http://info9.ge/?l=G&m=1000&id=115732013 წლისათვის საქართველოს საგარეო ურთიერთობების უცვლელ პრიორიტეტებად ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია და ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია რჩება - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და ჟურნალისტებს სამინისტროს ორთვიანი მუშაობის დეტალური ანგარიში წარუდგინა. მინისტრის თქმით, საქართველომ ბოლო ორი თვის განმავლობაში საგარეო ურთიერთობების პრიორიტეტების კუთხით მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია - შედგა არაერთი შეხვედრა ნატო-ს მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან, მათ შორის გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან. ფანჯიკიძის განცხადებით, ნატოს-ს წარმომადგენლობა საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მტიცე მხარდამჭერია. გარდა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისა, 2013 წელს ევროკავშირთან ურთიერთობა საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება. ფანჯიკიძის თქმით, ევროკავშირთან ურთიერთობების კუთხით 2013 წლის ნოემბერში ვილნიუსის სამიტზე საქართველო კონკრეტული შედეგების მიღწევას ელოდება. გარდა ამისა, მომავალ წელს ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დასრულდება, ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ჩათვლით. საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ 2013 წელს საქართველო აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობას განაგრძობს. დაგეგმილია პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი აშშ-ში, რომელიც მომავალი წლის გაზაფხულზე გაიმართება. საგარეო ურთიერთობების საკვანძო საკითხად რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობები რჩება. მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განხილვა კვლავ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში წარიმართება. მინისტრის თქმით, ჩრდილოელ მეზობელთან საწყის ეტაპზე სავაჭრო, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები აღდგება. ფანჯიკიძის თქმით, ამ მხრივაც მნიშვნელოვანი მიღწევებია - რუსულ ბაზარზე ქართულ პროდუქციას ემბარგო მოეხსნა. მეზობელ ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობები კვლავ გაგრძელდება.
დიდგორ...ხედავ როგორ გვაბოლებენ?
მიგიხვდით პუტინ!!!!