26 მაისი - კიდევ ერთი "გადადებული" რევოლუცია?!
26 მაისის აქციამ, ყველას, შინ თუ გარეთ, მკაფიოდ დაანახვა ქართველი საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში მყარად დამკვიდრებული სურვილი და მზადყოფნა - უსწრაფესად და ნებისმიერი გზით შეცვალოს არსებული ხელისუფლება
26 მაისს საპროტესტო აქციაზე "დინამოს" სტადიონსა და მის პერიმეტრზე, დაზუსტებული მონაცემებით, 100 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. დაძაბულობის ასეთი მაღალი მუხტი და მომიტინგეთა მიერ ხელისუფლების მყისიერად გადაყენების ასეთი რადიკალური მოთხოვნა 9 აპრილის აქციაზეც კი არ ყოფილა. ეს კი მიანიშნებს, რომ ხელისუფლების მხარდამჭერთა და ზოგიერთ სკეპტიკოსთა ადრე გამოთქმული მოსაზრება, საზოგადოებაში საპროტესტო მუხტი განელდებაო, არ გამართლდა.
26 მაისს, ისევე როგორც 2008 წლის 21 იანვარს, საზოგადოება ოპოზიციისგან ხელისუფლების დამხობას ითხოვდა და მოელოდა. თუმცა მოლოდინი არ გამართლდა და რევოლუცია არც ამჯერად შედგა. ხელისუფლების მიერ "რადიკალურად" მონათლული ოპოზიცია რადიკალურ ნაბიჯზე არც ამჯერად წავიდა.
"არ შემიძლია ქართველის მოკვლა მიხეილ სააკაშვილის გამო," - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ, რომელმაც მომიტინგეებს პატიოსნად უთხრა, რომ რევოლუციისთვის ის, როგორც ლიდერი, მათ არ გამოადგებოდა. სტადიონზე მომიტინგეთა სიმრავლემ და მათმა საპროტესტო განწყობამ, საფუძველი გამოაცალა მიტინგამდე ერთი დღით ადრე, 25 მაისს აშშ-ისა და ევროკავშირის ერთობლივ უპრეცედენტო განცხადებაში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ "სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით გამართულმა ერთთვიანმა საპროტესტო აქციებმა მამოძრავებელი ძალა დაკარგა." ეს დიპლომატიური, მაგრამ მკაცრი ტონის ერთობლივი განცხადება (საერთოდ, აშშ და ევროკავშირი იშვიათად აკეთებენ ერთობლივ განცხადებებს) მიანიშნებს, რომ დასავლეთში აშკარად გრძნობენ იმ საფრთხეს, რომელიც მათთვის მისაღებ სააკაშვილის ხელისუფლებას ემუქრება. ამიტომაც ცდილობენ მას მორიგი "მაშველი რგოლი" გადმოუგდონ, რა თქმა უნდა, "საქართველოზე ზრუნვის" საბაბით. დასავლეთში ასევე კარგად იციან, რა მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის, განსაკუთრებით კი იქ მყოფი გარკვეული ჯგუფებისთვის. ისინი ხომ თავიანთ სამოქმედო ტაქტიკას ლამის მთლიანად აშშ-ისა და ევროკავშირის მოთხოვნებზე აგებენ. განცხადებაში კატეგორიულად დაყენებულია მოთხოვნა, რომ აშშ და ევროკავშირი დაჟინებით მოუწოდებენ საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას "დაასრულონ ქუჩის დაპირისპირება და დაიწყონ მოლაპარაკებები ყოველგვარი წინა პირობის გარეშე საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებისთვის". აშშ და ევროკავშირი "მოუწოდებს ყველა ქართველს პატივი სცენ კანონის უზენაესობას, დაიცვან კონსტიტუცია, აირიდონ ძალადობა და პატივი სცენ მშვიდობიანი პროტესტის უფლებას." საყურადღებოა, რომ განცხადება, მართალია ირიბად, მაგრამ მაინც უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს, რომლებმაც "პირობა დადეს, რომ თბილისის ცენტრში საპროტესტო მარშით ხელს შეუშლიდნენ დამოუკიდებლობის დღის აღმნიშვნელი სამხედრო აღლუმის ჩატარებას." განცხადებაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილის რეჟიმის ავტოკრატიული ხასიათი თურმე ოპოზიციის მოსაზრება ყოფილა. ვისაც დიპლომატიური ენისა და ე.წ. "რეალპოლიტიკის" ნიუანსები ესმის, იოლად მიხვდება ამ განცხადების რეალურ დანიშნულებას. აშშ-ისა და ევროკავშირის ეს პოზიცია ჯერ კიდევ სამი თვით ადრე თბილისში ჩამოსულმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე მეთიუ ბრაიზამ გაახმოვანა, როდესაც თქვა: "ჩვენ მივესალმებით ენერგიულ საუბრებს დემოკრატიაზე, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნები კონსტიტუციით დადგენილ ვადებში - 2013 წელს უნდა ჩატარდეს." ეს მოსაზრება, ოღონდ სხვა ფორმით, ჩადებულია აშშ-ევროკავშირის განცხადებაში, როდესაც საუბარია "კანონის უზენაესობისა და კონსტიტუციის დაცვაზე."
შეიძლება ვინმეს პარადოქსულად მოეჩვენოს, მაგრამ არასაპარლამენტო ოპოზიციის საპროტესტო აქციებით არაპირდაპირ სარგებელს საპარლამენტო ოპოზიცია იღებს. მას ყოველთვის შეეძლება ხელისუფლება დააშანტაჟოს იმით, რომ შეუერთდება მიტინგებს, თუკი მმართველი პარტია საკონსტიტუციო და სხვა საკითხებში სერიოზულ დათმობაზე არ წავა. გარდა ამისა, აქციებით შეშინებულ ხელისუფლებას მეტი შეიძლება დაათმობინო, ვინაიდან, მისი ლეგიტიმაციის ხარისხი კიდევ უფრო შემცირდება თუკი მან საპარლამენტო ოპოზიციის სახით უკანასკნელი მოკავშირეც დაკარგა. 26 მაისს მიხეილ სააკაშვილის გამოსვლებში უკვე აღარ იგრძნობოდა ადრინდელი თავდაჯერებულობა და აგრესია. თუმცა მისი თვალსაზრისი კრიზისის მიზეზებზე არ შეცვლილა, რაც ოპტიმიზმის საფუძველს ნაკლებად იძლევა, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებები პროდუქტიული იქნება.
26 მაისის საპროტესტო აქციების შემდეგ კიდევ ერთხელ გამოჩნდა ქართული პოლიტიკის ყველა ტრადიციული პრობლემა და გამოიკვეთა რამდენიმე ახალი, რომლებიც, ალბათ, გავლენას იქონიებს უახლოესი მომავლის პოლიტიკურ პროცესებზე.
უცნობია, ვისი ინიციატივით მოხდა სტადიონიდან მომიტინგეთა წაყვანა სამების საკათედრო ტაძრისაკენ. გია გაჩეჩილაძემ ("უცნობი") აქციის მონაწილეების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ მივლენ სამების საკათედრო ტაძარში, უწმინდესს სთხოვენ, მიიღოს, შეიფაროს და მისცეს რჩევა, როგორ უნდა მოიქცნენ მომდევნო დღეებში. თუმცა მოგვიანებით პარლამენტის წინ აქციის დროს "საქართველოს გზის" ლიდერის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ოპოზიციას სხვა გეგმა ჰქონდა და ეს გეგმა შეაცვლევინეს. "თუ გგონიათ, რომ მეც თქვენსავით არ მომატყუეს, ძალიან ცდებით", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
სამების ტაძარში პარაკლისის დაწყებამდე პატრიარქმა ერს ქადაგებით მიმართა და მისმა მოსაზრებებმა შეიძლება როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების სამოქმედო გეგმა იმ კალაპოტში წარმართოს, როგორშიც წარიმართა 2008 წელს, როდესაც ასევე პატრიარქის ჩარევის შემდეგ ოპოზიციამ შიმშილობის აქცია შეწყვიტა და ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდა.
"ყველა ადამიანს აქვს თავისი აზრი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის აზრია ერთადერთი და ჭეშმარიტი და აუცილებლად უნდა განხორციელდეს. ადამიანმა უნდა მოუსმინოს სხვას და არა ერთს და უნდა გამოიტანოს უკეთესი აზრი მოსმენის საფუძველზე. განსხვავებულმა აზრებმა უნდა იარსებოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა აზრი უნდა განხორციელდეს. ჩვენ გვახასიათებს ამპარტავნება, ეს კი უმძიმესი ცოდვაა. სწორედ ამ ცოდვამ დაღუპა ანგელოზი, რომელიც დაეცა და გახდა ეშმაკი. ამპარტავნების გამო ადამიანი იყო განდევნილი სამოთხიდან", - ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ. მან ისაუბრა საზოგადოების ერთი ნაწილის მოთხოვნაზე - "გადადგეს პრეზიდენტი". "ჩვენი მოსახლეობის ნაწილი ითხოვს პრეზიდენტის გადადგომას. ეს ძალიან რთული საკითხია. საერთოდაც, მინდა ვთქვა, თითქოს ეს წესად გვექცა. ჩვენ გადავაყენეთ პირველი პრეზიდენტი, გადავაყენეთ მეორე პრეზიდენტი და თქვენ იცით, ამ გადაყენებამ რაც მოგვიტანა. მე ამას ვამბობ, როგორც ჩემს აზრს, რომ იქნებ უკეთესი იყოს, ერთმანეთს მოვუსმინოთ", - ბრძანა უწმინდესმა. მისი თქმით, როდესაც იგი მოსმენის კულტურაზე საუბრობს, ეს ეხება ყველას, ერსაც, ბერსაც, პრეზიდენტსაც და პატრიარქსაც. "ჩვენში არ უნდა იყოს პარტიის კუთვნილების მიხედვით ადამიანთა დაყოფა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ერთი ერი ვართ და გვჭირდება ერთსულოვნება."
როგორც ამბობენ, ამ განცხადებამდე პატრიარქთან მისული იყო და დახურულ კარს მიღმა მას ესაუბრა ქალაქის მერი გიგი უგულავა. ალბათ, ეს გახდა მიზეზი მიტინგზე "უცნობის" განცხადების, რომ პატრიარქი ტყვედ აიყვანეს, დააშინეს და არ გააკეთებინეს ის განცხადება, რისი გაკეთებაც უნდოდა. მისი თქმით, მოწოდება აქციის დაშლაზე ან გაგრძელებაზე პატრიარქს არ გაუკეთებია.
ნინო ბურჯანაძეს სამებაში განვითარებულ მოვლენებზე კითხვები შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილთან აქვს. როგორც პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, მან სამებაში დაინახა როგორც გიგი უგულავა, ისე ვანო მერაბიშვილი და ამის გამო ბევრი კითხვა აქვს მერაბიშვილთან, რა მოხდა იმ დღეს სამების საკათედრო ტაძარში?!
მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია თანხმდება რეგიონებში მუშაობის გააქტიურებაზე, როგორც ჩანს, 26 მაისის შემდეგ ოპოზიციურ ბანაკში მხოლოდ ვირტუალური ერთობა შენარჩუნდება და პარტიის ლიდერები თავიანთი გეგმის მიხედვით იმოქმედებენ. სწორედ ეს იქნება ერთგვარი "ლაკმუსის ქაღალდი" და ტესტი მათი რეალური გავლენისა და პოპულარობის გამოსავლენად. კონსტანტინე გამსახურდიამ 26 მაისსვე განაცხადა, რომ იგი ემიჯნება დანარჩენ ოპოზიციას, რომელმაც მისი სამოქმედო გეგმა არ მიიღო და პარტნიორ პოლიტიკურ ძალებთან ერთად საგანგებო რეჟიმში იწყებს მუშაობას. საკუთარი სამოქმედო გეგმის ამუშავებას აპირებს "ეროვნული ფორუმი", რომელიც მათი ლიდერების თქმით, რეგიონებში უფრო მეტად გამოჩნდება, ვიდრე თბილისში. თავიანთ გზას გაუყვებიან "ლეიბორისტები", რომელთა ლიდერს, შალვა ნათელაშვილს "დინამოს" სტადიონზე გამართულ "სახალხო აღლუმზე" სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მისცეს და როგორც რიგითი მონაწილე, გრძელ რიგში ჩააყენეს. "ლეიბორისტების" ერთ-ერთი ლიდერის, სოსო შატბერაშვილის განცხადებით, პატრიარქის განცხადება ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე მრევლმა ყოველგვარი კომენტარის გარეშე უნდა მიიღოს. მისივე თქმით, პოლიტიკოსი, რომელიც პოლიტიკური მოთხოვნებით შეკრებილ ხალხს დაძრავს საკათედრო ტაძრისკენ და არა პარლამენტისკენ და პრეზიდენტის რეზიდენციისკენ, ან უზარმაზარ შეცდომას უშვებს, ან გაიძვერა და გაქნილი პროვოკატორია. "იქ სალოცავად დადის ხალხი და არა პოლიტიკური მოთხოვნებისთვის."
ირაკლი ალასანიამ უკვე საჯაროდ განაცხადა, რომ საკუთარ პარტიას ქმნის. დარჩება თუ არა ის "ალიანსში" "რესპუბლიკელებთნ" და "ახალ მემარჯვენეებთან," ჯერ გაურკვეველია, ისევე როგორც მისი სამომავლო კავშირი რადიკალური ხაზის მომხრე ოპოზიციურ პარტიებთან. ალასანიას ტიპის პოლიტიკოსების ამომრჩეველი ოპოზიციის მიტინგებზე აშკარა უმცირესობაშია. თუმცა რა არგუმენტებიც უნდა მოიშველიოს ალასანიამ ხელისუფლებასთან დიალოგის სასარგებლოდ, მას და "ალიანსს" მოუწევთ საზოგადოებისთვის რამდენიმე საკითხის ახსნა. თუკი ისინი უპირატესობას მაინც დიალოგს ანიჭებდნენ, მაშინ როგორ და რატომ აღმოჩნდნენ მიტინგის ორგანიზატორ პარტიებს შორის? თუკი თვლიან, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკება ქუჩის აქციების ფონზე უნდა აწარმოონ, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ალასანია და "ალიანსი" სხვა ოპოზიციური პარტიების ხელით აპირებენ "ნარის გლეჯას?" თვითონ კი დასავლეთისთვის მისაღებ ძალად დარჩენას? დასასრულ, როდემდე აპირებენ "მგლის თავზე" სახარების კითხვას? ხელისუფლებამ ხომ მკაფიოდ განაცხადა, რომ მათი მთავარი მოთხოვნების (რეფერენდუმი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ვადამდე დანიშვნა) დაკმაყოფილებას არ აპირებს.
26 მაისის აქციამ ყველას, შინ თუ გარეთ, მკაფიოდ დაანახვა ქართველი საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში მყარად დამკვიდრებული სურვილი და მზაობა უსწრაფესად და ნებისმიერი გზით შეცვალოს არსებული ხელისუფლება. ოპოზიციის ლიდერებს მოუწევთ საზოგადოების ამ ნაწილის მოთხოვნის არა მხოლოდ გათვალისწინება თავიანთ სამიტინგო გამოსვლებში, არამედ რეალურად შესრულება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი იძულებულნი იქნებიან, ასპარეზი იმ ლიდერებს დაუთმონ, რომლებსაც ხალხის ამ მოთხოვნის რეალურად შესრულების რეალური რესურსი გააჩნიათ.
ზაზა შანიძე
”ყველა სიახლე”
http://www.ertoba.net/forum/forum_posts.as...D=98&PN=5&TPN=2http://www.ertoba.net/forum/forum_posts.asp?TID=157&PN=5 This post has been edited by helena222 on 25 Sep 2012, 15:50
საშინელებაა დღეს საქართველოში რაც ხდება, ორი უკანონო, უსამართლო და უღვთო ძალა ებრძვის ერთმანეთს
www.ertoba.net
"...რაა საჭირო, _ რა გზა უნდა გამოიძებნოს,
რომ საქართველომ თავისუფლად ამოისუნთქოს!"
/მუხრან მაჭავარიანი/