forumeli64
Super Crazy Member ++

       
ჯგუფი: Members
წერილები: 27788
წევრი No.: 119873
რეგისტრ.: 21-August 10
|
#33180197 · 26 Sep 2012, 09:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი დაკავებებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 სექ.'12 / 20:12 ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რიკარდო მილიორიმ საქართველოში 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ ოპოზიციის წარმომადგენლების და სამოქალაქო აქტივისტების დაკავებებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა.
„მაშინ როდესაც საქართველოში მნიშვნელოვან საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ კვირაზე ნაკლები რჩება, მე ძალიან შეშფოთებული ვარ მედიით და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების მიერ გავრცელებული ინფორმაციით ოპოზიციასთან დაკავშირებული აქტივისტების უამრავ დაკავებებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია 25 სექტემბერს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში. „ვსტუმრობდი რა ცოტა ხნის წინ თბილისს, მე კარგად მესმის ამ არჩევნების მნიშვნელობა და იმედი მაქვს, რომ კამპანიის დარჩენილ პერიოდში და მის შემდეგაც სიმშვიდე შენარჩუნდება. მოვუწოდებ ყველა მონაწილეს უზრუნველყოს, რომ ეს ასე მოხდეს“, – განაცხადა მან.
„დაპატიმრებები და ბრალდებები, რომლის შედეგადაც პოლიტიკური აქტივისტები არჩევნების პერიოდში თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, სერიოზულად უნდა იქნას აღქმული. არჩევნები დიდი დიალოგის შესაძლებლობაა და ეს პატივისცემით უნდა მოხდეს. მოვუწოდებ ხელისუფლებას შესაბამისი თავშეკავება გამოიჩინოს განსაკუთრებით ამ მგრძნობიარე დროს; ნებისმიერი ქმედება, რომელმაც შეიძლება უთანაბრობის შთაბეჭდილება შექმნას, სერიოზული შეშფოთების საგანი გახდება“, – ნათქვამია მილიორის განცხადებაში.
***********
უფლებადამცველი ორგანიზაციები ბოლოდროინდელი დაკავებების შესახებ სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 სექ.'12 / 16:29 თორმეტზე მეტი პოლიტიკურად აქტიური პირის დაკავების ფაქტი, მათ შორის ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტებისა, ძირითადად სავარაუდო ადმინისტრაციული დარღვევების გამო, და ასევე ის ხარვეზები, რომლებიც სულ ცოტა რამდენიმე ამ საქმესთან დაკავშირებით განხორციელებულ სამართლებრივ პროცედურებში გამოვლინდა, ეჭვებს აღძრავს იმასთან დაკავშირებით, რომ დაპატიმრებები პოლიტიკურად მოტივირებული იყო, განაცხადეს უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა.
ოპოზიციურმა კოალიციამ „ქართული ოცნება“ განაცხადა 24 სექტემბერს, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სამართალდამცავებმა ქვეყნის მასშტაბით „20–მდე წევრი და მხარდამჭერი“ დააკავეს. იმავდროულად, ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა 24 სექტემბერს, რომ მისი აქტივისტების და საარჩევნო შტაბის თანამშრომლების წინააღმდეგ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის დაახლოებით 16 შემთხვევას ჰქონდა ადგილი.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განაცხადა სამშაბათს, რომ 21 სექტემბრიდან 24 სექტემბრამდე პერიოდში ადმინისტრაციული წესით დაკავების 23 შემთხვევა დაფიქსირდა; ამ ადამიანების ნაწილი ან „ქართული ოცნების“ აქტივისტები, ან მასთან დაკავშირებული პირია, აცხადებს საია.
გარდა „ქართული ოცნების“ აქტივისტებისა, ექვსი ადამიანი, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი პატიმართა წამების წინააღმდეგ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებში, ასევე დააპატიმრეს ადმინისტრაციული დანაშაულის გამო, მათ შორის პოლიციის ბრძანებების დაუმორჩილებლობისთვის. მათ 10–დან 40 დღემდე პატიმრობა მიესაჯათ. 24 სექტემბერს სტუდენტური აქციების ერთ–ერთი ორგანიზატორი დააკავეს, რომელიც 25 სექტემბერს გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც მან 400 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.
საიამ ასევე განაცხადა, რომ ზოგ შემთხვევაში დაპატიმრების გარემოებები და მიზეზები, როგორიცაა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა და პოლიციელების სავარაუდო სიტყვიერი შეურაცხყოფა, ან მათი ბრძანებების შეუსრულებლობა, ისე ემთხვევა ერთმანეთს, რომ ეს ბადებს „ეჭვებს გავრცელებული ფაქტებისა და პოლიციის მიერ გამოყენებული ზომების პოლიტიკურ მოტივაციებთან დაკავშირებით“.
საიას წარმომადგენლები დაცვის უფლებას ახორციელებდნენ სამ შემთხვევაში – ერთი ეხებოდა მესტიაში „ქართული ოცნების“ აქტივისტის დაკავებას და დანარჩენი ორი კი – თბილისში საპროტესტო აქციის მონაწილეებს.
„არც ერთ ამ საქმეში სასამართლომ დაცვის მხარეს არ მისცა მოწინააღმდეგე მხარისთვის შეკითხვების დასმის უფლება, რამაც მნიშვნელოვნად შეზღუდვა დაცვის უფლების განხორციელება. ამ საქმეებში, მოწმის სახით პოლიციელის დაკითხვის გარდა, სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული არ იქნა დაცვის მხარის მიერ დაყენებული არცერთი შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის შესახებ. სასამართლომ ასევე უარი განაცხადა შემთხვევის ადგილას არსებული და სავარაუდოდ მნიშვნელოვანი მტკიცებულების შემცველი, ვიდეო ფირებისა და სხვა ტიპის ჩანაწერების ამოღებასა და განხილვაზე. ამგვარ ქმედებებთან ერთად, სასამართლოს მიერ გამოვლენილმა პასიურობამ პოლიციელების მხრიდან დაფიქსირებულ წინააღმდეგობებსა და შეუსაბამობებზე, კიდევ უფრო გაამძაფრა ეჭვები, ამ საქმეებში, ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების მოტივაციასა და ინტერესზე“, – განაცხადა საიამ.
„საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ“ განაცხადა 23 სექტემბერს, რომ ზოგიერთი ბოლოდროინდელი დაკავება „არ ეფუძნება მყარ და უტყუარ მტკიცებულებებს“.
კერძოდ, თავის განცხადებაში „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო“ თბილისში მიმდინარე აქციების დროს დაკავებული ექვსი პირის დაკავებაზე და ასევე მესტიაში და გორში „ქართული ოცნების“ ორი აქტივისტის დაკავებაზე საუბრობს.
„მოკლე დროის პერიოდში რამდენიმე ადამიანის საეჭვო დაკავება წარმოშობს ვარაუდის საფუძველს, რომ მიზანმიმართულად ხდება პოლიტიკურად აქტიური პირების მიმდინარე საარჩევნო პროცესებისგან ჩამოშორება“, – განაცხადა ორგანიზაციამ.
იმავდროულად, „ქართული ოცნება“ და ნაციონალური მოძრაობა თავიანთი აქტივისტების წინააღმდეგ განხორციელებაზე საუბრობენ და ერთმანეთს თავდასხმებში ადანაშაულებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ სულ ცოტა ორი აქტივისტი სცემა ხელკეტებით შეიარაღებულმა ათზე მეტმა პირმა გორში 24 სექტემბერს; აქტივისტები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ნაციონალურმა მოძრაობამ 24 სექტემბერს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც თავისი მხარდამჭერების სიტყვიერი მუქარისა და შეურაცხყოფის ხუთი ფაქტის შესახებ იტყობინება; მმართველი პარტია ასევე იუწყება მისი მხარდამჭერების ფიზიკური შეურაცხყოფის და სხეულის დაზიანების ხუთი შემთხვევის შესახებ სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ აქტივისტების მიერ.
ერთი შემთხვევის დროს, აცხადებს ნაციონალური მოძრაობა, მისი მხარდამჭერი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა დანით დაჭრა; შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 24 სექტემბერს, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილი დაკავებულია.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას", უარი თქვას ძალადობისა და სიძულვილის გაღვივებაზე და დაუყოვნებლივ აღკვეთოს საკუთარი პოლიტიკური ლიდერებისა და მხარდამჭერების უკანონო ქმედებები“, – ნათქვამია ნაციონალური მოძრაობის განცხადებაში.
„ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ მის აქტივისტებზე თავდასხმების სერია ხელისუფლების მიერ განხორციელებული „პოლიტიკური დევნის“ კამპანიის ნაწილია.
This post has been edited by forumeli64 on 26 Sep 2012, 09:46
--------------------
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!" "არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.
გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში! ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...
|