პოლიტიკა
არასამთავრობო ორგანიზაციები ცესკოს დადგენილების გასაჩივრებას აპირებენ
00:12 25-09-2012
არასამთავრობო ორგანიზაციები ცესკოს დადგენილების გასაჩივრებას აპირებენ. როგორც ცესკოსთან მიმდინარე აქციაზე კოალიცია "არჩევნის თავისუფლებისთვის" წევრმა მაგდა პოპიაშვილმა განაცხადა , ცესკომ უკანონო დადგენილება მიიღო, რის გამოც არასამთავრობო ორგანიზაციები მას აუცილებლად გაასაჩივრებენ.
მისივე თქმით, ცესკომ საზოგადოების მოთხოვნები აბსოლუტურად არ გაითვალისწინა. "აღნიშნული დადგენილება არის უკანონო, რადგან კანონში პირდაპირ წერია, რომ ჩვენ უფლება გვაქვს ფოტო/ვიდეო გადაღებისა. იმის გამო, რომ "ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ" მხარი დაუჭირა აღნიშნული დადგენილების მიღებას, მათ ხელისუფლებასთან ერთად მიიღეს გადაწყვეტილება არჩევნების გაყალბების შესახებ. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივიღებთ გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს, რადგან არც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და არც მედიის წარმომადგენლებს არ გვექნება საშუალება დავაფიქსიროთ საარჩევნო პროცესებში სამართალდარღვევები", - განაცხადა მაგდა პოპიაშვილმა.
ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან არასამთავრობო ორგანიზაციების აქცია დასრულებულია.