http://open.ge/index.php?m=12&y=2012&art=9820პატრიარქის ცინიზმი, აი, ასეთი "საქართველოს დედა" ინატრეთ...
გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა"
2012-11-03
მარიამ ლორთქიფანიძე - 90 - პატრიარქმა მას საქართველოს დედა უწოდა
მისი ავტორიტეტული სიტყვა დღეს განსაკუთრებით სჭირდება ჩვენს ქვეყანას
მარიკა ლორთქიფანიძე გამოჩენილი ქართველი მეცნიერი-ისტორიკოსი, მაღალი ღირსების საზოგადო მოღვაწე და ღვაწლმოსილი პედაგოგია. იგი მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრია.
90 წლის მარიამ ლორთქიფანიძეს შეუძლია იამაყოს თავისი ღირსებით, განვლილი გზით, შემოქმედებითი საქმიანობითა და საზოგადოებრივი ცხოვრებით. მეცნიერს გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი ნაშრომი, მათ შორისაა რამდენიმე მონოგრაფია, სამეცნიერო სტატიები. ამ ნაშრომებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული მედიევისტიკის განვითარებაში, შუქი მოჰფინეს ბევრ, მანამდე გადაუჭრელ პრობლემას. ქალბატონი მარიკა გულმხურვალედ და შემართებით ეხმაურება საზოგადოებრივი ცხოვრების საჭირბოროტო საკითხებს, პირნათლად იხდის პატრიოტი მეცნიერის ვალს სამშობლო ქვეყნის წინაშე.
ორი წლის წინათ სრულიად საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ მარიამ ლორთქიფანიძე ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი - წმიდა გიორგის მედლით დააჯილდოვა. უწმინდესმა საქართველოს დედა უწოდა მას. ეს ყველაზე მაღალი და ნათელი შეფასებაა ქალბატონი მარიკას დიდი მეცნიერული და მოქალაქეობრივი ამაგისა.
90 წლის მარიამ ლორთქიფანიძის ავტორიტეტული სიტყვა, მისი თანადგომა, მისი შემართება დღეს განსაკუთრებით სჭირდება ჩვენს ქვეყანას.
ქალბატონი მარიკა დიდი ტრადიციული ქართული ოჯახის დედაა - ჰყავს სამი შვილი, შვიდი შვილიშვილი და რვა შვილთაშვილი. ეს დიდი ბედნიერებაა.
მარიამ ლორთქიფანიძე ბედნიერია თავისი ძმით - გიგა ლორთქიფანიძით. გამოჩენილმა ქართველმა ხელოვანმა, თეატრისა და კინოს რეჟისორმა, ქვეყნის ბედზე მოფიქრალმა გიგა ლორთქიფანიძემ წარუშლელი კვალი გაავლო საზოგადოებრივ ცხოვრებაში. და-ძმა თანამოაზრენი არიან - მტკიცედ გამოხატავენ თავის ეროვნულ პოზიციას.
წარმატებებს, ჯანმრთელობასა და მრავალჟამიერ სიცოცხლეს ვუსურვებ მარიამ ლორთქიფანიძეს.
როინ მეტრეველი
სიტყვა მეგობარზე
გამოჩენილ ისტორიკოსს, აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძეს დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდა. თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე მან თავის საყვარელ ქვეყანას ბევრი სიკეთე მოუტანა. ამიტომ არ არის შემთხვევითი, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია ||-ემ მას "საქართველოს დედა" უწოდა. მე მარიკას სხვა ტიტულებს აღარ ჩამოვთვლი. მარიკა მარიამობის დღეს, 28 აგვისტოსაა დაბადებული და მისი ყველა სიკეთე აქედან მოდის. მარიკა მარტო დიდი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე არ არის, არამედ მე პირადად მისი ადამიანურ თვისებებში მეგობრებთან დამოკიდებულება, ადამიანებთან ურთიერთობა, მათთვის სიკეთის მოტანის სურვილი უფრო მეტად მიზიდავს.
მე და მარიკა რვა ათწლეულზე მეტია, ერთად მოვდივართ, ერთად განვვლეთ ცხოვრების გრძელი გზა. ჩვენს ურთიერთობას კი სკოლის დაწყებითი კლასებიდან ეყრება საფუძველი. 1930 წლის 1 სექტემბერს 25-ე შრომის სკოლის 21 კლასში ჩვენმა დამრიგებელმა მასწავლებელმა ნინო მიქელაძემ (დავით მეველეს ქალიშვილი) შემოიყვანა გამხდარი გოგონა. პირველად მას ცოტა ალმაცერად შევხვდით, მაგრამ სულ მალე იგი ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე გახდა და ასეთად დარჩა სკოლის დამთავრებამდე. ჩვენ მეგობრობას, სიახლოვეს ის აძლიერებდა, რომ ერთი სულისკვეთების, ერთი მსოფლმხედველობის ვიყავით და კარგად ვგრძნობდით, თუ რა ქვეყანაში გვიწევდა ცხოვრება.
სკოლის წლებში ჩვენი შეკრების ძირითადი ადგილი მარიკას ოჯახი იყო, სადაც დიდი სითბოთი გვხვდებოდნენ მარიკას დიდებული მშობლები, შესანიშნავი ქალბატონი დეიდა ნინო და ბრწყინვალე პიროვნება - ძია დავითი, რომელიც ვერ შეეგუა ახალ წყობას, კომუნისტური ცხოვრების წესს და მისი სიცოცხლე საშინელმა წლებმა იმსხვერპლა.
სკოლა, უნივერსიტეტი, ასპირანტურა, შემდეგ ისევ უნივერსიტეტი ცხოვრების ეს გრძელი გზა ერთად გავიარეთ. მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენი დამოკიდებულება ისევ ისეთი იყო, როგორიც ჯერ კიდევ ბავშვობაში, სკოლის წლებში ჩაისახა. მარიკა ყოველთვის ჩვენი მეგობრობის ბურჯი იყო. მას არასოდეს ავიწყდებოდა თავისი მეგობარი არც სიკეთის და არც უბედურების ჟამს. და განა მარტო მახლობლებისათვის გაუწოდებია მას დახმარების ხელი. მარიკას ყოვლად უშიშრად, როდესაც ეს არც თუ ისე უსაფრთხო იყო, არაერთგზის სიტყვიერად თუ წერილობით გამოუთქვამს თავისი აზრი სხვის დასაცავად.
წლებს მაინც თავისი მიაქვს. მარიკას და მე ამ ბოლოს ავადმყოფობა შემოგვეჩვია, ფეხებმა გვიმტყუნა. ვუსურვებ მარიკას გამოჯანმრთელებას, კარგად ყოფნას; მას ჯერ კიდევ ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია თავის საყვარელი ქვეყნისათვის. იმედია, მარიკა კიდევ იტყვის თავის სიტყვას ჩვენში ამჟამად მიმდინარე მოვლენებზე, ახლა საქართველო განვითარების ახალ, დემოკრატიულ გზას დაადგა და მარიკას ყოველი სიტყვა ჩვენს წარსულზე და აწმყოზე უფრო მეტად ფასეული იქნება.
ოთარ ჯაფარიძე
მარად ჩაუქრობელი ქართული სულის მესაიდუმლე
პატივი მაქვს, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების სახელით გულითადად მოგესალმოთ თქვენ, მრავალი წლის მანძილზე ამ საზოგადოების ერთგულ წევრსა და ქომაგს, მრავალჭირგამოვლილ, მაგრამ ჩაუქრობელი ქართული სულის მესაიდუმლეს, თქვენი დიდი წინამორბედი მოღვაწეების კვალდაკვალ საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის სიწმინდის ღირსეულ დამცველს, ქართველთა უკეთესი აწმყოსა და მომავლისათვის შეუპოვარ მებრძოლს, შესანიშნავი ოჯახის დედაბოძს, ქართველებისა და არამხოლოდ ქართველების სიყვარულითა და უღრმესი პატივისცემით გამორჩეულს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია || მიერ ქართველთა დედად აღიარებულს, მოგილოცავთ სახელოვან საიუბილეო თარიღს - მარიამობის 90-ე დღესასწაულს.
1951 წელს, როდესაც მე და ჩემი მეგობრები პირმშვენიერმა და ახალგაზრდა ლექტორმა მღელვარე ფაქტებითა და მოვლენებით აღსავსე მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის სამყაროს გვაზიარეთ, ვერც ვიოცნებებდი, რომ ექვსიოდე წლის შემდეგ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში თქვენს გარემოცვაში აღმოვჩნდებოდი; ბედნიერება მექნებოდა ხშირად მეხილეთ, გავცნობოდი შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის კარდინალური პრობლემებისადმი მიძღვნილ თქვენს ნაშრომებს, თქვენი ბრწყინვალე საჯარო გამოსვლები მომესმინა და ბოლო 50 წლის მანძილზე თქვენთან კეთილი ურთიერთობებით გამეხარა.
ქალბატონო მარიამ, თქვენ მრავალი თაობისათვის პროფესიონალიზმის, ერისა და ქვეყნის მსახურების, ერთგული მეგობრობის, ადამიანის სიყვარულისა და თანადგომის მისაბაძი მაგალითი ბრძანდებით.
დღეგრძელობას, მზეგრძელობას და თქვენთვის ჩვეულ შემართებას გისურვებთ. გაიხარეთ და თქვენი არსებობით ჩვენც გაგვახარეთ.
ნანა ხაზარაძე
ქართული ისტორიოგრაფიის მშვენება
აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე ისტორიკოსთა იმ რიცხვს მიეკუთვნება, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მრავალსაუკუნოვანი ქართული ისტორიული აზროვნების განვითარებაში. უკვე მრავალი ათეული წელია ის ღირსეულად წარმოაჩენს ქართულ ისტორიულ სკოლას როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მარიამ ლორთქიფანიძის ფუნდამენტური გამოკვლევები ფართოდაა ცნობილი სპეციალისტებისათვის. დიდია მისი ღვაწლი ქართული საისტორიო წყაროების გამოკვლევასა და პოპულარიზაციაში, განსაკუთრებით "ქართლის ცხოვრების" შესწავლასა და მის უცხო ენაზე გამოცემაში. მარიამ ლორთქიფანიძის შრომებზე არაერთი თაობა აღიზარდა და კვლავაც აღიზრდება.
ბედნიერი ვარ, რომ მქონდა პატივი ქალბატონი მარიამი ყოფილიყო ჩემი პედაგოგი. მისი ხელმძღვანელობით გავიარე "ქართლის ცხოვრების" სპეცკურსი ასპირანტურაში. ჩემს მეხსიერებაში ღრმად აღიბეჭდა ყურადღებიანი და კეთილმოსურნე პროფესორის სახე, რომელიც პატივისცემით ეკიდებოდა ახალგაზრდა ოპონენტთა მოსაზრებებს, გვინერგავდა მეცნიერული პასუხისმგებლობის განცდასა და საქმისადმი სიყვარულს. პირადი მაგალითით გვასწავლიდა საკუთარი დებულებებისა თუ თვალთახედვის დასაბუთებას.
მარიამ ლორთქიფანიძე დიდი გულისყურით ადევნებდა თვალს ქართული ისტორიოგრაფიის განვითარების პროცესს. ის აქტიურად იყო ჩართული სამეცნიერო დისკურსში აფხაზ კოლეგებთან აფხაზეთის ისტორიის კარდინალურ პრობლემებზე. მისმა შეუვალმა და არგუმენტირებულმა პოზიციამ შესაძლებელი გახადა ქართულ-აფხაზური ისტორიული თანაცხოვრების პროცესების მართებულად გაშუქება. ის აფხაზ კოლეგებთან ერთად მონაწილეობდა აფხაზეთის ასსრ ისტორიის ნარკვევების, უმაღლესი სკოლისათვის აფხაზეთის ისტორიის პირველი სახელმძღვანელოს მომზადება-განხილვაში. მარიამ ლორთქიფანიძემ მიმდინარე წელს გამოსცა ნარკვევი "აფხაზები და აფხაზეთი" (მეორე გამოცემა), რომელიც წარმოადგენს აფხაზეთის ისტორიის საკითხების ახლებურად გააზრების საინტერესო მცდელობას.
მარიამ ლორთქიფანიძე თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ პოლიტიკურ პროცესებში, სადაც ყველა დონეზე მტკიცედ იცავდა ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს. ასეთმა მოქალაქეობრივმა პოზიციამ მას დიდი ავტორიტეტი და სიყვარული მოუტანა საზოგადოების ფართო ფენებში. აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის მთელი ცხოვრება ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა ემსახურო შენს ქვეყანას.
ოთარ ჟორდანია
მიიღეთ ჩვენი უღრმესი პატივისცემა
ვარშავის უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის ფაკულტეტის კავკასიური კვლევის სემინარი და ვარშავის წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესია გულწრფელად ულოცავს გამოჩენილ ქართველ მეცნიერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს მარიამ ლორთქიფანიძეს დაბადებიდან 90 წლისთავს.
აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე არის გამოჩენილი მკვლევარი იმ ქართველ მეცნიერთა შორის, რომლებმაც თავიანთი მეცნიერული საქმიანობის უმთავრეს ამოცანად დაისახეს ქართული მედიევისტიკის შესწავლა და გამოცემა. მეცნიერულ მუშაობასთან ერთად მარიამ ლორთქიფანიძე ეწევა თვალსაჩინო საზოგადოებრივ საქმიანობასაც, არის არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციის წევრი. მისი შრომები არის სიმბოლო იმისა, რაც საუკეთესოა ქართულ ისტორიოგრაფიაში.
დღევანდელი ღონისძიება მიძღვნილი მარიამ ლორთქიფანიძის დაბადების 90-ე წლისთავისადმი წარმოაჩენს მის დამსახურებას საისტორიო მეცნიერების კვლევის საქმეში.
გთხოვთ მიიღოთ ქალბატონო მარიამ ჩვენი უღრმესი პატივისცემა თქვენდამი.
დავით ყოლბაია, ჰენრიკ პაპროცკი
დიდხანს იცოცხლეთ ქვეყნის საკეთილდღეოდ
ქალბატონო მარიამ, თქვენ ქართული ისტორიის მეცნიერების ერთ-ერთ კლასიკოსს, მრავალწლიანმა ძალისხმევამ ქართული ისტორიული მეცნიერების განვითარებაში მოგიპოვათ დიდი პოპულარობა არა მარტო ისტორიულ წრეებში, არამედ ფართო საზოგადოებაშიც. ეს ძალისხმევა არ იყო ადვილად განსახორციელებელი. თქვენი შემოქმედებითი გზა დატვირთული იყო მრავალი სიძნელით. რა ბედ-იღბალიც ჰქონდა საქართველოს, მის ისტორიას, იგივე განიცადეთ თქვენ.
თქვენი კვლევები სამუდამოდ დარჩება, როგორც მიზანმიმართული, თავაუღებელი, მუხლჩაუხრელი შრომის შედეგი. თქვენი ცოდნის სიღრმით, ცოცხალი სიტყვით, ქვეყნის დახმარებისათვის მუდმივი მზადყოფნით, მებრძოლი სულით, სიმართლის ძიებით პატივისცემა დაიმსახურეთ არა მარტო მათ შორის ვისაც პირადი ურთიერთობა ჰქონდა თქვენთან, არამედ სრულიად საქართველოს მოსახლეობას, ერსა და ბერს შორის.
თქვენ ხართ საუკეთესო მაგალითი თანამედროვე ჰარმონიული ადამიანისა, რომელსაც თავის სიცოცხლის მანძილზე, არ დაუტოვებია არცერთი საჭირბოროტო საკითხი არა მარტო სამეცნიერო, არამედ საზოგადოც, ყურადღების გარეშე. ყოველთვის სამართლიანად ეხმაურებით ქვეყანას და უფრო მეტიც ებრძვით საზოგადოებისთვის მიუღებელ პრობლემებს. შემართული ბრძოლა ადამიანთა კეთილდღეობისთვის, სახელმწიფოსა თქვენი და საქართველოს ღირებულებების გადარჩენისთვის, მუდამ არის უკომპრომისო და პირდაპირი.
პირადი თვისებები, ზომიერი დიპლომატია, მაღალი ინტელექტი, ადამიანთან ურთიერთობის თქვენებური უნარი - უშუალობის ასეთი გამოვლინება, მრავალთათვის მისაბაძია.
თქვენი სამეცნიერო დამსახურება, წვლილი შეტანილი ქართული მეცნიერების განვითარებაში უდიდესია. მრავალი სტატია, მონოგრაფია სათანადოდ იქნა შეფასებული სახელმწიფოს, სხვადასხვა ფონდების, საზოგადოებებისა და საპატრიარქოს მიერ. თქვენი წვლილი ქვეყნის ღირებულებებისათვის ბრძოლის საქმეში ასევე სათანადოდ არის დაფასებული. ხალხის სიყვარული, რომელიც თქვენ დაიმსახურეთ - სწორედ ამის დადასტურებაა.
დიდია თქვენი წვლილი ახალგაზრდობის არა მარტო მეცნიერულ, არამედ სულიერ აღზრდაშიც. ამის მაგალითად მინდა გავიხსენო, 28 აგვისტოს, მარიამობას, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ცნობა თქვენი დაბადების დღის შესახებ. ერთ დღეში თქვენ მოგილოცათ 2027 ადამიანმა. ეს შესაშური წარმატებაა, რადგანაც არ მეგულება არც კინო ან ტელევარსკვლავი, არც სპორტსმენი, არც მეცნიერი, რომელიც ასე მოკლე დროში მოაგროვებდა ამდენ ხმას. ეს მართლაც შესაშურია კიდევ იმიტომაც, რომ ამ სოციალურ ქსელში უმრავლესად ახალგაზრდობაა ჩართული.
ქალბატონო მარიამ!
გილოცავთ!
გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!
ლია მელიქიშვილი
თქვენ ყველა ჩვენგანს სჭირდებით
ქართველი ხალხი თავის რჩეულს მხოლოდ სახელით მოიხსენიებს. ასეა ქალბატონ მარიკასთან დაკავშირებითაც. როდესაც განსაკუთრებული პატივისცემით ვახსენებთ ამ სახელს, ყველასთვის ცხადი ხდება, რომ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ მარიამ ლორთქიფანიძეზე, ჩვენი ერის გამორჩეულ შვილზე. ბუნებრივია, საზოგადოების ამგვარი დამოკიდებულება შენდამი, ეტყობა, სასიამოვნოა, მაგრამ ერთდროულად, ეს დიდი ტვირთიცაა. ტვირთი შენი ქვეყნის წინაშე დიდი ვალდებულებისა, რადგან ძალიან ძნელია, ღირსეულად ემსახურო მას. ქალბატონმა მარიკამ ეს შეძლო.
ამგვარ მოკლე გზავნილში, ცხადია, ვერ ისაუბრებ მის უდიდეს დამსახურებაზე ქვეყნის წინაშე, რადგან ის ძალიან მრავალმხრივია. ამის გამო მე მხოლოდ ერთ დეტალზე გავამახვილებ ყურადღებას.
გასული საუკუნის მიწურულს, საბჭოთა იმპერიის პერიოდში, პრინციპულად დადგა საკითხი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გადარჩენასთან დაკავშირებით. მის ტერიტორიაზე არსებულმა რუსული ყუმბარმტყორცნების პოლიგონმა ქართულ ისტორიულ ძეგლებს რეალური საფრთხე შეუქმნა. დაიწყო საერთო სახალხო მოძრაობა მათ გადასარჩენად და დავით გარეჯის ტერიტორიიდან სამხედრო პოლიგონის გასატანად. მძლავრ საბჭოთა სამხედრო მანქანასთან ბრძოლა განსაკუთრებით ძნელი იყო, თითქმის უსაგნო. სწორედ ამ დროს ჩაუდგა ქალბატონი მარიკა სათავეში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს და წარმართა მათი მოქმედება. სწორედ მათმა თავგანწირვამ, საქართველოს მოწინავე საზოგადოებასთან ერთად, შეძლო შეუძლებელი - საბჭოთა სამხედრო პოლიგონი გატანილ იქნა დავით გარეჯის ტერიტორიიდან.
ამჟამად, მიუხედავად თავისი ჭარმაგი ასაკისა, ქალბატონი მარიკა კვლავ დგას თავისი ქვეყნის სადარაჯოზე.
ამის ნათელი მაგალითია ქალბატონი მარიკას აქტიური მოქმედება დღესაც, როდესაც დავით გარეჯის უდაბნოს ისტორიულ ძეგლებს და მთლიანად საქართველოს ამ კუთხეს კვლავ პრობლემები შეექმნა - ეჭვის ქვეშ დააყენეს მთლიანად ამ მხარის ისტორიული საქართველოსთვის და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ქართული კულტურისათვის კუთვნილების საკითხი. ამჟამად ქალბატონი მარიკას აქტიური მონაწილეობით მიმდინარეობს პრობლემის ღრმა მეცნიერულ დონეზე დამუშავება და იგი, იმედია, ობიექტურ ჭეშმარიტებას დაადგენს.
ვუსურვოთ ქალბატონ მარიკას ჯანმრთელობა და ბედნიერება. იგი სჭირდება მის სალოცავ სამშობლოს და ყველა ჩვენგანს.
კონსტანტინე ფიცხელაური
ქართული მეცნიერების ინტერესის დამცველი
XX საუკუნის 70-იანი წლების თსუ ისტორიის ფაკულტეტი გამორჩეული იყო თავისი პროფესურით. წარმოიდგინეთ ვინ ასწავლიდა, ვინ ზრდიდა მომავალ ისტორიკოსებს - გიორგი ჩიტაია და გიორგი მელიქიშვილი, აბელ კიკვიძე და ლევან სანიკიძე, გივი ჟორდანია და ვალერიან მაჭარაძე, ნუკრი შოშიაშვილი და გივი ჯამბურია, გივი კოღურაძე და დევი კაციტაძე, ოთარ ჯაფარიძე და ნათელა ვაჩნაძე, ნოდარ ასათიანი და იაზო კიკვიძე, რეზო ლასკარი და ვოვა ივანოვი, კოტე ანთაძე და გერმან სიმონიძე, გოგი დემეტრაძე და გია ავალიშვილი, აკაკი სურგულაძე და ანდრო ლეკიაშვილი... აკადემიკოსები, პროფესორები, უბრალოდ მასწავლებლები. ყველას ვერ ჩამოთვლი. საოცარი ხალხი იყო, საოცარი პედაგოგები, თავისი საქმის დიდი სპეციალისტები. ბევრი მათგანი დღეს ცოცხალი აღარ არის. უფრო სწორად - უმრავლესობა. მაგრამ ყველა მათგანი ახსოვს იმ დროის ყველა სტუდენტს, ყველა მათ მიერ აღზრდილ ისტორიკოსს. ახსოვთ და ემადლიერებიან. მართლაც, გამორჩეული პიროვნებები იყვნენ თავისი ნიჭიერებით, ახალგაზრდებზე ზრუნვით. და, აი ამ რჩეულთა შორის იყო და არის ერთი რჩეული ქალბატონი. მისი სახელი და გვარი საქართველოში ყველამ იცის. ისტორიკოსებზე, ფილოლოგებზე და საერთოდ ჰუმანიტარებზე არაფერს ვამბობ. იციან ყველა პროფესიის თუ პროფესიის არ მქონე ადამიანებმა ქალაქად და სოფლად. შემთხვევით არ უწოდა ამ ქალბატონს საქართველოს პატრიარქმა "ქართველთა დედა". მარიამ ლორთქიფანიძე, მართლაც გამორჩეულია ყველაფრით. გამორჩეულია, როგორც მეცნიერი, როგორც აღმზრდელი და დამრიგებელი და როგორც მოქალაქე. გამორჩეულია, როგორც მჭევრმეტყველი ლექტორი და როგორც სამეცნიერო ხელმძღვანელი, გამორჩეულია გარეგნობით და გამორჩეულია კდემით.
გამორჩეულად მკაცრია გამოცდებზე. ყველასთან განურჩევლად. საქართველოს ისტორია ყველამ უნდა იცოდეს! ამიტომ "სამიანის" მსურველიც კი ჩასაბარებლად სამჯერ მაინც უნდა დაიბაროს. მაგრამ, "მკაცრი" მარიამ ლორთქიფანიძე უაღრესად ყურადღებიანი და გულთბილია სტუდენტების მიმართ. ახლახანს, ორი საკმაოდ მძიმე ოპერაცია გადაიტანა ქალბატონმა მარიკამ. რეანიმაციული განყოფილებიდან არც ჰყავდათ გამოყვანილი, სულ რამდენიმე წუთის გამოფხიზლებული იყო და პირველი რაც გაახსენდა მისი მაგისტრანტები იყვნენ, რომლებთანაც გამოცდის ჩატარება ვერ მოასწრო...
დღეს ბევრი იბრალებს საქართველოს ინტერესების დაცვას. ბევრი ჩემულობს პატრიოტობას და მამულიშვილობას. დღეს ადვილია ყველაფერი თქვა და ყველაფერი დაიბრალო. მარიამ ლორთქიფანიძე საბჭოთა იდეოლოგიური წნეხის ურთულეს პირობებში, ყველგან და ყოველთვის იცავდა ქართული მეცნიერების ინტერესებს, თბილისის უნივერსიტეტის ინტერესებს, ქართველი სტუდენტების ინტერესებს, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.
მის გაზრდილ ქართველ ისტორიკოსთა დიდი ლაშქარი, მდაბლად თავს უხრის 90 წლის მარიამ ლორთქიფანიძეს!
ზყ თყ კიდევ ბევრის თქმა შეიძლება მარიამ ლორთქიფანიძეზე. უამრავის თქმა შეიძლება. მაგრამ სათქმელს ვიტოვებ 100 წლისთავის მილოცვისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს 10 წელი საუკუნოვან იუბილემდე, ისეთივე ნაყოფიერი იქნება მისი მეცნიერული მოღვაწეობისთვის, როგორც განვლილი ათწლეულები.
აზა აბაშიძე
"...კედელი, ვითარცა ქვითკირით ნაგები..."
დაიბადა მარიამობას, ჭეშმარიტად უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულზე, ქვეყანაში, რომელსაც ღვთისმშობლის კალთა ჰფარავს, გარკვეულწილად - მასაც. ნახევარ საუკუნეზე მეტია მასზე მეტად ცნობილი, სახელგანთქმული, პოპულარული მეცნიერი არავინაა თანამედროვე ქართველთა შორის. ეს, ნაწილობრივ, თავად დარგმაც განაპირობა...
მან მოიპოვა საყოველთაო აღიარება და უდიდესი სიყვარული ერსა და ბერში. არ მოიძებნება საქართველოში ადამიანი, ვისაც არ სმენია მისი სახელი, რაც მუხლმოუხრელი შრომითა და მიზანმიმართული საქმიანობით მიიღწევა. მაგრამ არის ქ-ნი მარიკას მოღვაწეობის ერთი მხარე, რომელიც სამშობლოსადმი ერთგულებისა და მსახურების სრულიად განსხვავებული ფორმაა და რომლის შესახებ ცოტა ვისმეს თუ სმენია რაიმე. ეს გახლავთ მისი მოღვაწეობა საერთაშორისო ფორუმებზე - კონგრესებზე, კონგრესებს შორის მოსაწვევ ყრილობებზე, კოლოკვიუმებზე, სამეცნიერო კონფერენციებზე, მეცნიერებისა და კულტურის დღეებზე, იდეოლოგიის საკითხებისადმი მიძღვნილ თავყრილობებზე - გამართულ დისკუსიებში, სადაც ქ-ნი მარიკა სრულიად შეუცვლელი და მართლაც რომ შეუდარებელი გახლდათ. რა პრობლემაც არ უნდა წამოჭრილიყო, მისი მოღვაწეობის ფართო ჰორიზონტისა და მეცნიერული ინტერესების წყალობით, საკადრის პასუხს სცემდა ყველა თავდამსხმელს, რომელთაც ხშირად უცხოელი მეცნიერებიც უმაგრებდნენ ზურგს, არ ვიცი, თავიანთი გულუბრყვილობით თუ სხვა რამ მიზეზით, მიზეზი კი მრავალი შეიძლებოდა ყოფილიყო... რადგან მიუღებელი იყო საერთაშორისო ფორუმებზე საბჭოთა მეცნიერებს შორის ცხარე კამათი და ურთიერთთავდასხმები, და კიდევ იმიტომ, რომ საბჭოთა დელეგაციების ხელმძღვანელები კავკასიის ქვეყნების ისტორიის საკითხებში ჩაუხედავნი იყვნენ, ამიტომ ქ-ნი მარიკას იქ ყოფნა მათთვის ხსნა იყო. კათედასთან იდგა ლამაზი, კეთილშობილი გარეგნობისა და წარმომავლობის, დინჯი, თავდაჭერილი, დახვეწილი, ტაქტიანი, ღირსებით აღვსილი, ტკბილმოუბარი, მაგრამ პრინციპული, გაუტეხელი ადამიანი, ქვეყნის სადარაჯოზე მდგარი, "ვითარცა კედელი, ქვითკირით ნაგები"... ძალას მოკრება სჭირდება, საქართველოს - ქ-ნი მარიკა.
ნათელა ვაჩნაძე
იგი ჩვენი კერპია, სტუდენტებისთვის - ლეგენდა
ქართველ ხალხს ოდითგან მოსდევს სამაგალითო კაცთმოყვარული ჩვეულება - ადამიანის ღვაწლის დაფასება, ეს მაგალითია მომავალი თაობებისათვის და ღირსეულ ტრადიციებზე აღზრდის საშუალებაც.
წელს სახელოვანი ქართველი ოსტორიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, აკად. მარიამ ლორთქიფანიძის იუბილეა.
ბედნიერად ვთვლი თავს, რომ ათეული წლების მანძილზე მიხდებოდა ქალბატონ მარიკას გვერდით ყოფნა. იგი ჩვენი კერპია, სტუდენტებისთვის - ლეგენდა. დღემდე მახსოვს კათედრასთან მდგომი ინტელექტუალური მანერის დიდებული ქართველი ქალბატონი, რომლის შესახედაობას ხიბლს ანიჭებდა ნატიფი ნაკვთები და თოვლივით თეთრი თმა. თავისი მრავალშინაარსიანი ლექციებით და გადმოცემის ბრწყინვალე ორატორული ნიჭით იგი ფართოდ ნერგავდა უნივერსიტეტის კედლებში ქართველი ხალხის, მისი მდიდარი ისტორიის სიყვარულსა და პატივისცემას.
არისტოკრატული ტრადიციების მქონე ოჯახში აღზრდამ განაპირობა ქალბატონ მარიკას ხასიათის ბუნება და საუკეთესო თვისებები: სიმტკიცე, სამართლიანობა, კაცთმოყვარეობა, გულმოწყალება. ყოველთვის იდგა იქ სადაც უჭირდა ქვეყანას, მეცნიერებსა თუ მეგობრებს, იდგა სიმართლის მხარეს მტკიცედ და შეუდრეკელად, არასოდეს დაუთმია მოქალაქეობრივი და მეცნიერული პრინციპები. ამიტომაც იქცა მისაბაძად თაობებისათვის. იშვიათად ღირსებია თანამედროვეობისაგან მეცნიერს ასეთი პატივი და სიყვარული როგორც მარიამ ლორთქიფანიძეს.
ვულოცავ ამაგდარ მეცნიერს, ჩვენს მოძღვარს, დიდ დედას, დიდებულ საიუბილეო თარიღს, და ვსარგებლობ რა შემთხვევით, მადლობას მოვახსენებ იმ ამაგისთვის, რომელიც ქართველოლოგიური მეცნიერების წინაშე მიუძღვის.
მზეგრძელობა და დღეგრძელობა ყველასთვის საამაყო და საიმედო ქალბატონო მარიკა.
თამილა ცაგარეიშვილი
ხმაგანსმენილი
ალბათ არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ ქართველი წიგნიერი საზოგადოებისათვის აკადემიკოს მარიამ (მარიკა) ლორთქიფანიძეზე უფრო პოპულარული ქართველი მანდილოსანი ძნელად თუ მოიძებნება. ასეთი, ძველი ქართული ლექსიკა რომ მოვიშველიოთ, "ხმაგანსმენილობა", მან დიდი ხანია რაც მოიპოვა და საამისო მიზეზი არა მხოლოდ სამეცნიერო ასპარეზზე მოღვაწეობა უნდა ყოფილიყო, რომელმაც მას ფართო საზოგადოებაში გამოჩენილი ისტორიკოსის სახელი მოუხვეჭა. არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს მის საზოგადოებრივ ძალისხმევას.
მარიამ ლორთქიფანიძე ბუნებით ფრიად აქტიური პიროვნებაა და ამდენადვე იგი ინტენსიურად იყო და არის ჩაბმული ქვეყნის საზოგადოებრივი განვითარების პროცესში. შეიძლება ითქვას, არც ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება თუ მოვლენა არ ყოფილა ჩვენი ხალხის კულტურულ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში, იგი რომ არ გამოხმაურებოდეს მასმედიის საშუალებით ან უშუალო მონაწილეობით.
როგორც ისტორიკოსმა, მარიამ ლორთქიფანიძემ კარგად იცის ქართველი ხალხის გენეტიკური განწყობა თავისუფლებისადმი, თავგანწირვა ქვეყნის დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის და ამიტომ, მისი უმთავრესი საზრუნავი საქართველოს მომავალია. ამიტომაცაა, რომ მარიამ ლორთქიფანიძე ყოველთვის მწვავედ რეაგირებს იმ უსამართლობათა წინააღმდეგ, რომლებიც, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას არ აკლია შინაურ თუ გარეულ არაკეთილმოსურნეთაგან.
ვულოცავ ქალბატონ მარიკას საიუბილეო თარიღს და ვუსურვებ ჩვეული ენერგიით ხანგრძლივ მოღვაწეობას ჩვენი ქვეყნის და მისი კულტურის საკეთილდღეოდ.
დავით მუსხელიშვილი
* * *
მრავალჟამიერ სიცოცხლესა და წარმატებებს გისურვებთ
24 საათი 24.08.12
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია გულ¬წრფელად ულოცავს გამოჩენილ ქართველ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, მეცნიერების დამსახურებულ მოღვაწეს, აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძეს დაბადებიდან 90 წლისთავს.
მარიამ ლორთქიფანიძის ნაშრომებმა მნიშვნე¬ლოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოს ისტორიის, კერძოდ, ქართული მედიევისტიკის განვითარებაში, შუქი მოჰფინეს ბევრ მანამდე გადაუჭრელ პრობლემას; ამავე დროს მეცნიერი ყოველთვის გულმხურვალედ გამოხა¬ტავს საზოგადოებრივი ცხოვრების საჭირბოროტო საკითხებისადმი დამო¬კიდე¬ბუ¬ლებას, პირნათლად იხდის მეცნიერი-პატრიოტის ვალს სამშობლოს წინაშე; მას შეუძლია იამაყოს თავისი ღირსებით განვლილი გზით, შემოქმედებითი საქმიანობითა და საზოგადოებრივი ცხოვრებით.
ვუსურვოთ ქალბატონ მარიამს მრავალჟამიერი სიცოცხლე და მაღალი ღირსებით აღნიშნული წარმატებული საქმიანობის გაგრძელება.
აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი
http://24saati.ge/index.php/category/socie...8-24/31442.html