ბიძინა ივანიშვილის ახალი მთავრობა მოვალეობის შესრულებას შეუდგა. მინისტრები სამინისტროებში შევიდნენ და პირველი განკარგულებებიც გასცეს. ასევე შეუდგა მოვალეობის შესრულებას ჩრდილოვანი მინისტრთა კაბინეტი, რომელიც პრეზიდენტის უახლოესი თანამებრძოლებისაგან შედგება.
შეიძლება ითქვას, მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი იწყებენ ბრძოლას თავისი გუნდებით, ანუ შეჯიბრი მათ შორის უკვე არ ამოიწურება კითხვით: ვინ უფრო მაგარია – მიშა თუ ბიძინა? სინამდვილეში, საკითხი უკვე ასე დგას: რომელი გუნდი უფრო მაგარია, მცოდნეა, ძლიერი და შემძლეა?
პირველი მოთელვა შედგა მთავრობის დამტკიცებისას, ასევე საკომიტეტო მოსმენების დროს, როდესაც მიშას გუნდმა აჩვენა ძალა – ის, თუ რამდენად საშიში შეიძლება იყოს იგი ოპოზიციაში და როგორ უჭირთ მასთან გამკლავება პრემიერის გუნდის წევრებს. იმდენად უჭირთ, რომ ზოგიერთს მტკნარი საოცრებები დასცდა. მაგალითად, იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, როცა ჩამჭრელი კითხვა დაუსვეს, „ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამაზე: მე რას მეკითხებით, ეს კითხვა იმას დაუსვით, ვინც ეგ პროგრამა თავისი ლამაზი თითებით დაბეჭდაო. ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის თქმით კი, ქვეყნის ბიუჯეტში არა 2 მილიარდი ლარი, არამედ სულ 200 მილიონია. გამოდის, ვანო მერაბიშვილი ასე აშკარად გვატყუებდა? არადა, ხადურმა პატარა ეშმაკობას მიმართა და რატომღაც ეგონა, თითქოს ვერავინ მიუხვდებოდა: მან მხოლოდ ის თანხები ჩათვალა, რასაც უშუალოდ ფინანსთა სამინისტრო განკარგავს, თუმცა, კი ძალიან კარგად იცის, რომ საბიუჯეტო თანხები უფრო ფართო ცნებაა.
მაგრამ აქ უცნაური ისაა, თუ რატომ ეგონა ფინანსთა მინისტრს, რომ მიშას გუნდში არ მოიძებნებიან ფინანსისტები, რომლებიც ამ ილეთს აღწერდნენ? აღწერეს კიდეც. ბოლოს და ბოლოს აუდიტს მოიწვევენ და მერე სად მიდის? მართალია ხადური კარგ ფინანსისტად ითვლება, მაგრამ არანაკლები სპეციალისტები მეორე გუნდშიც მოიძებნებიან. აქ საქმე ფინანსების ცოდნას კი არა, ელემენატრულ გათვლას ეხება, თუ რა შეიძლება თქვა და რა გაგივა მაშინ, როდესაც ძლიერი პრესინგის პირობებში თამაშობ.
კიდევ ერთი მაგალითია გარემოს დაცვის მინისტრის ფრაზა ტყეების უშუალოდ პრემიერ-მინისტრისთვის დაქვემდებარების შესახებ. ხათუნა გოგოლაძემ ეს განცხადება საკომიტეტო მოსმენაზე გააკეთა ისე, რომ მისი პოლიტიკური შედეგები არ გაითვალისწინა და პრემიერიც უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო: არ შეიძლება გუნდის წევრმა ისე გაჭედოს, რომ ლიდერს ქულები დააკარგვინოს – როგორი კარგი სპეციალისტიც არ უნდა იყოს თავის საქმეში ქალბატონი გოგოლაძე, გუნდურ თამაშში კიდევ სხვა თვისებებიცაა საჭირო. ამ მხრივ მიშას გუნდი აშკარად უკვე ჯაბნის ბიძინას გუნდს.
გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი, დავით ბაქრაძე – კახი კალაძის, სოზარ სუბარის და პაატა ზაქარეიშვილის წინააღმდეგ? გამოცდილებით, ცოდნით, პირველი უფრო ძლიერად გამოიყურება, ვიდრე მეორე. თან, რაც მთავარია, მიშას გუნდი განიტვირთა ბალასტისგან, – იმათგან, ვინც ბიძინას სათქმელს უტოვებდნენ. წასასვლელი – წავიდა. გამქცევი – გაიქცა.
ვინ უფრო ძლიერი შინაგან საქმეთა მინისტრია – ვანო მერაბიშვილი თუ ირაკლი ღარიბაშვილი? ღარიბაშვილი კარგ ფინანსურ მენეჯერად ითვლებოდა, მაგრამ პოლიცია მას არ მიიღებს! შინაგან საქმეთა სამინისტროს რომ სახელს უცვლიან და საშინაო საქმეთა სამინისტროს უწოდებენ, ამით ნამდვილად ვერ შეცვლიან 8-წლიან ტრადიციას, რომელიც სწორედ ვანომ ჩამოაყალიბა. პოლიციელები, რომლებიც იქ მუშაობენ, მაინც მისკენ გაიხედავენ ყოველთვის. კახა თარგამაძე და კობა ნარჩემაშვილი კი აღარავის ახსოვდა შევარდნაძის დამხობიდან მეორე დღეს.
მერაბიშვილი პრეზიდენტის პარტიას ჩაუდგა სათავეში და თავისი ავტორიტეტი ჰქონდა პოლიციაში. თავისი ხალხიც ჩანერგა იქ საშუალო რგოლებამდე. ღარიბაშვილი ამას ვერ გააკეთებს: ჯერ ერთი, ვერ მოასწრებს, რაკი წლები სჭირდება, მას კი შეიძლება თვეები ჰქონდეს. გარდა ამისა, ფინანსური მენეჯმენტი სხვაა და ძალისმიერი სტრუქტურის ხელმძღვანელობა სულ სხვა: ვანოს მოულოდნელად აღმოაჩნდა ეს ნიჭი, თორემ 2004 წელს, როდესაც თანამდებობაზე დანიშნეს, ბევრს უკვირდა და პირდაპირ ამბობდა კიდეც: მაგან რა შინაგან საქმეთა მინისტრობა უნდა შეძლოსო. რატომღაც მგონია, მერაბიშვილი რომ კარგი ფინანსური მენეჯერი ყოფილიყო, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერ მოუვლიდა, ხოლო მისი ოპოზიციონერობა და ხმამაღალი განცხადებები ახალ მინისტრს მძიმე დღეში ჩააგდებს. აქაც მიშას გუნდი და მისი ჩრდილოვანი კაბინეტი აშკარად დაჯაბნის მოწინააღმდეგეს.
საპარლამენტო დებატებისას გუნდები ჯერჯერობით თითქოს ყაიმზე თანხმდებიან, მაგრამ ივანიშვილის გუნდის წევრთ ვერ გაუგიათ მთავარი: ისინი უკვე შავებით თამაშობენ: ოპოზიციას მუდამ აქვს უპირატესობა, რაკი დრო მის სასარგებლოდ მუშაობს და კრიტიკაც უფრო ხელსაყრელი პოზიციაა. გააჩნია ოსტატობას და გამოცდილებას: მიშამ და მისმა გუნდმა ამ ფერით თამაშისას 9 წელი გაძლო. ვნახოთ, რამდენ ხანს გაძლებს ბიძინას გუნდი. თუ ზოგიერთ პროცესს დავაკვირდებით, – რაც უკვე დაიწყო და მხოლოდ გართულდება, – მისი დრო წლებით ნამდვილად არ იზომება.
http://primetimenews.ge/?page=3&news_id=14726