საქმე "პროტესტის ანატომია-2", რომლის ფარგლებშიც უკვე ორი ადამიანია დაკავებული - კონსტანტინე ლებედევი და ლეონიდ რაზვოზჟაევი, ძალზე ჩახლართულია. და სხვაგვარი ვერც იქნებოდა, თუ გავითვალისწინებთ, რომ იგი მთლიანად რაღაც გაურკვეველ ნახევარფაბრიკატს ეფუძნება - სატელევიზიო არხ НТВ-ს "დოკუმენტურ" ფილმს, რეალურად კი - ფარული კამერით გადაღებულ და დამონტაჟებულ კადრებს, რომელიც, როგორც ითქვა, რედაქციას ანონიმმა ქართველმა მიაწოდა. თუმცა არადამაჯარებელად ორივე მხარე გამოიყურება: დაკავებული პირები და თავისუფლებაზე მყოფი ოპოზიციონერი ლიდერი უდალცოვი, სანამ მათ ინფორმაციის არგაცემის შესახებ ხელწერილს დააწერინებდნენ, თავად მსგავსი საუბრის ფაქტსაც კი უარყოფდნენ, გამოძიება კი იძულებული იყო, რაზვოზჟაევის გატაცებასთან და შემდგომ ბრალის აღარებასთან დაკავშირებულ "ფოკუსზე" წასულიყო, რადგან საზოგადოებისთვის წარსადგენად ორიგინალი არ გააჩნდა ან რატომღაც, ერიდებოდა. ჰოდა, იქმნება სიტუაცია, როცა ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ამ თემაზე მშვიდად საუბარი შეუძლია, ქართველი პოლიტიკოსი გიორგი თარგამაძეა (ადამიანი, რომელიც მას ჰგავს, ასევე მოხვდა "ანატომიაში"). ამ სკანდალური საქმის გარდა, "Новая Газета"-ს სატელევიზიო თრილერ "პროტესტის ანატომია-2"-ის მთავარ მოქმედ პირ გიორგი (გივი) თარგამაძესთან სხვა კითხვებიც ჰქონდა: მართლაც მოასწრო თუ არა მან პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველა "ფერად რევოლუციაში" ასე თუ ისე მონაწილეობა და მართალია თუ არა, რომ მას ბელორუსის მოქმედ ხელისუფლებასთან კარგი ურთერთობა აქვს (ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ გამოძიების ვერსიით, ზემოაღნიშნული შეხვედრა სწორედ მინსკში შედგა). "Новая Газета"-სთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში თარგამაძემ პირველად დადებითი პასუხი გასცა ყველა კითხვას, გარდა "ანატომიასთან" დაკავშირებულისა. НТВ-ზე გასულ ჩანაწერს იგი სპეცსამსახურების ნამოქმედარად აფასებს, ხოლო უდალცოვთან, რაზვოზჟაევთან და ლებედევთან ნაცნობობას უარყოფს. სიტუაციის სწორად შეფასებისთვის მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი გამონათქვამი შეიძლება, მის წინააღმდეგაც იქნას გამოყენებული, განსაკუთრებით - ხელისუფლებაში ივანიშვილის მოსვლის შემდეგ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთერთობების მოსალოდნელი ცვლილებისა და თავად საქართველოში მიმდინარე დაკავებების გათვალისწინებით.
http://www.iveroni.com.ge/2012-01-19-17-26...html?lang=ka-GE