
გამომდინარე იქიდან, რომ განყოფილებაში თანდათან მატულობს ათეისტთა რიცხვი, მსგავსი თემებიც უფრო პოპულარული ხდება
წინა ნაწილები:
ათეისტთა კლუბიათეისტთა კლუბი 2ათეისტთა კლუბი 3 ათეისტთა კლუბი 4ათეისტთა კლუბი 5ათეისტთა კლუბი 6ათეისტთა კლუბი 7ათეისტთა კლუბი 8ათეიზმი, ფართო გაგებით, არის ღვთაებ(ებ)ის არსებობის რწმენის უარყოფა. უფრო ვიწრო გაგებით კი პოზიცია, რომ ღვთაებები არ არსებობენ.
ოქსფორდის ლექსიკონი მას განმარტავს, როგორც ღმერთ(ებ)ის არსებობის რწმენის არქონას ან ნაკლებობას. ამით ის უპირისპირდება თეიზმს, ანუ ღმერთ(ებ)ის არსებობის რწმენას.
ტერმინი ათეიზმი მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან ἄθεος (ათეოს), რაც ნიშნავს "ღმერთის გარეშე". პირველი ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს ათეისტებს უწოდებდნენ, ცხოვრობდნენ მე-18 საუკუნეში.
ათეისტები სკეპტიკურად უდგებიან ზებუნებრივ მოვლენებზე ცნობებს ემპირიული მტკიცებულებების ნაკლებობის გამო. მათ შემუშავებული აქვთ არგუმენტები, თუ რატომ არ აქვთ რწმენა. მათ შორის არის ბოროტების არსებობის პრობლემა, გამოცხადებების შეუთავსებლობის საკითხი, ურწმუნოთა არსებობის საკითხი. არსებობს სხვა არგუმენტებიც, რომლებიც ფილოსოფიური, სოციალური და ისტორიული ხასიათისაა. იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთი ათეისტი იზიარებს გარკვეულ ფილოსოფიურ იდეებს, არ არსებობს იდეოლოგია ან მოძღვრება, რომელსაც ყველა ათეისტი გაიზიარებს.
დასავლეთში ათეისტების ნაწილი საკუთარ თავს არარელიგიურს უწოდებს. ათეისტური შტრიხები ზოგიერთ რელიგიაშიც გვხვდება, მაგალითად ჯაინიზმში, ბუდიზმში, ინდუიზმში, ნეოპაგანურ მოძრაობებში. ჯაინიზმი და ბუდიზმის ზოგიერთი ფორმა მხარს არ უჭერენ ღმერთის არსებობის რწმენას. ინდუიზმი დასაშვებად თვლის ათეისტურ დამოკიდებულებას, თუმცა ასეთისთვის რთულია, სულიერებას გაჰყვეს.
რადგანაც ათეიზმის გაგება განსხვავდება, მსოფლიოში ათეისტთა წილის განსაზღვრა რთულია. ზოგიერთი ცნობით, ეს მაჩვენებელია 2.3%, ხოლო 11.9% საკუთარ თავს არარელიგიურად მოიხსენიებს. სხვა მონაცემებით, ათეიზმის მაჩვენებელი მაღალია დასავლეთში - აშშ (4%), იტალია (7%), ესპანეთი (11%), დიდი ბრიტანეთი (17%), გერმანია (20%) და საფრანგეთი (32%).
ძირითადი არგუმენტები ათეიზმის სასარგებლოდ:
● გამოცხადებების შეუთავსებლობა – ზოგჯერ ერთ ღმერთზე დაწერილი ორი წიგნი ერთმანეთს ეწინააღმდეგება (მაგალითად თანახი და ახალი აღთქმა), ზოგჯერ თვითონ წიგნი ეწინააღმდეგება თავის თავს, ზოგჯერ კი ის არ ესადაგება ისტორიულ, მეცნიერულ თუ სხვა სახის ფაქტებს.
● ბოროტების არსებობა – ღმერთი ყოვლისშემძლეცაა და კაცთმოყვარეც, მაგრამ ადამიანთა ტანჯვას უშვებს.
● მოუნათლავთა ბედი – ვისაც არაფერი სმენია კონკრეტულ რელიგიაზე და არც საშუალება ჰქონდა, გაცნობოდა მას, არ ეძლევა გადარჩენის შანსი.
● "ცუდი" დიზაინი – თუკი ღმერთმა შექმნა სიცოცხლის ყველა ფორმა, მათ შორის ადამიანებიც, გამოდის, რომ ამით არა მრავალფეროვანი, არამედ მწირი გემოვნება გამოავლინა.
● ურწმუნოება/ათეისტები – ყოვლისშემძლე ღმერთი უფრო მეტს იღონებდა, რომ ადამიანებს მასში დასაჯერებლად მეტი მოტივი ჰქონოდათ.
● რასელის ჩაიდანი – მორწმუნემ უნდა დაამტკიცოს ღმერთის არსებობა და არა ათეისტმა ღმერთის არარსებობა.
● სტივენ ჰოკინგი და ლეონარდ მლოდინოვი ერთობლივ წიგნში "The Grand Design" აყენებენ საკითხს: თუკი სამყაროს პირველმიზეზი ღმერთია, მაშინ ვინ ან რა არის ღმერთის შემქმნელი? ამ კითხვაზე ერთ-ერთი პასუხი არის ის, რომ აუცილებლად არსებობს რაღაც, რასაც არ სჭირდება შემქმნელი და ეს არის ღმერთი (ეს მიდგომა ღმერთის არსებობის ერთ-ერთ არგუმენტად ითვლება). თუმცა ავტორები ირწმუნებიან, რომ შესაძლებელია, კითხვებს პასუხი გაეცეს მხოლოდ მეცნიერების მეშვეობით და საქმეში არ ჩავრიოთ ზებუნებრივი არსებები.