი ხანია, აღარ მინახავს ეს ჩემი ნაცნობი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ დღეებშიც იტყოდა იმავეს. ან კი როგორ არ უნდა ეთქვა: სრულიად ქართველობა, როგორც ერთი, აღშფოთებულია და ამ აღშფოთებასაც ცალსახად და დაუბრკოლებლად გამოხატავს, ახალშობილი ბავშვის ყვირილივით. დიდნი და მცირენი, აზნაურნი და უაზნონი, ჰომონი და ჰეტერონი, ლიბერალნი და ტაბულარნი, ძიძიგურნი და წიკლაურნი — ყველანი ერთხმად ჭექენ: ”არ აწამო!!!”. განა მართალს არ ჭექენ? — როგორ არა! ოღონდ საქმე ასე მარტივადაც არ არის.
თუ, მაგალითად, ორნი ვართ და თითოეულ ჩვენგანს, როგორც ნორმალურ ადამიანს, ფეხზე დგომა ურჩევნია თავდაყირა დაკიდებას, თავისუფლება — შებორკილობას, მეტყველება — იძულებით დუმილს, ალერსი — ტკივილსა და სიმაძღრე — შიმშილს, ეს სულაც არ არის საკმარისი პირობა იმედისათვის, რომ ერთმანეთს გავუგებთ, ერთობლივ ცხოვრებას შევძლებთ. საყოველთაოდ ცხად ჭეშმარიტებებს ერთი თვისება აქვს: მათი გამოყენების სფერო მოულოდნელად ვიწროა. ყველა შეკითხვას შეგვიძლია ვუპასუხოთ: ”იმიტომ, რომ ღვთის ნება იყო”. ბევრისთვის მართალიც იქნება, მაგრამ ასეთი პასუხი ვერავის დაუკმაყოფილებს ცნობისწადილს და მხოლოდ დიდ წმინდანებს თუ დაამშვიდებს...
ცხადი და ცალსახა დასკვნები ვერასოდეს ჩადგება საზოგადოების მშენებლობის საძირკველში. ცხადად და ცალსახად ახსნადი მოვლენების ერთნაირი აღქმა სულიერი ერთიანობის ილუზიას ქმნის. ამ ილუზიურ ერთიანობაში ყველას, ვინც ცდილობს რეალობას თვალი გაუსწოროს, ლამის ჰოლოკოსტის რევიზიონისტის სახელს აწებებენ — მე კი მოგნია, რომ იმ ქალების შედარებითი გულგრილობა, რომლებიც 1992 წელს ცამეტი წლისა იყვნენ და რომლებსაც მხედრიონის შემოსვლისთანავე სარდაფში მალავდნენ, არა მარტო გასაგები, არამედ ზნეობრივად გამართლებულიცაა და რისხვით მდუღარე საზოგადოებამაც უნდა მოინელოს ეს გულგრილობა, რადგან აღშფოთება არ განსაზღვრავს შენს სიმართლეს და არსებითი ის კი არ არის, რის გამო ხარ აღშფოთებული, არამედ ის, თუ რატომ ხარ აღშფოთებული: იმიტომ ბრაზობ, რომ კანონი ირღვევა და ადამიანის ღირსება ილახება, თუ იმიტომ, რომ ამ ყველაფერს ბადრაგი აკეთებს და არა ბადრაგს უკეთებენ? მეორე მხრივ, რა უდევს საფუძვლად ხელისუფლების ”დროულ და ადეკვატურ რეაგირებას” — გამოქვეყნებულის შინაარსი თუ გამოქვეყნების თარიღი? საბოლოოდ, ამ კონკრეტულ კითხვებზე პასუხი და არა ჯანსაღი რეფლექსები უზრუნველყოფს გაკვეთილის ათვისების სიღრმეს.
ჯანსაღი ზნეობრივი რეფლექსებისათვის სულერთია, რომ ცოცხით მხოლოდ მორალური დამცირება არის შესაძლებელი და არა ფიზიკური ტანჯვის მიყენება — ზნეობრივ ადამიანს სრული უფლება აქვს, თქვას, რომ ერთიც და მეორეც ერთნაირი ამაზრზენი საზიზღრობაა. მაგრამ მართლმსაჯულების თვალში ეს ორი რამ სულაც არ არის ერთნაირი. საბოლოო დასკვნა კი სწორედ მართლმსაჯულებამ უნდა გამოიტანოს და არა ”ზნეობამ” ან ”მორალმა” — ამასაც უნდა მივეჩვიოთ. ბოლოს და ბოლოს, ზნეობა და მორალი შეიძლება რაღაცნაირად ახასიათებდეს მთელ საზოგადოებას ან მის რომელიმე ნაწილს, მაგრამ მხოლოდ ცალკეულ პიროვნებებს ეკუთვნის, მაშინ როცა მართლმსაჯულება არასოდეს ეკუთვნის კონკრეტულად ვინმეს. ამ ბოლო დებულებას თვით დაუბადებელი ქართველი საზოგადოებაც გრძნობს ინსტინქტის დონეზე, თუმც კი მხოლოდ ნასროლ ქვასავით მწვავე და კადნიერი სიტყვებით გამოხატავს: ”ჯიბის სასამართლო!”. ინსტინქტური შეგნება, რომ მართლმსაჯულება, რომელიც ვიღაცას ეკუთვნის, მართლმსაჯულება აღარ არის, ერთობ ძვირფასია, შეიძლება ითქვას, რომ ასე ნანატრი თავისუფლების აუცილებელი პირობაა, მაგრამ ამას უნდა დაემატოს სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი შეგნებაც: თუ მართლმსაჯულება ეგრეთ წოდებული საზოგადოებრივი აზრის მძევალი ხდება, ის არა მარტო თავის არსს კარგავს, არამედ სოციალური სტრუქტურის გამაუქმებელ ძალად იქცევა.
ამიტომაც უნდა მივხვდეთ, რომ მწვავე შეკითხვებზე პასუხი არ არსებობს სისტემის მიღმა — საზოგადოება, რომელიც ხელმძღვანელობს პრინციპით ”და შენ გჯერა, რომ გამოიძიებენ?” ან ”ყველამ ყველაფერი ისედაც იცის”, უკვე სამართალს კი არ ამკვიდრებს, არამედ იქცევა ბრბოდ, რომელიც ჯიუტად ითხოვს ვიღაცების თავებს. შესაძლოა ეს თავები მართლაც დასაგორებელია, მაგრამ სიმართლე ზედმეტად ძვირფასი და ფაქიზი რამეა იმისათვის, მისი მოპოვება უბრალო დამთხვევას ვანდოთ. სიმართლე კანონში მოცემული წესით უნდა დადგინდეს და არა იმის საფუძველზე, რომ ასე ამბობენ უბანში ან ასე თვლის იაფ უკრაინულ რესტორანში ტკბილად მოჭუკჭუკე ყველა ჩემი დაქალი.
სრულფასოვანი საზოგადოება ვერ დაიბადება, სანამ ვერ შეიგნებს, რომ არსებობს ბევრი ვინმე, ვინც სადისტ ზედამხედველზე უფრო საშიშია: პოლიტიკოსად წოდებული მატრაბაზი, რომელიც წინასაარჩევნო რეკლამაში აცხადებს, საქართველოში თხუთმეტი ათასი უდანაშაულო პატიმარიაო; მსჯავრდებულის მშობელი და ნათესავი, რომელიც სირცხვილის ნაცვლად სიამაყეს განიცდის; პოპულარული ბლოგერი, რომელიც წერს, ბიჭებო, თუ გინდათ, გამქურდეთ, წამართვით საყვარელი აიფონი, ოღონდ იმ ჯოჯოხეთში ნუ მოხვდებითო... არსებობს თეორიული შანსი, რომ სადისტ ზედამხედველს ან თუნდაც დამნაშავე მოხელეს კანონი მიხედავს. დანარჩენებთან კი კანონს არაფერი ესაქმება, ისინი ”ზნეობისა” და ”მორალის” კომპეტენციაში რჩებიან და ვინ არ იცის, რომ ეს გზა ჩვენს კურთხეულ სამშობლოში მუდამ ვიწრო და კლდოვანია.
ვაღიაროთ, რომ აქ და დღეს არანაკლებ ვიწრო და კლდოვანია კანონის გზაც, მაგრამ გონების ოდნავი დაძაბვაც საკმარისია იმის მისახვედრად, რომ ზემოთ აღწერილი პრინციპებით მცხოვრები ადამიანები ვერასოდეს შეძლებენ მის გაფართოებასა და კეთილმოწყობას.
დასასრულს კი აღვნიშნავ, რომ ბოლო დღეებში ჩვენს საჯარო და ნახევრად საჯარო მეტყველებაში შეუმჩნევლად შემოიპარა ქურდული ბაზარი. სიტყვა ”გაპრავებამ” გამოყენების სიხშირითა და კონტექსტით ლამის საპარლამენტო ლექსიკის სტატუსი მიიღო. ამიტომაც მინდა ვუთხრა ყველას, ვისაც ეს გარემოება არ ეხამუშება: მე არავის არ ”ვაპრავებ”, უბრალოდ ვმსჯელობ და ვცდილობ მივხვდე, ვის გვერდით მომიწევს ცხოვრება უახლოეს მომავალში, როცა ავდრის ღრუბელი გადაივლის.
This post has been edited by sevendayz on 28 Sep 2012, 14:56
|