უკრაინაში მოასპარეზე ქართველი ფეხბურთელი ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკივრობსუკრაინის, "სევასტოპოლის" ფეხბურთელი სანდრო შუღლაძე, რომელიც ამჟამად იჯარით მოლდავეთის "იკრა-სტალში" ირიცხება, მოლდოვურ გუნდში წარმატებით ასპარეზობს. ქართველ ნახევარმცველს ბოლო ერთი წლის განმავლობაში ექვსი გოლი აქვს გატანილი. მისი გუნდი ადგილობრივ ჩემპიონატში მე-9 ადგილზე იმყოფება. მომდევნო ტურში ქართველი ფეხბურთელის გუნდი "კოსტულენს" ხვდება, სადაც გამარჯვების შემთხვევაში, სატურნირო მდგომარეობას გაიუმჯობესებს. allsporti-ი სანდროს მოლდოვაში დაუკავშირდა და მომავალ გეგმებზე ესაუბრა.
სანდრო შუღლაძე:"წლების წინ მშობლებთან ერთად უკრაინაში გადავედი საცხოვრებლად. ჩემი საფეხბურთო კარიერაც აქ დაიწყო. უკვე 10 წელია აქ ვთამაშობ. "იკრა-სტალში" წელიწადზე მეტია, რაც იჯარით ვიმყოფები. დეკემბერში ჩემპიონატის პირველი წრე მთავრდება, ახალი წლიდან "სევასტოპოლში" დავბრუნდები".
- ადევნებთ თუ არა ქართულ ჩემპიონატს თვალყურს? გიფიქრიათ თუ არა საქართველოში გეთამაშათ?
- კი, საქართველოს ჩემპიონატს ყოველთვის თვალყურს ვადევნებ და ქუთაისის "ტორპედოს" ვგულშემატკივრობ. გასული წლის დეკემბერში "ზესტაფონის" დუბლებთან ერთად ვვარჯიშობდი, ვფიქრობდი და მინდოდა დარჩენა, მაგრამ დიდ დაინტერესებას და ყურადღებას ვერ ვგრძნობდი. ყველაფერი ისე განვითარდა, რომ უკრაინაში დავბრუნდი.
საქართველოს ჩემპიონატში გია გეგუჩაძე, როგორც მწვრთნელი ძალიან მომწონს, ის საქართველოში ყველაზე წარმატებული ტრენერია. ჩემი ოცნებაა, თუნდაც ერთი სეზონი მასთან ერთად ვითამაშო. მისგან ბევრის სწავლა და გაგება შეიძლება.
- რომელ ქართველ ფეხბურთელს გამოარჩევდი?
- ლეგიონერებიდან ჭანტურიას, თარგამაძეს და დაუშვილს გამოვარჩევდი. საქართველოს ჩემპიონატში კი, ყველაზე მეტად სანდრო გურული მომწონს.
- როგორ შედარებას გაუკეთებდი ქართულ, მოლდოვურ და უკარინულ ჩემპიონატებს?
- უკრაინა გაცილებით ძლიერი და ფიზიკურად რთული ჩემპიონატია. ხოლო, მოლდავეთის და საქართველოს ჩემპიონატები, ჩემი აზრით, თანაბარი დონისაა. მაგრამ არის ოთხი ხუთი გუნდი, რომელიც "ტორპედოს", "დინამოს" და კარგ ქართულ კლუბებს კონკურენციას გაუწევს.
- როგორია შენი და კლუბის მომავალი გეგმები?
- ამ ეტაპზე "სევასტოპოლში" დაბრუნებაზე ვფიქრობ, მინდა იქ ვითამაშო, სადაც, როგორც ფეხბურთელი გავიზარდე და ფეხი ავიდგი. ვნახოთ მომავალში რა იქნება. არ არის გამორიცხული საქართველოს ჩემპიონატშიც გამოვჩნდე.
მეგი კუპატაძე
http://allsport.ge/