unknown lady
Joga Bonito

     
ჯგუფი: Members
წერილები: 8641
წევრი No.: 19337
რეგისტრ.: 16-April 06
|
#34355830 · 17 Dec 2012, 02:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სკოლის მოსწავლე რომ ვიყავი, ქართულ ენასა და ლიტერატურაში პოეზიის საღამოები იმართებოდა. მასწავლებელი შეარჩევდა მწერალს, მოიწვევდა სტუმარს (რომელიც ან კრიტიკოსი იყო ან თავად ავტორი), პატიჟებდა მსმენელებს (რომელთა რიგებში აუცილებლად იყვნენ მშობლები, პედ. კოლექტივი, დირექტორი, ბიბლიოთეკარი და რამოდენიმე ადამიანი “მაღალი საზოგადოებიდან”) , დაგვინაწილებდა დასამუშავებელ მასალას და ტარდებოდა “ამა და ამ მწერლისათვის მიძღვნილი ღონისძიება”. გარემოება არ მოითხოვს, აღვწერო იმდროინდელი ღონისძიებების შინაარსი, რადგან დარწმუნებული ვარ, ყველა ოდესღაც დასწრებიხართ ამგვარ მოვლენას. ზოგადად, შეხვედრას რამოდენიმე თავისებურება ჰქონდა. პოეზიის საღამოზე უსათუოდ მოისმენდით, რომ პოეტი უმღერის ამას და ამას, რომ მის კალამს ეკუთვნის ქართული პოეზიის არაერთი მარგალიტი. ნაწარმოებების განხილვას თან სდევდა აუტანელი მორალი და უშინაარსო ფრაზების მთელი არმია. საღამო თავდებოდა დამრიგებლის ტვინიდან გამოწურული შეგონებით - თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სწავლა-განათლება მაღალზნეობრივ ადამიანად ჩამოყალიბებაში. ზოგიერთ მასწავლებელს თვალზე ცრემლიც კი მოაწვებოდა ხოლმე. „ცრემლმორეულნი“ ზედმეტად გულუბრყვილონი და პატიოსანნი იყვნენ, ამიტომ უშინაარსო ფრაზების ქაოსური კორიანტელი ნეტარებად ეჩვენებოდათ. „ასეთები“ იშვიათად შემხვედრიან. უნდა ითქვას, რომ “ასეთებს” უანგაროდ ცხოვრება შეუძლიათ, მუდამ თავად ხდებიან “მსხვრეპლნი” და არასოდეს აშავებენ რამეს. ამ უკანასკნელში კი, დამეთანხმებით, ცუდი მართლაც არაფერია, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ „ასეთები“ არც არაფერს ქმნიან.
ასე იყო მოკლედ და ვეჭვობ, დღესაც ასეა.
“ის” საღამო გალაკტიონის იყო. მე “მესაფლავე” შემხვდა.
იმ დროს არ მიყვარდა გალაკტიონი. ვერ ვხვდებოდი, რა იყო სამაგალითო იმაში , თუ ადამიანს “სახე მწუხარებით მიუმწუხთებია”, “ბევრჯერ მიზნისთვისაც შეუკურთხებია”, “უცებ ბრუნდება და სულით დაეცემა”, “სამუდამო მხარეში მხოლოდ სიმწუხარეა”, თუ “ცეცხლი არ კრთის თვალებში” და “წევხარ ცივ სამარეში”. მესმოდა მხოლოდ მუსიკა და ვრწმუნდებოდი, გალაკტიონს სულაც არ აწუხებდა, რომ თავის სამშობლოში მან “მოვლო მხოლოდ უდაბნო ლურჯად ნახავერდები”, ის უბრალოდ ტკბებოდა სევდით. იგი ყოველთვის დაინახავდა “იისფერ თოვლს” და “უღონოდ დახრილ ხელებს”. მისი “ვნება”, “წამება”, “ობლად დარჩენა” და სხვა ათასი უბედურება გარემოს არ გამოუწვევია. გალაკტიონი შინაგანად იყო “ასეთი” და სხვაგვარად, უბრალოდ, არ შეეძლო. “ტრაგიზმით ტკბობა“ მისი ძლიერი მოთხოვნილება იყო. ენით აღუწერელი მუსიკა სიამოვნებას მანიჭებდა . მეტს ნამდვილად ვერაფერს ვიტყოდი, რადგან ფარული სევდით ტკბობაში, პირადად მე, დიდ ხეირს ვერ ვხედავდი.
პედაგოგებს არაერთხელ აუხსნიათ ჩემთვის , რომ “დიდი ქართველი პოეტი გალაკტიონ ტაბიძე, რომელიც უმღერის ამას და ამას” ხეირის მისაღებად არ წერდა ლექსებს. ჩემი გამოხტომა კი თინეიჯერულ ახირებად მიაჩნდათ. შეიძლება ეს ასეც იყო. გულწრფელობა მოითხოვს ვაღიარო, დინების წინააღმდეგ ცურვა ბავშვობიდან მიზიდავდა. რას ვიზამთ, სიხარულს ყველა თავისებურად განიცდის. ამავე გულწრფელობის “ხათრით”, იმასაც დავწერ, რომ მეც არაერთხელ ჩამძინებია გალაკტიონის წიგნით ხელში…
განა შეიძლება ადამიანი ამ სიტყვების მიმართ გულგრილი დარჩეს?!
“რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები, მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი, ხელუხლებელი, როგორც მზის სხივი, მიუწვდომელი, როგორც ედემი”.
ჩვენ ხომ საკუთარ თავს სწორედ სხვებში ვხედავთ. ჩვენივე ნაწილი გადაგვაქვს “ვიღაცაზე” ან სულაც “რაღაცაზე”. წარმოსახვა კი მთელს მოწყვეტილ ნაწილს მზის სხივივით ხელუხლებელ ედემად აქცევს… ადამიანი ასეა მოწყობილი, თუმცა რატომ ხდება ასე, ნამდვილად არ ვიცი.
დავუბრუნდეთ „იმ“ საღამოს და „ჩემს მესაფლავეს“. ეს ლექსი დღემდე ვერ შევიდა ჩემი საყვარელი ნაწარმოებების სიაში. ალბათ იმიტომ, რომ ვერ ვგუობ მის შინაარსს.
დამეთანხმებით, რაც უფრო ღრმა ბავშვობაში ხარ, მით უფრო წარმოუდგენელია სიკვდილი. “ის რაღაც” შენს გარეთ მდებარეა და “ძალიან შორს არის”. დღესაც, რატომღაც, ამ საკითხზე მომინდა ფიქრი. ალბათ გალაკტიონიც ამიტომ გამახსენდა.
ყოველი არსება ოდესღაც ჩნდება დედამიწაზე და ოდესღაც ქრება. ყველაფერი რაც იბადება, კვდება. წესია ასეთი. ამასთან, სამყაროში ადამიანი ერთადერთი არსებაა, რომელმაც იცის, რომ უნდა მოკვდეს. მთელი მისი ეგზისტენციალური ძრწოლვა ამ ცოდნის შედეგია.
ფილოსოფიაში დიდი ხანია ცნობილია, მოსაზრება, რომ სიკვდილი სიცოცხლის დასრულების „ბოლო მომენტი“ კი არ არის, არამედ სიცოცხლეშივე არსებობს. მოკლედ რომ ვთქვათ, სიკვდილი თვით სიცოცხლეში მარხია. იწყება თუ არა სიცოცხლე, იწყება სიკვდილიც და ეს ორი ერთად მიმდინარეობს. ამ აზრს განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია გერმანელმა ფილოსოფოსმა ზიმელმა. ის თვლიდა, რომ სიკვდილი სადღაც, „ჩვენს გარეთ“ არ არის, ის ჩვენშივეა.
ასეთი ხედვა არსებობს არისტოტელედან 21-ე საუკუნემდე. დღემდე ყველა ცდილობს ფარდა ახადოს სიკვდილის საშინელ საიდუმლოს. აი რას წერს ამ ამოუხსნელ „მოვლენაზე“ უდიდესი ქართველი ფსიქოლოგი დიმიტრი უზნაძე (რომელიც თავის მხრივ ციტირებს და ოდნავ განსხვავებულ ინტერპრეტაციას აძლევს ზიმელს)
„ყველასათვის აშკარაა, რომ ყოველი მოვლენა ერთგვარ საზღვარში ხდება და, აი სწორედ ეს საზღვარია, რომ მას განსაკუთრებულ სახეს, თავისებურ ფორმას აძლევს. ჩვენ ვამბობთ, სითხეს თავისთავად არავითარი ფორმა არა აქვსო და ამაზე ყველა გვეთანხმება; მაგრამ როგორც კი შევეცდებით განსაზღვრული ფორმა მივცეთ მას, იმ წამსვე რაიმე მაგარ საგანს მივმართავთ, რომ მისი მეშვეობით სითხის უფორმობას საზღვარი დავუდოთ: ჩვენ ვასხამთ მას ჭიქაში და იგი ამით ამ უკანასკნელის ფორმას ღებულობს. აქ ფორმა, როგორც ვხედავთ, განსაზღვრაში, შემოფარგვლაში მდგომარეობს; ფორმა განსაზღვრას უერთდება. ასევე ითქმის ყოველ სხვა მოვლენაზე. უნდა გვახსოვდეს მხოლოდ, რომ მოვლენათა მთელი სამყარო ორ სამკვიდროდ იყოფა: სამკვიდრო არაორგანულისა და ორგანულისა. ამის მიხედვით განსაზღვრაც ორგვარია: არაორგანული თავის განსაზღვრისთვის მის გარეშე მდგომ ნივთს თხოულობს. ეს განსაზღვრა სივრცეში ხდება. სითხე ჭიქას თხოულობს და ამით ისაზღვრება, ჭიქა კიდევ სხვას და.ა.შ. სულ სხვა საქმეა ორგანული. იგი დროულია და არა სივრცისეული. იგი შინაგანია და არა გარეგანი. ცხოვრების საზღვარი სიკვდილია, მაშასადამე სიკვდილი მისი ფორმაა. დიახ, მთელი ჩვენი ცხოვრების ფორმა, სახე სიკვდილმა წარმოაჩინა. რომ არ ყოფილიყო სიკვდილი, ადამიანის შეგუება ბუნების იდუმალ ძალებთან სრულებით უცხო იქნებოდა ჩვენთვის.. ამიტომ თუ გვიყავარს სიცოცხლე, უნდა გვიყვარდეს სიკვდილიც, რადგან სიცოცხლეს სწორედ სიკვდილი საზღვრავს და ისეთად წარმოაჩენს, როგორსაც ვხედავთ. მაშასადამე,სიკვდილი უდიდესი ბოროტება კი არა უდიდსი ს ი კ ე თ ე ა“.
ასეთია დიმიტრი უზნაძის ფილოსოფია. მისი აზრით, ადამიანის დანიშნულების არსი და მიზანი სიცოცხლის ფარგლებში კი არა, მის გარეთ არის. ამის გამოვლენას ვხედავთ, როდესაც, ზოგჯერ, გონება დაუსხლტება ცხოვრების ზედაპირს და მას დიადი ამოუხსნელი, მისტიური საიდუმლო იზიდავს. ადამიანი ბევრ ისეთ აქტოვობას განახორციელებს, რაც უშუალოდ მის პრაქტიკულ მიზნებს და გარემოსთან შეგუებას არ სჭირდება. გადარჩენისთვის სულაც არ არის საჭირო ადამიანი არკვევდეს საგნის აბსოლუტურ ბუნებას.
პატარა ბავშვიც კი გეტყვით, რომ ეს მოვლენა „უსამართლობაა“, ეს „ცუდია“, ის კი „კარგია“. ზღაპარშიც ყოველთვის ორი მხარეა, ამ ორის აღქმა და მორალისკენ მისწრაფება თანდაყოლილი ადამიანური თვისებაა, როგორც იტყოდა, მაგალითად, კანტი. არ არის საჭირო, ადამიანს იტაცებდეს ფოტოხელოვნება ან ფილმის გადაღება ჰგვრიდეს სიხარულს. არ არის საჭირო, ვუსმენდეთ მოცარტის ფანტაზიას, ჩამავალი მზით ვტკბებოდეთ ან დროის და სივრცის გადაჯაჭვულობაზე ვფიქრობდეთ. განსხვავებულ მასშტაბებში ადამიანები ასეთ აქტივობებს მაინც ასრულებენ. ამგვარი მოქმედება, სიცოცხლის ფარგლებში, ბუნებასთან შესაგუებლად არ არის საჭირო.
საინტერესოა, რომ ომში გარდაცვალება რაინდობად მიიჩნევა. ე.ი. ადამიანებს ფასეულობები სიცოცხლის ფარგლებს გარეთ ჰქონიათ განსაზღვრული.
განსხვავებულია გალაკტიონის ფილოსოფია. „მესაფლავეს“ თან სდევს სევდა. სევდა ადამიანური გულგრილობის, მიცვალებულის დავიწყების, ცხოვრების უსამართლობის.
ტრაგედია მოხდა, ახლაგაზრდა ქალმა სატრფო მიწას მიაბარა. მიცვალებულს, ერთგულების პირობა მისცა, შემდეგ კი გლოვას სიცოცხლის გაგრძელება არჩია და ახალი გულის სწორიც იპოვა: „ნუ ვიგლოვებთ დროს უბედურს, წამიყვანე სადაცა გსურს.”
„საფლავთაგან მტვერს და ბალახს დღეს არავინ არ აცილებს და მოვლასთან ერთად ფერი წართმევიათ ვარდ-ყვავილებს —————————————————————————— განისვენეთ, ძლიერი და უკვდავია თქვენი ძილი… რაღად უნდათ, რად სჭირიათ თქვენს საფლავებს ვარდ-ყვავილი? ან რას გარგებთ მოკვდავ კაცთა სამუდამო ცრემლთა ფრქვევა? ძილით ვეღარ გამოგარკვევთ ვერრა ძალა, ვერც შემთხვევა… ასე ხდება ქვეყანაზე – ყველა ცოცხლობს, ყველა კვდება და ვაი მას, ვის სიკვდილი სიცოცხლეშიც ავიწყდება…“
აქ სიკვდილი ბოროტებაა, რომელიც ადამიანს ყველაფერს ართმევს. სასოწარკვეთა გარდაუვალია, „სამუდამოდ ასამარებს კაცთა ხსოვნას საფლავის ქვა“. გალაკტიონისთვის სიყვარული დადებული აღთქმის აღსრულების ტოლფასია, ფიცის გატეხვა კი ღალატია. თითქოს, ემოცია ლოგიკური უნდა იყოს.
ქართულ პოეზიაში მოიძებნება სიუჟეტით ანალოგიური ლექსი , სადაც სულ სხვანაირი ფინალია. ეს მსგავსება აკაკი ბაქრაძის ერთ-ერთ კრიტიკულ წერილშია ასახული. ლექსი კი ვაჟა-ფშაველას ეკუთვნის. იდენტურია სიუჟეტები. ორივე შემთხვევაში ქალი ერთგულების ფიცს აძლევს გარდაცვლილ მეუღლეს. „თუ შენ არ გხედავ ცოცხალსა, არც მე ვარ ცოცხლად დამრჩომი“
ცოტა ხნის შემდეგ კი „გოგოს სწადია იპოვოს, პირველის მსგავსი გვამია“.
ლექსის ფინალში ვაჟა-ფშაველა სრულიად გენიალურ კულმინაციას გვთავაზობს. ამ ფინალმა ოდესღაც დიმიტრი უზნაძე და ზიმელი მომაგონა:
„ღმერთმა გიშველოს, სიკვდილო, სიცოცხლე შვენობს შენითა, და შენც სიკვდილო ფასი გძე სიცოცხლის ნაწყენობითა სიცოცხლე სიყვარულითა და სიყვარული სიცოცხლით, უერთურთისოდ ვერც ერთსა ვერც ვიცნობთ, ვერც როს ვიცნობდით“. ვაჟას მსოფლმხედველობაში სიცოცხლე და სიყვარული ერთმანეთს ფარავს: იქ სადაც სიცოცხლეა, სიყვარულიც არის და სადაც სიყვარულია იქ, უთუოდ, სიცოცხლეც არსებობს. საინტერესოა, რომ სიყვარულს ვაჟა ბუნების არსებობის საფუძვლად - თვით დროის და სივრცის (როგორც “არამყარი” მოცემულობის) წარმომშობ ძალად მიიჩნევს ლექსის ფინალი ფაქტიურად იმეორებს დიდ ფილოსოფოსთა ნააზრევს: სიკვდილის გარეშე არ გვეცოდინებოდა სიცოცხლე, რომლის ფუნდამენტიც სიყვარულია. მაშ, ადამიანის დანიშნულება სიცოცხლის ფარგლებში არ ყოფილა განსაზღვრული. ფასეულობათა თვალსაზრისით, სიკვდილი და სიცოცხლე ერთი და იგივეა. ვაჟა-ფშაველას, ზიმელს და დიმიტრი უზნაძეს სიკვდილი ერთნაირად განუსაზღვრავთ, გადმოცემის ფორმა კი სხვადასხვა აურჩევიათ. პირველმა რამოდენიმე სტროფიანი ლექსი დაგვიტოვა, უკანასკნელმა ორმა კი მრავალტომიანი შრომები გვაჩუქა. ფილოსოფია არ არის მტკიცებითი. ობიექტურად არავინ იცის ცხოვრების რაობა. მე არ ვიცი სად არის ჭეშმარიტება: გალაკტიონის ფილოსოფიაში, თუ ვაჟას ნააზრევში, რადგან არ ვიცი სად თავდება სიცოცხლე. მგონი შეიძლება, ჩვენ თავად განვსაზღვროთ ჩვენი ფილოსოფია - ისე როგორც სამყაროში არ არსებობს ორი მთვარის სონატა, ორი ერთნაირად ცუდი შესრულებაც კი არ არსებობს. ქართული პოეზიის ორი შედევრი ერთსა და იმავე ფაბულაზეა შექმნილი. როგორ დავიჯეროთ: არსებობს თუ არა მთვარის სონატა რეალურად? თუ ის მხოლოდ ავტორს ესმოდა? მგონი ჩვენ ყველა განსხვავებული ფორმებით და მასშტაბებით ხელოვნების ნიმუშებს ვქმნით. ფიქრი კი გონებას ავარჯიშებს.
მახსოვს გალაკტიონიც და ვაჟაც…
--------------------
New faces, old Brazil !!!
|