გუშინ გერმანიის რესპუბლიკა საყოველთაო აღშფოთებამ მოიცვა: ბუნდესთაგის, კერძოდ FDP-ს ერთ-ერთმა ბობოლა წევრმა, რომელიღაც აღმოსავლურ ქვეყანაში სტუმრობისას ძვირადღირებული ხალიჩა შეიძინა, ვაჭარს დააგორგვლინა და მხლებლებს გაატანა, ბერლინში რომ ჩავფრინდებით, გამოგართმევთო. თეგელის აეროპორტში კი ხალიჩის განბაჟება სულაც თავიდან გადავარდნია და რომ არა ერთ-ერთი ყურადღებიანი ჟურნალისტის შენიშვნა, არც ახსენდებოდა თურმე, რომ როცა ნოხის (და არა მხოლოდ) ფასი რამდენიმე ათასს აჭარბებს, ბეგარის გადაუხდელობა თავისთავად ნიშნავს ქვეყნის სრულ ნგრევასა და გაცამტვერებას. ცოტა ხანში ავი ენები ამბობდნენ, პოლონელმა ცოლმა ორ არასრულწლოვანთან წაასწრო ზიარ სარეცელზე და სპარსული ხალიჩით ამიტომაც განიზრახა მისი გულის მოგებაო. მაგრამ გერმანიის პარლამენტის წევრის პირადი ცხოვრება ჩვენ სულაც არ გვაინტერესებს და სათქმელიც რომ არ გაგვირძელდეს და მოკლედ ითქვას, მეც აღვშფოთდი. ნუთუ ესაა-მეთქი აღთქმული მიწა, სადაც მანანა ციდან უნდა ცვიოდეს და ყოველი მეორე ბუჩქი სამოთხის ცეცხლით იწვოდეს-მეთქი, ნუთუ ამისათვის შვრებოდა დიდი ბისმარკი და ნუთუ ამის გამო ვაცვით ჰიტლერი ჯვარს-მეთქი. და ვინაიდან და რადგანაც რიტორიკას არათუ გერმანიაში, არამედ საბერძნეთშიც კი აღარ წყალობენ, სახე ხელებში ჩავრგე და განწირული ოხვრა აღმომხდა. უძილო და ტანჯვით სავსე ღამე იყო და ალბათ, არც მეღირსებოდა ძილი, ინტერნეტში უგზოუკვლო ბოდიალისას ერთი საინტერესო კვლევა რომ არ აღმომეჩინა. შვედი პროფესორი იწერებოდა კონსტანციდან, ვიცი და მეცნიერულადაც შემიძლია დავამტკიცო, როგორ მოხდა, რომ ბრაზილიის ახალი პრეზიდენტი ქალია და გერმანიაში კი მერკელი შეურყევლად ზისო. ფრთხილად, ყოველი ეთიკური ნორმის დაცვითა და ემანსიპაციის გათვალისწინებით ჰქონდა სათქმელი გაშლილი: ამომრჩევლები მდედრობითი სქესის კანდიდატს მხოლოდ იმ შემთხვევაში ირჩევენ, თუ ის უკვე გარდაუვალი კლიმაქსისა და მენოპაუზის ტყვეაო. ეს გაუაზრებელი, ქვეცნობიერი საქციელია, მაგრამ არცერთ მოქალაქეს არ უნდა, რომ ქვეყნის ლიდერი ყოველთვიურად ხუთიოდე დღით ყველაფერზე გულაცრუებული და გაგულისებული სცემდეს ბოლთას თავის კაბინეტში და სასოწარკვეთილების პირას, როცა არანაირი ტკივილგამაყუჩებელი აღარ შველის მკერდის დაჭიმულობასა და მუცლის ჯოჯოხეთურ კუმშვას, საბედისწერო გადაწყვეტილებებს იღებდესო. მაგალითად ჟანა დარკი მოჰყავდა, საჭირო ასაკს უკვე რომ გადაცილებული ყოფილიყო, მისი ციკლი სულაც არ დაემთხვეოდა იმ დღეს, როცა ინგლისელებისათვის თურმე სულ სახეში უფურთხებია და ზუსტად ასე უთქვამს, ეგ თქვენი მეფე თუ წმინდა სისხლისაა, იმას რით ახსნით, რომ წითელ მოსასხამს ატარებსო. მეორე მაგალითი, რაღა თქმა უნდა, მარია-ანტუანეტას "დედათა წესის დღიურებიდამ" იყო: დაღვინებული, კლიმაქსიანი ქალი არამცდაარამც არ იტყოდა, კრუასანები აცხონ, თუ პური არ აქვთო. შვედი პროფესორის მოსაზრება უცნაურად გამეხირა თავში, ხინჯი ვერაფრით ამოვიგდე და ,ალბათ, ისევ ჩემი ჯერ კიდევ აღშფოთებული გუნების ბრალი იყო, რომ ასოციაციობანას თამაშ-თამაშში ისეთი საკაცობრიო მოვლენა, როგორიც მენსტრუაციაა, საქართველოს მთელ მოსახლეობას ჩემდაუნებურად დავუკავშირე. და მართლაც, აუცილებელია, რომ ქალი იყო ამისთვის? არა მგონია. და თუ კი, აბა როგორ ავხსნათ, რომ:
1. თბილისის სამების საკათედრო ტაძარი ერთადერთი შენობა როდია, რომელიც თბილისის ყოველი კუთხიდან მოჩანს. ამ მხრივ აუცილებლად უნდა აღინიშნოს სულ რამდენიმე თვის წინ დასრულებული, ან ვინ იცის, იქნებ დასრულებულად ჩამოფრენილი მფრინავი თეფში, რომელიც ერთ-ერთ შემაღლებულ ადგილზე დგას?
2. ჰუმანიტარულ დახმარებას გაჭირვებულ ქვეყნებს ვუგზავნით და ძია ვანოს ხაშურში ყურძენი მარანში უხმება. შესაბამისად, იპარავს სპილენძს, აბარებს ჯართში და მიდის გლდანში?
3. ვისაც არ ეზარება, ყველა რომ მწერალია და ბლოგური თამაშ-თამაშით პატარა ბარნოვებსა და ნიშნიანიძეებს ვზრდით?
4. ლეხ კაჩინსკის დასაფლავებაზე პოლონელზე მეტი ქართველი იყო მისული?
5. სოიოს მრავალფეროვანი გამოყენებით მალე ჩინეთს გადავასწრებთ?
6. "მინახავხარ" ისევ სწორ ფორმად ითვლება და ქართული გრამატიკა კვლავაც მხოლოდ აკაკი და მზექალა შანიძეებმა იციან ხუთიანზე?
7. ჯგუფ Outsider-ის წევრები ოცკაციანი კონცერტის მერე მორჩენილი კრეკერებითა და ლუდით იკვებებიან?
8. ქუთაისელი რეპერებისა და "ექსცესისაგან" აღარაფერი ისმის, ძვალი კი, რომელიც ერთი წლის წინ "აქ არაფერი არ შეცვლილა, ისეა ისევს" მღეროდა ახლა თბილისზე რეპავს და ლექს-სენი კი უზომოდ განაწყენებულია სრულიად დედამიწაზე? და ამ ამბავს აღარც "FUCK RUSSIA RUSSIA FUCK" და აღარც "პატრინოტი" და "კოკოითი, ფანდარასტ" შველის?
9. თბილისის ლიბერალურ წრეებში ლაპარაკია აღინიშნოს აწი ე.წ. Thanksgiving Day მთელი თავისი უკანლიდან გატენილი ინდაურებითა და დასვენების დღეებით?
10. გეიპარადზე ჰომოსექსუალთა გარდა ყოველი პერვერსიისა და რელიგიის ხალხი იყო მისული?
11. ჰელოუინზე, რომლის მთავარი ორგანიზატორიც რამდენიმე წლის წინ ბაგრატიონთა სახელოვანი ჩამომავალი იყო, ქვესკნელიდან სატანა ამოდის და ჭიაკოკონობაზე პატარა კოცონს კაცი არ მოუკლავს?
12. მამა გაბრიელის ზეთი რადიკულიტს კურნავს და ასპირინი პლაცებოა?
13. ალ-ქაიდას წონის რელიგიური ტერორისტები ს.ს.კ.პ.უ.უ.ი.მ.-სგან(სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე) ოქროს ჯვრებს იღებენ და ანაფორაზე კიდევ ერთ ჯიბეს იკერებენ?
14. კობა სუბელიანს "სალამურას თავგადასავალი" თავიდან ბოლომდე წაუკითხავს და აღფრთოვანებულა?
15. "ჩემი ნენეი" და "ამ ქალაქში ყველაფერი მოსულა" და "თოვლი და ტალახი" და გურამ საღარაძის ძარღვიანი ვიდეოები პატარა ტანსა და პატარა ხელებზე პოეზიის ობოლი მარგალიტებია?
16. სახელისა მამისათა და ძისათა და კონსტიტუციისა უკვე გასამართლებული და სამწელმისჯილი პატიმრები ციხიდან ეკლესიაში და ეკლესიიდან "სვაბოდაზე" გადადიან?
17. ვნებითი გვარი, რომელსაც ქართულ ენაში მწირი ნიში ჰქონდა, რუსთავი 2-ის მეცადინეობის შედეგად, უბრალო მუსაიფის ხერხემლად გადაიქცა?
18. სულაც დალაქი, ანდაც სტომატოლოგი რომ ჩამოვიდეს საქართველოში უცხოური გვარით, გულის სიღრმეში მაინც ძალიან გვიკვირს?
19. ხალხი იმდენად გაზარმაცდა, რომ რეალითი შოუებისა და ბრაზილიურ-არგენტინული სერიალების რეიტინგიც კი ეცემა?
20. ულაპარაკოდ აუცილებელია ერთი საყვარლად ძველი და ერთიც ბოლო თვის სმარტფოუნი?
21. განათლების მინისტრი შეიძლება უცებ გარემოს დაცვის სამინისტროს მოხელე გახდეს და ჯავახეთის სომხებს მათემატიკოსებმა ასწავლონ ქართული ენა?
22. მეგრელებს ყველა პრეზიდენტი მოსწონთ?
23. ფარაჯანოვი და ბალანჩინი აღვირახსნილი ჰომოსექსუალები იყვნენ? 24. ღირსების მედლის მისაღებად საკმარისია იახტაზე დგომა და მარაოს ქნევა?
25. ქართული "პლეიბოის" დახურვამდე გარეკანის მოდელთა უმეტესობას ცელულიტი აწუხებდა?
26. ერთი და იგივე ნაკრები ერთი და იმავე ხუმრობებით ბოლო რვა წელია გვაცინებს?
27. ქართველი, ოპტიმისტი, ახალგაზრდა, ენთუზიასტი მომღერლები ინგლისურად მღერიან და მათი ნამღერი არათუ ქართველებს, ინგლისელებსაც არ ესმით?
28. მიუხედავად რამდენიმე ათეული არქიტექტურული ფირმის და საყოველთაო სიღატაკისა ბინების ფასები არ ეცემა. მათ შორის არც ხრუშჩოვკების?
29. ქალებს და მღვდლებს ამერიკული ჯიპები ჰყავთ და კაცებს პატარა მერსედესები და ბე-ემ-ვეები. და მათ დიდ წილს ბენზინის ფულიც უჭირს ხშირად?
30. კოელიოს და მურაკამის პირადობის მოწმობებიც კი ითარგმნება და ჰანტერ სტოკტონ ტომფსონის ერთი სტატიაც კი არაა ნათარგმნი?
31. საუკეთესო და დაუღალავი მთარგმნელი დათო აკრიანია, რომელმაც "ცხოველების ფერმა" პირველად საქართველოში და პირველად მსოფლიოში სასვენი ნიშნების გარეშე თარგმნა?
32. ჰგონიათ, რომ მარკესი კარგა ხნის მკვდარია და სანამ მოკვდებოდა, ანდერძივით რაღაც ათი მცნება დატოვა?
33. ფილმებში Product Placement-ის პრობლემას იმით აგვარებენ, რომ მსხვილ პლანზე ლუდის უზარმაზარ ბილბორდს გვაჩვენებენ?
34. ლეჟავას კარალიოკსა და ხურმებს სარდაფში ალპობენ და ბურჭულაძე და გვახარია ჯგუფური პედოფილები არიან?
35. ლიტ-კაფეები მრავლდება და წყალ-წყალი ნაყინის ხუთლარიანი ბურთები თავბრუდამხვევი სისწრაფით იყიდება?
36. სტურუა რუსეთშია, მუხრანსკი- კოლუმბიაში და დოი- თბილისში?
37. ბოშებს დღემდე ციგნებს ეძახიან და ყოველ გავლა-გამოვლაზე დედას აგინებენ?
38. იოსელიანი და ბაბლუანები პარიზში არიან და "გოგონა სლაიდიდან" თბილისში ცხოვრობს?
39. მისაღები გამოცდების ქართული ენის კითხვაზე, რა განწყობითაა და წერილი გალაკტიონის "დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ", სწორი პასუხია სასოწარკვეთილება და არა იმედგაცრუება?
40. პრეზიდენტი კოკაინის ბაგეტებს აცხობს და ს.ს.კ.პ.უ.უ.ი.მ. პატარა ბაგრატიონს სამეფო ტახტისათვის ზრდის?
41. სიღნაღში ყოველი წვიმის შემდეგ მთელი ქალაქის თავიდან გადაღებვა უწევთ?
42. ჯონდი ბაღათურია ერთადერთი აქტიური და ადეკვატური პოლიტიკოსია?
43. პირველად საქართველო სასომხეთში ჩამოვიდა Deep Purple?
44. ასეთი სიები დღეში სამგზის დგება და ინტერნეტში ქვეყნდება?
45. ბიჭოლას კაცთა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების კოლექცია გამოვიდა და საზოგადოების აღშფოთება, მოწონება და ყბის ჩამოვარდნა დაიმსახურა?
46. ჩეკების გათამაშებაში შეიძლება ოცი ლარი მოიგო?
47. თვითმმართველობის არჩევნებიც კი ყალბდება?
48. ყოველი თვითგამოცხადებული ლიბერალის IQ-ის საერთო ჯამი ორციფრა რიცხვია?
49. დალი ფანჯიკიძის თარგმანები და გამომცემლობა "ნაკადული" სანატრელი გაგვიხდა?
50. დავით-დეფი გოგიბედაშვილი საქართველოსა და საერთოდაც დედამიწის საზღვრებს გაცდა და მისი ახალი კრებული მარსზე ბესტსელერია?
51. გოდერძი ჩოხელმა თავი ვერ მოიკლა და მერე შიმშილმა მოკლა?
52. ვახუშტი კოტეტიშვილი და მუხრან მაჭავარიანი ისე გარდაიცვალნენ, რომ არავის გაუგია?
და მაინც, ვისაც ჩვენი მენსტრუაცია არ მოსწონს, იმის მენოპაუზას არ გავკარი?!
წყარო:
http://azrebi.ge/index.php?pid=1453