ამ სათაურს ვინც წაიკითხავს, მემარცხენე თუა იფიქრებს - ბურჟუაზიული გამოხდომააო; მემარჯვენე კი იტყვის - ამას რად უნდა მტკიცება, გაფიცვა კერძო საკუთრების საწინააღმდეგო მოვლენაა.
სამწუხაროდ, 1995 წლის კონსტიტუციის ავტორებმა გაფიცვის მუხლით იგი პოლიტიკურ უფლებად აღიარეს. მოსალოდნელია, ეს ვინმე უცხოელი კონსულტანტის რეკომენდაცია იყო - როგორც აღმოჩნდა, დასავლეთი დღეს არანაკლებ მემარცხენეა, თუმცა ქართველი ავტორებიც, რომლებიც საბჭოთა კავშირში ცხოვრობდნენ, დარწმუნებული ვარ, ბევრს არ იფიქრებდნენ ამაზე.
როგორც წესი კონსტიტუცია იურიდიულ აქტად მიაჩნიათ. მე პირადად ასე არ მეჩვენება. იურიდიული ნაწილი შესაძლებელია მნიშვნელოვანია, მაგრამ აუცილებელი მგონია, კონსტიტუციაში მეტი ფილოსოფია იყოს ჩადებული - კონკრეტული ერის ტრადიციები, მიდრეკილებები და გამოცდილება. აუცილებელია ასევე მსოფლიო გამოცდილებაც.
თუმცა, როდესაც კერძო საკუთრებაზე და გაფიცვაზე ვსაუბრობთ, მიმაჩნია, რომ იურიდიულადაც ყველაფერი გარკვეულია - არ შეიძლება კერძო საკუთრება შეზღუდო იმის გამო, რომ შრომითი ურთიერთობების ერთ-ერთ მხარეს კონტრაქტის შესრულება არ უნდა. გაფიცვა კი უფრო ხშირად სწორედ ასეთ ვითარებას ეხება. დამქირავებელმა დაიქირავა დაქირავებული გარკვეული პირობებით და ახლა ამ უკანასკნელთ, აღარ მოსწონთ ეს პირობები. შეიძლება ითქვას - არ მოგწონს? მაშინ დაარღვიე კონრაქტი და მიბრძანდი, მაგრამ არა. დაქირავებულთ უნდათ დამქირავებელი დაარწმუნონ. რომ უფრო უკეთესი პირობები ეკუთვნით, ვიდრე თავდაპირველად შეთანხმდნენ დამქირავებელთან.
ეს უფრო ადვილად გასაგები რომ გახდეს მკითხველისთვის, მან უნდა წარმოიდგინოს დამქირავებლის ადგილას საკუთარი თავი. ფული მძიმე შრომით იშოვე, გადაწყვიტე ისეთი მაღალი რისკების ქვეყანაში ჩაგედო, როგორიც საქართველოა, დაგხვდა უამრავი პრობლემა, მათ შორის არაკვალიფიცირებული და უდისციპლინო თანამშრომლები, მაინც გარისკე. შემდგომში მოგიწია მრავალი პრობლემის გადაწყვეტა, რომ ეს საწარმო მუშაობდეს და არ ჩერდებოდეს, თუნდაც პროდუქციის გასაღების სირთულეები. ისედაც ძლივს არსებობ, ინვესტორები ღელავენ... ამ დროს თანამშრომლები იფიცებიან და მოითხოვენ ანაზღაურების გაზრდას, ფაქტობრივად ინვესტორების მოგების შემცირების ხარჯზე?
გაფიცულები ბლოკავენ საწარმოს შესასვლელს, საწარმო ვეღარ აგრძელებს საქმიანობას, მის პროდუქციას სადღაც ელოდნენ, გრაფიკის დარღვევის გამო საწარმოს ჯარიმის გადახდა მოუწევს გაფიცულების ნაცვლად, იმის გამო, რომ ისინი თანახმა არ არიან არსებულ პირობებზე, პროფკავშირები საწარმოს ხელს უშლიან, სხვა (უმუშევარი) ადამიანები დაასაქმოს, რომლებიც ამ პირობებზე თანახმა არიან... საწარმო ზარალში მიდის, დიდი რისკის ქვეშ აყენებს ინვესტიციას, მენეჯმენტის და დასაქმებულთა სამუშაო ადგილებს... მოგწონთ ასეთი განვითარება? მე, მაგალითად, არა.
მოდით ახლა ეს სხვა ხედვით დავინახოთ. წარმოიდგინეთ, რომ შრომითი ურთიერთობა არის ნორმალური და ჩვეულებრივი ყიდვა-გაყიდვის პროცესი. მე დაქირავებული, ვყიდი შრომას - ხოლო დამქირავებელი, ყიდულობს მას. იგივე ხდება, როდესაც მომხმარებელი ყიდულობს ვაშლს. ვაშლის გამყიდველი გვთავაზობს საკუთარ ვაშლს (და მასში ჩადებულ უამრავ შრომას) და მყიდველი ყიდულობს. წარმოიდგინეთ ახლა, რომ ვაშლის გამმყიდველმა გადაწყვიტა გაფიცვა - აღარ უნდა ვაშლი იაფად გაყიდოს (ეს ხშირად ხდება, ჩვენ უბრალოდ ყურადღებას არ ვაქცევთ). გაფიცვის კანონი ამაზე რომ გავრცელდეს, მაშინ მან ვაშლის მყიდველი უნდა დაავალდებულოს, ვაშლი მაინც იყიდოს, და იმ ფასად, რომელიც გამყიდველმა მოითხოვა, მიუხედავად იმისა, ეს მას ძვირად ეჩვენება თუ არა. გაავრცელეთ ეს სხვა ყველაფერზე - ბენზინი, ელექტროენერგია, კომუნიკაცია, პური და მიიღებთ სრულყოფილ კრიზისს.
გაფიცვის კანონის უკუღმართობის კიდევ ერთი მხარეა, რომ იგი უგულებელყოფს მესამე მხარის ზიანს. მაგალითად, პარიზის აეროპორტების მომსახურე პერსონალი ხშირად იფიცება, რითიც დიდ ზიანს აყენებს მგზავრებს, რომელთაც სხვა უამრავ დისკომფორტთან ერთად. ხშირად საკვები არ აქვთ და არც ვიზა, გარეთ რომ გავიდნენ საკვების საშოვრად, ზოგჯერ კი ფულიც არა აქვთ, ეს საკვები მაინც იყიდონ. ამავე კონტექსტში წაიკითხეთ: ავტობუსების გაფიცვით ბევრი მგზავრი სამსახურში დაიგვიანებს, რითიც მათ ფირმებს თუ ოფისებს შესაძლებელია დიდი ზიანიც მიადგეთ. კერძო საკუთრების უფლების დარღვევა აქაც თვალნათელია, ისევე როგორც წინა ეპიზოდში, როდესაც გაფიცვით ინვესტორები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
გაფიცვა არ იქნებოდა კერძო საკუთრების შელახვა, თუ იგი დამქირავებელს არ მიაყენებდა სერიოზულ ზიანს, ისევე, როგორც მესამე პირებს. მაგრამ მაშინ გაფიცვა რისთვისაა საჭირო, თუ იგი ზიანით არ დაემუქრება სხვებსაც - მაშინ იგი "შედეგებს" ვერ მოიტანს. სინამდვილეში დამქირავებლის საქმიანობა არც ისე "ვარდებითაა მოფენილი" - ადვილი სულაც არ არის, მაგალითად, თანამშრომლების მოძებნა, გაწვრთნა და მუშაობის მაღალი ხარისხისათვის მოტივირება. თანამშრომლებს ყველა დამქირავებელი უფრთხილდება, თუ მათი კვალიფიკაცია და დისციპლინა მისი ბიზნესისთვის სასარგებლოა. ხოლო თუ არ არის სასარგებლო, რატომ უნდა გაუფრთხილდეს?
იყიდით თქვენ ვაშლს, რომელიც არასასარგებლოა? რას დაარქმევდით მთავრობის მოქმედებას, არასასარგებლო ვაშლი გაყიდინოთ? უკანონობას? კერძო საკუთრების დარღვევას? ხოდა, რატომ არ არის გაფიცვა კერძო საკუთრების დარღვევა?
ამიტომ, ყველა დანარჩენ რისკთან ერთად, გაფიცვის შედეგად ინვესტორები დაფრთხებიან და გაფიცულები უმუშევრებად იქცევიან.
გია ჯანდიერი
http://24saati.ge/index.php/category/opini...012-11-18/33783
ქოცი - განვითარების უმდაბლესი საფეხური.