უეფა-ს ვიცე-პრეზიდენტი სფფ-ს მანქანის მაგივრად კალაძის ესკორტში ჩაჯდა
16:16 03-12-2012
უეფა-ს ვიცე-პრეზიდენტს და კიევის "დინამოს" ყოფილ პრეზიდენტს, გრიგორი სურკისს თბილისში საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის(სფფ) ხელმძღვანელებთან ერთად , საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძის ესკორტიც დახვდა.
"რუსთავი 2"-ის ცნობით, სურკისს აეროპორტში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ზვიად სიჭინავა და გენერალური მდივანი, რეზო არველაძე დახვდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მცირე გაუგებრობა გამოიწვია იმან, რომ უეფა-ს ვიცე-პრეზიდენტი ფედერაციის მანქანის მაგივრად, ენერგეტიკის მინისტრის ესკორტში ჩაჯდა.
კითხვაზე, რა რეაგირება ექნება უეფას, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაში მთავრობის ჩარევის შემთხვევაში, სურკისმა განაცხადა, რომ უეფა ასეთ საქციელს ყოველთვის შესაბამისი რეაგირებით ხვდება.
"იმედს ვიტოვებ, რომ სახელმწიფო ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაში არ ჩაერევა, ვინაიდან ეს კატეგორიულად ეწინააღმდეგება ფიფა-სა და უეფა-ს წესდებას. იქნება ეს საქართველო, უკრაინა თუ ინგლისი, უეფა ასეთ შემთხვევაში უფლებამოსილია შესაბამისი სანქციები გაატაროს. იმედი მაქვს, სიტუაცია ასე არ დაიძაბება და მთავრობა ფეხბურთის ფედერაციასთან საერთო ენას გამონახავს",- განაცხადა სურკისმა.
ამ წუთებში ის სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, კახი კალაძეს და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრს, ლევან ყიფიანს ხვდება. მას არ ესწრებიან ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნები და ისინი სურკისთან შეხვედრას ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ აპირებენ.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე კახი კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ მთავრობა არ უნდა ჩაერიოს ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაში.
"ეს მართლაც ასე უნდა იყოს, რაც არ ხდებოდა სააკაშვილის ხელისუფლების დროს. ის პირდაპირ ნიშნავდა სპორტის სხვადასხვა ფედერაციის ხელმძღვანელებს და ასეთი შემთხვევა გვაქვს ჩვენ ფეხბურთის ფედერაციაშიც. მე ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნება თუ ჩატარდება არჩევნები და ბატონ ზვიადასაც მიეცემა იმის საშუალება, ხელმეორედ იყაროს კენჭი. მე ვფიქრობ ეს მისასალმებელი იქნება",-განაცხადა კალაძემ.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...shi-chajda.html