ვინც არ იშლის და მიაჩნია, რომ სოჭში, ოლიმპიადაზე საქართველომ აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა, ვურჩევ: გამართლებული იქნება ჩვენი დელეგაციის სახელით, სოჭში გორელი ზაზა რაზმაძის გამგზავრება. მართალია ის სპორტსმენი არ არის, მაგრამ მსოფლიო იცნობს მისი ოჯახის ტრაგედიის ამსახველი ცნობილი ფოტოთი, კადრში ზაზა დასტირის 2008 წლის აგვისტოში, გორის, მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის შედეგად დაღუპულ ძმას ზვიადს, რომელიც შვიდი თვის ორსულ ცოლთან ერთად რუსული თვითმფრინავებიდან ჩამოყრილ ბომბებს ემსხვერპლა და ობლად დარჩა პაწია, 5 წლის ბიჭუნა დიტო, რომელიც სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.
გაუშვით სოჭში ის ქალბატონი, დაჭრილი საცოდავად რომ ეგდო ნანგრევებში და მშველელს უხმობდა. ამ ფოტოსაც იცნობს მსოფლიო.
გაუშვით ოლიმპიადაზე დიცელები და დვანელები უზარმაზარი ფოტოებით, სადაც კადრში გამოჩნდება, მავთულხლართებიანი საზღვრის გასწვრივ, როგორ ანგრევენ ისინი საკუთარ სახლებს. დააწერეთ ამ ფოტოებს ან ხალხს მკერდზე, _ "ჩვენი სახლები დავანგრიეთ, რათა თქვენს სახლში გვეთქვა მსოფლიოს გასაგონად, თქვენ ოკუპანტები ხართ!"
,რას იტყვით? როგორი იქნება ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონიალის დაწყებისას ქართული დელეგაცია მსოფლიოს წინაშე შავი დროშებით და უზარმაზარი, რუსეთის მამხილებელი ფოტოებით რომ წარსდგება. მართალია მსოფლიო კიდევ ერთხელ შეშფოთდება და უარესი არ დაემართება, მაგრამ ჩვენ ხომ არ გვერქმევა ლაჩრები, საკუთარი უსუსურობის გრძნობა კიდევ ერთხელ ხომ ვეღარ ჩატკეპნის ჩვენში ღირსებას?
იქნებ ფიქრობთ, რომ ემოცია მომძალებია და პრაგმატულულობის უნარი საერთოდ დამიკარგავს?
http://www.kvirispalitra.ge/eka-lomidzis-b...limpiadaze.html