ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ახალი ვერსია გამოიკვეთოს
18:40 27-11-2012
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ახალი ვერსია გამოიკვეთოს.
როგორც დეპუტატი ამბობს, დღეს არის სწორედ იმის შესაძლებლობა, რომ სიმართლე გაირკვეს და ობიექტური გამოძიება ჩატარდეს. მისი თქმით, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტი ბურუსით მოცულია და საზოგადოებას ამ საქმეზე ინფორმაცია არ აქვს.
ბესელიას მიაჩნია, რომ ეს საქმე გამოძიებული უნდა იყოს. მისი თქმით, ქვეყანაში, სადაც პრემიერის გარდაცვალების ფაქტზე საზოგადოებაში არ არსებობს განცდა, რომ საქმე გამოძიებულია, ეს იმას ნიშნავს, სულ რომ არაფერი ჩაედინა წინა ხელისუფლებას, ეს მას უმძიმეს ტვირთად აწევს.
"შესაძლებელია, ჟვანიას გარდაცვალების სრულიად სხვა ვერსია გამოიკვეთოს. სწორედ ამიტომ უნდა იყოს ეს და კიდევ სხვა გახმაურებული საქმეები გამოძიებული", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...moikvethos.html