http://tribuna.ge/index.php?option=com_con...temid=99999999953–ე სკოლის მოსწავლეს განათლების უფლება ეზღუდება
07/12/2011 19:30
მადლენა მაჭარაშვილი
მეთერთმეტეკლასელ მოსწავლეს განათლების მიღების უფლება ეზღუდება. მიხეილ ალექსიძე სკოლაში 13 ოქტომბრის შემდეგ არ ყოფილა. თბილისის 53–ე სკოლიდან გარიცხული მოსწავლის მიღებაზე რამდენიმე საჯარო სკოლა უარს ამბობს.
სახალხო დამცველის დასკვნის თანახმად კი, ალექსიძის სკოლიდან გარიცხვის რეალური საფუძველი არ არსებობდა და მისი გარიცხვით, მოსწავლის მიმართ საქართველოს კონსტიტუციის 35–ე და გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის 28–ე მუხლი დაირღვა.
როგორც „ტრიბუნა.ge“–ს 53–ე სკოლის მოსწავლეთა მშობლებმა აცნობეს, დირექტორად ახლად დანიშნულმა ტარას შავშიშვილმა ბოლო ორი თვის განმავლობაში სკოლიდან 22 მასწავლებელი დაითხოვა და 5 მოსწავლე გარიცხა. 13 ოქტომბერს ერთ–ერთი მოსწავლის გარიცხვას მისი თანაკლასელის, მიხეილ ალექსიძის, იმავე მეთოდით დასჯა და ხმაურიანი ამბები მოჰყვა – 17–18 ოქტომბერს 53–ე სკოლის შენობის წინ დირექტორის წინააღმდეგ მოსწავლეებმა და მშობლებმა საპროტესტო აქციები გამართეს.
53–ე სკოლაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მიხეილ ალექსიძის დედა ლალი ლეკიშვილი შემდეგს გვიყვება:
„როცა დირექტორმა ჩემი შვილის მეგობარი სკოლიდან გარიცხა, კლასმა მოილაპარაკა: ახალი დირექტორია, შევხვდეთ და ვთხოვოთ, იქნებ დასჯის სხვა მეთოდი გამოიყენოს და სკოლაში დააბრუნოსო. ბავშვები მანდატურთან და კლასის დამრიგებელთან ერთად დერეფანში იდგნენ, როცა დირექტორი გამოვიდა და იკითხა, რა თავყრილობა გაქვთო. უპასუხეს, თქვენთან გვაქვს პრეტენზიაო. იგივე უთხრა ჩემმა შვილმა და კაბინეტში რატომღაც მარტო ის შეიყვანა.“
მისივე თქმით, ალექსიძემ ტარას შავშიშვილს სთხოვა, არ გაერიცხა მისი თანაკლასელი, რაზეც დირექტორმა უპასუხა: მე შენთვის სიტყვის უფლება არ მომიციაო.
„რატომ მიზღუდავთ სიტყვის უფლებას, მეგობრის მიმართ თანადგომა გამოვხატე და გთხოვთ, ნუ გაირცხავთო, უთხრა ჩემმა შვილმა. შავშიშვილმა კი მკაცრად უთხრა, შენც მაგას მიჰყვებიო. ბავშვი ოთახში დატოვა და მოადგილეს დაავალა, მე დამკავშირებოდნენ. 5–6 წუთში უკვე სკოლაში ვიყავი კიბეებზე მანდატურები შემხვდნენ, ვკითხე, რა მოხდა, რა დააშავა ალექსიძემ–მეთქი. ალექსიძეს არაფერი დაუშავებია, მეგობრის დახმარების სათხოვნელად შევიდა დირექტორთან და ალბათ უკვე გამოვაო,“– გვიყვება ლალი ლეკიშვილი.
ალექსიძის დედა ამბობს, რომ დირექტორმა მას შესთავაზა – გაეტანა სკოლიდან ბავშვის საბუთები და გადაეყვანა იგი სხვა სკოლაში, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეს აღძრავდა.
როგორც ლალი ლეკიშვილი გვიყვება, ტარას შავშიშვილმა მისი შვილის გარიცხვის შემდეგ სამსახურიდან ის მანდატურიც დაითხოვა, რომელმაც თქვა, რომ მიხეილ ალექსიძეს არაფერი დაუშავებია.
„ტრიბუნა.ge“, საკითხში უკეთ გარკვევის მიზნით, 53–ე სკოლის დირექტორს ტარას შავშიშვილს დაუკავშირდა. შავშიშვილი ამბობს, რომ სკოლიდან ალექსიძის გარიცხვაზე ვრცელი საუბარი არ სურს, რადგან ეს ამბავი უკვე დაძველდა.
„ეს ამბავი ოქტომბერში იყო და ახლა დეკემბერია, ამიტომ ამ თემაზე საუბარი დაგვიანებულია. ეს წასული საქმეა და ჩვენ ახლა სკოლის განვითარებაზე ვმუშაობთ,“– გვითხრა შავშიშვილმა.
53–ე სკოლის დირექტორმა აღნიშნა, რომ მოსწავლის მიერ შეურაცხყოფის მიყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია აქვს.
ჩვენს კითხვაზე, აქვს თუ არა მას შესაბამისი ვიდეოჩანაწერი, ან არსებობს თუ არა ამბის მოწმე, ტარას შავშიშვილი ასე პასუხობს: „აბა, რას მეუბნებით ახლა, ასე რომ არ იყოს, საერთოდ აზრი არ ექნებოდა საქმის მსვლელობას. ამ თემაზე მეტი რამის თქმა არ მსურს.“
შავშიშვილი ამბობს, რომ ალექსიძის საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მიერ მომზადებული დასკვნის შესახებ არაფერი იცის, რადგან მსგავსი რამ ოფიციალურად არ მიუღია.
სახალხო დამცველის აპარატმა კი აღნიშნული დასკვნა რეაგირებისთვის განათლების მინისტრს, დიმიტრი შაშკინს, ჯერ კიდევ გასულ კვირაში გადაუგზავნა.
დასკვნის თანახმად, სახალხო დამცველის აპარატმა ალექსიძის საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შესწავლით დაადგინდა, რომ 53–ე სკოლის დირექტორმა და დისციპლინურმა კომიტეტმა დაარღვიეს საქართველოს კანონმდებლობა, და შესაბამისად – მიხეილ ალექსიძის უფლებები.
ალექსიძის დედის განმარტებით, სახალხო დამცველის დასკვნაშიც აღნიშნულია, რომ სკოლიდან ბავშვის გარიცხვის საკითხთან დაკავშირებით საჭიროა დისციპლინური კომტეტის წევრთა თანხმობა.
„ასეთი სხდომა არ გამართულა სკოლაში. მასწავლებლებმა მარინა ბასილაშვილმა და მაია ლევიცკაიამ აღიარეს, რომ კრება არ ჩატარებულა და დირექტორმა გარიცხვის შესახებ მის მიერვე გამზადებულ წერილზე ზეწოლის შედეგად მოაწერინა ხელი. მათ ასეთი პირობა წაუყენა: ან გარიცხეთ, ან წავა ალექსიძე ციხეშიო,“– ამბობს ლალი ლეკიშვილი.
მისივე თქმით, 53–ე სკოლის სამეურვეო საბჭოში, კანონით განსაზღვრულ 30–დღიან ვადაში, თავად მიიტანა სახალხო დამცველის დასკვნა და გარიცხული ბავშვის აღდგენა მოითხოვა. უარი უთხრეს და ამჯერად ბავშვის სკოლაში მიყვანის საკითხის გადასაჭრელად მინისტრ შაშკინის პასუხს ელის.
მან შვილისთვის განათლების შეზღუდვის ფაქტთან დაკავშირებით პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და პროკურატურასაც მიმართა და დახმარება სთხოვა. პარალელურად მიაკითხა მთაწმინდა–კრწანისის რაიონში მდებარე რამდენიმე საჯარო სკოლას, თუმცა უშედეგოდ – ტარას შავშიშვილის მიერ სკოლიდან გარიცხული ბავშვის მიღებაზე სკოლების დირექტორებმა ზეპირი უარი უთხრეს.
„ბავშვი არც ერთ სკოლაში არ მიიღეს. სახლთან ახლოს მდებარე ყველა საჯარო სკოლაში ვიყავი, კერძო სკოლაში თანხის გადახდის საშუალება არ მაქვს. დირექტორები მეუბნებიან, რომ თუ განათლების სამინისტროდან არ ეტყვიან, ბავშვს თავად ვერ მიიღებენ სკოლაში,“– ამბობს ლალი ლეკიშვილი.
მიხეილ ალექსიძის დედა მის მიერ გაგზავნილ წერილებზე სათანადო რეაგირების არ არსებობის შემთხვევაში სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს.
„თუ რეაგირება არ იქნება, სასამართლოს მივმართავ და ცრუ ბრალდებისა და შეურაცყოფის ფაქტზე, 53–ე სკოლის დირექტორის წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოვითხოვ,“– ამბობს ლალი ლეკიშვილი.