ლოპოტას ხეობაში შსს–ს მიერ ლიკვიდირებული ქისტი ახალგაზრდების ბაჰაუდინ ალდამოვის და ასლან მარგოშვილის ოჯახის წევრებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ინტერვიუ მისცეს. გარდაცვლილთა ახლობლების თქმით, სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული 4 მამაკაცის ცხედარი თბილისში, აეროპორტთან ახლოს მდებარე სასაფლაოზე, ერთ ორმოში დამარხეს. მათივე თქმით, სპეცოპერაციას 10 ადამიანი გადაურჩა.26 წლის ბაჰაუდინ ალდამოვის დედის, ასმათ ქავთარაშვილის თქმით, მის შვილს სპეცოპერაციამდე ორი დღით ადრე, ღამით, მანქანამ მოაკითხა და ისე წავიდა, რომ დედისთვის არაფერი უთქვამს.
„25 თუ 26 აგვისტოს, ღამე, მე და ბაჰაუდინს გვეღვიძა მარტო, ყველას ეძინა. ვიღაცამ დაუძახა, გარეთ რომ გავიდა, 2 წუთიც არ იყოს გასული, რომ მანქანა წავიდა. მეგონა ბიჭები იყვნენ, წავიდნენ და ეხლა შემოვა მეთქი. 5 წუთის შემდეგ გამოვედი და დავუძახე, ბაჰაუდინ, სადა ხარ მეთქი, არავინ არ გამცა ხმა, მერე გზაზე გავედი, გავიხედე, არავინ არ იყო, ე.ი იმ მანქანით წავიდა. მისი წასვლის თაობაზე არაფერი არ ვიცოდით, არასდროს უხსენებია. ავსტრიიდან ჩამოსული ბიჭი იყო წასასვლელი იმ ღამით თურქეთში, იქიდან მერე ვითომ ავსტრიაში მიდიოდა. ვიფიქრე, იმას აცილებს და მოვა მეთქი. მერე ხალხი ჩუმად რომ ლაპარაკობდა ეჭვში ჩავვარდი და ტელევიზორში რომ ვნახე, ვიცანი ჩემი შვილი, ბეჭებით ვიცანი, განიერი ბეჭები ჰქონდა. ეს რომ ხელისუფლებამ გააკეთა, წინასწარ მომზადებულები რომ იყვნენ, ჩვენ კი არა, მთელმა საქართველომ იცის. იმის გაგება გვინდა, აქედან ვინ მოამზადა და ვინ წაიყვანა ეს ბიჭები და ამას გავიგებთ, გადარჩენილები არიან დანარჩენები და თურქეთში არიანო. სანამ არ დაწყნარდება სიტუაცია, არ ჩამოვლენ,“ – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ასმათ ქავთარაშვილმა.
„როგორი დაკრძალვა გვქონდა, კარი ვერ გავხსენით, ტირილი აგვიკრძალეს, მიცვალებული არ გვაჩვენეს. ხალხი ჩუმად შემოდიოდა. ჩემი შვილი არ მინახავს, ისე გადმოასვენეს და დაკრძალეს,“ – აღნიშნა ასმათ ქავთარაშვილმა.
ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული, 22 წლის ასლან მარგოშვილის მამიდას თამარ მარგოშვილს მიაჩნია, რომ რომ მისი ძმისშვილი ამ საქმეში ვაჰაბიტებმა ჩაითრიეს, რომლებიც ხელისუფლებასთან კავშირში არიან.
„ასლანი შარშან 2 სექტემბერს არის აქედან წასული ოჯახისთვის ეკონომიური დახმარების გაწევის მიზნით. აქედან ფინეთში გადასულა, 2 თვე ყოფილა იქ და იქიდან გადასულა ეგვიპტეში, მაგრამ ჩვენ არ ვიცოდით, ჩვეულებრივ ფინეთის ნომრით გვირეკავდა. 16 აგვისტოს ულაპარაკია ბოლოს ძმასთან, ფინეთიდან რა ნომრიდანაც რეკავდა, იმ ნომრიდან. იქიდან ალბათ ვაჰაბიტების დახმარებით უნდა იყოს გადასული ეგვიპტეში. ვაჰაბიტებს და ხელისუფლებას ხომ აქვთ კავშირი. ქისტი ბიჭი იძახის, ეგვიპტეში ვნახეო და ასლანს უთქვამს, არაბულის სასწავლებლად ჩამოვედი და მამაჩემმა რომ გამიგოს, არ გამაჩერებსო. ჩვენ ეს ვაჰაბიზმი რომ არ გვინდა, იმიტომ ვიქნებოდით მისი იქ წასვლის წინააღმდეგი. ასლანმა ქართული, ქისტური, რუსული და ინგლისური იცოდა და არაბულს სწავლობდა. იძახიან ჩეჩენი საველე მეთაური რომ იყო, გილაევი, იმის ბიჭთან ამხანაგობდა თურმე თბილისში რომ სწავლობდა და ისიც მასთან ერთად იყო ეგვიპტეშიო, ის მერე სირიაში დაიღუპა,“ – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს თამარ მარგოშვილმა.
ასლან მარგოშვილის ოჯახმა იმის შესახებ, რომ ასლანი საქართველოში მარტში ჩამოვიდა შსს–მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან გაიგო: „არ ვიცით ასლანი საქართველოში როდის ჩამოვიდა, რომ დაიღუპა ამის მერე გაავრცელეს, 13 მარტს შემოვიდაო და თუ ასეა, რატომ არ გამოჩნდა, ტყვე იყო, მძევლად ჰყავდათ ვაჰაბიტებს თუ რა იყო? მე ვფიქრობ, რომ შეიძლება წინა დღეებში შემოიყვანეს. ღამის 3 საათზე გაუყვანიათ ეს ბიჭები აქედან, ეხლა ბევრი რამე ამოტივტივდება. ძალიან გვაინტერესებს სად მიჰყავდათ, რატომ გადადიოდნენ, რა უნდოდათ. ჩემი ძმისშვილი სუფთა და ჰუმანური ადამიანი იყო და საიდან მოხვდა იმ დივერსანტებში, რეციდივისტებში და ვაჰაბიტებში მაინტერესებს, უღრმესად ვთხოვთ, რომ გამოიძიონ, ივანიშვილი ყველას დაგვპირდა, აუცილებლად გამოვიძიებო და ველოდებით“ – აცხადებს თამარ მარგოშვილი.
მისივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები ლიკვიდირებული ახალგაზრდების ოჯახებს გლოვის და ჟურნალისტებთან საუბრის საშუალებას არ აძლევდნენ, თუმცა არ ასახელებს ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც ოჯახს ამას უკრძალავდნენ.
„გაგიგიათ, 22 წლის ბავშვი დაგვეღუპა და გლოვის საშუალებაც არ მოგვცეს, კარის გაღების და ჟურნალისტებთან საუბრის უფლებას არ გვაძლევდნენ, ტერორისტებად გამოვაცხადებთ და არც ცხედრებს მოგცემთო. ჯერ რომ არ ყოფილა ქისტებში ასეთი რამე, ღამე დამარხეს ცხედრები,“ – აღნიშნა თამარ მარგოშვილმა.
მისივე თქმით, 7 ლიკვიდირებულიდან დანარჩენი ოთხის ცხედარი თბილისთან ახლოს, ერთ ორმოში ჩაყარეს. ერთ–ერთი მათგანის დედას კი, რომელმაც შვილი ამოიცნო, ცხედრის გადაცემას არჩევნების შემდეგ დაპირდნენ: „აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე უცნობები რომ არიან დამარხულები, იქ ამოთხარეს ორმო და პირდაპირ ჩაყარეს ბიჭებიო. იქ დაღუპული ერთი ჩეჩენის დედა იყო ჩამოსული, ამოიცნო შვილი და არჩევნების მერე დაპირდნენ ცხედრის გადაცემას,“ – განაცხადა ასლან მარგოშვილის მამიდამ.
თამარ მარგოშვილი ბიჭების დაღუპვის შესახებ სოფელში გავრცელებულ ვერსიაზეც საუბრობს. „ვერსიაა, ბიჭებს ივანიშვილის მოკვლა შესთავაზეს, ამათ უარი თქვეს და რომ არ გაცხადებულიყო, ამიტომ მოკლესო“ – განუცხადა თამარ მარგოშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.
შეგახსენებთ, ლაფანყურთან ახლოს, ლოპოტას ხეობაში საქართველოს შსს–მ ანტიტერორისტული ოპერაცია 28 აგვისტოს დაიწყო. შსს–ს ცნობით, სპეცოპერაცია ლაფანყურის ტყიდან 5 ახალგაზრდის გატაცებას მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები 26 აგვისტოს დაიკარგნენ. შსს ირწმუნება, რომ შეიარაღებულმა ჯგუფმა ახალგაზრდები მძევლებად აიყვანა. შსს–ს 29 აგვისტოს ინფორმაციით, ოპერაციისას დაიღუპა შსს-ს ორი თანამშრომელი და სამხედრო ექიმი, დაიჭრა 5 ქართველი სპეცრაზმელი. შს მინისტრის მოადგილემ შოთა ხიზანიშვილმა 29 აგვისტოს თელავში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 11 დივერსანტი ლიკვიდირებულია, 6 კი - ალყაშია. შსს–მ 3 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 11 ლიკვიდირებულიდან 7–ის იდენტიფიცირება მოხდა, მათგან ორი, 22 წლის ასლან მარგოშვილი და 26 წლის ბაჰაუდინ ალდამოვი საქართველოს მოქალაქეები არიან, დანარჩენი 5 კი რუსეთის. გარდაცვლილთა ოჯახებს რამდენიმე დღის განმავლობაში ცხედრებს არ აძლევდნენ. საბოლოოდ, ასლან მარგოშვილი, ბაჰაუდინ ალდამოვი და ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი პანკისის ხეობაში სოფელ დუისის სასაფლაოზე დაკრძალეს. შსს–ს ცნობით, დაკავებულია 1 ადამიანი, ახმედ ჩატაევი, დოკუ უმაროვის პირადი წარმომადგენელი ევროპაში.
ახალგაზრდები, რომლებიც შსს–ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაჯგუფებამ მძევლებად აიყვანა, ლოპოტას ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე ამ დრომდე არ საუბრობენ. კახეთის საინფორმაციო ცენტრი 3 ოქტომბერს მათთან გასაუბრებას კიდევ ერთხელ შეეცადა, თუმცა ერთ–ერთმა მათგანმა აღნიშნა, რომ სამართალდამცავებისგან ამ საკითხზე ჟურნალისტებთან ლაპარაკი აკრძალული აქვთ.
„ინტერვიუზე პრობლემა არ არის, მაგრამ პოლიციამ მოგვთხოვა, არ ვისაუბროთ. ისე, შემიძლია გითხრათ, რომ სულ 17 იყვნენ. შემდეგ ფოტოები რომ გავრცელა, იქიდან ასლან მარგოშვილი ამოვიცანი. გზაზე რომ შევხვდით, მაგიტომ წაგვიყვანეს თან, მაგრამ ცუდად არ მოგვქცევიან. შესაშინებლად იარაღი კი დაგვადეს, მაგრამ მოკვლის მუქარა არ ყოფილა,“ – აღნიშნა ე.წ. გატაცებულთაგან ერთ–ერთმა.
http://www.youtube.com/watch?feature=playe...d&v=-qwc0V4AiGEhttp://ick.ge/ka/articles/12625--video.html This post has been edited by Blunt on 6 Oct 2012, 11:48
LA. Lakers: Brazil: PSG: AC.Milan
Kobe Bryant
Ronaldo Fenomeno
Rafa Nadal
Jannik Sinner
Thiago Silva
Heroes come and go, but legends are forever!!! Kobe Bryant