საქართველოში არაერთ აგენტს, ფეხბურთელსა თუ მწვრთნელს უთქვამს, რომ კლუბს მოთამაშეებთან უცნაური კონტრაქტი აქვთ გაფორმებული. ფაქტობრივად, ეს კონტრაქტი კი არა, მონური ხელშეკრულებაა. მაგალითად, შარშან მოხდა ასეთი რამ: უმაღლესი ლიგის ერთ-ერთმა კლუბმა კონტრაქტი გაუწყვიტა ფეხბურთელს და დარჩენილი კონტრაქტით გათვალისწინებული თანხა არ გადაუხადა.
ფეხბურთელი უკლუბოდ და უფულოდ დარჩა. და როცა ვკითხეთ, რატომ არ ითხოვდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას, ასეთი პასუხი მივიღეთ: "რა აზრი აქვს. დრო ტყუილუბრალოდ უნდა დავკარგო. საქართველოში ფეხბურთელი კლუბს დავას ვერ მოუგებს".
ამგვარი ფაქტები ხშირია. მეტწილად, ფეხბურთელი ხმას არ იღებს, რადგან შიში აქვს, რომ უკლუბოდ დარჩება. ამიტომაც აწერენ ხელს კაბალურ ხელშეკრულებებს. მოკლედ, პირობა აშკარად შეუსაბამოა ერთი მხარის ინტერესებისთვის, მაგრამ ეს მხარე იძულებულია, კონტრაქტი გააფორმოს.
ხშირად ხდება აგენტებისთვის გვერდის ავლა და ფეხბურთელის დაყოლიება, არადა, თუ მოთამაშეს კონტრაქტი აქვს გაფორმებული აგენტთან, კლუბის მიერ ფეხბურთელთან ინდივიდუალურად მოქმედება იკრძალება. აქაც იოლი მისახვედრია, რატომ: კლუბმა იცის, რომ საქართველოში ფეხბურთელს გუნდის მოძებნა უჭირს და ამიტომაც, იოლია მისი დაყოლიება. "ჩემთან არ წამოხვალ? აბა, ვნახოთ, სხვა კლუბი რას შემოგთავაზებს", - ასეთი მიდგომაა.
ამ წერილშიც, სააგენტო "Players Agents"-ს მკაფიოდ აქვს ჩამოყალიბებული თბილისის "დინამოსთან" თავისი პოზიცია. სააგენტოს წარმომადგენლის, ბესო აბაშიძის თქმით, "დინამო" აგენტების გვერდის ავლით ცდილობდა ფეხბურთელებთან კონტრაქტის გაფორმებას. თუმცა, აბაშიძე უფრო კონკრეტულად საუბრობს დეტალებზე:
საფეხბურთო სააგენტოს “Players Agents”-ის პასუხი სკ „დინამო თბილისის“ სპორტული დირექტორის, ბუბა ტყავაძის ინტერვიუზე
გვსურს, გამოვეხმაუროთ სკ „დინამო თბილისის“ სპორტული დირექტორის გიორგი (ბუბა) ტყავაძის ინტერვიუს რომელიც მან ამა წლის 27 დეკემბერს სპორტულ გაზეთ "ლელოს" მისცა და რომელიც გამოქვეყნდა ასევე ელექტრონულ პორტალზეც. ჩვენი გამოხმაურება ეხება ინტერვიუს იმ ნაწილს რომელშიც ტყავაძე ახსენებს ლაშა შინდაგორიძეს და გიორგი ქვილითაიას, ფეხბურთელებს, რომელთა სატრანსფერო უფლებები გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე ჩვენს სააგენტოს ეკუთვნის.
ლაშა შინდაგორიძეზე - გაფორმდა რა მასთან სააგენტო ხელშეკრულება, შინდაგორიძის საფეხბურთო კარიერის განვითარებაზე ზრუნვა დავიწყეთ 2009 წლის მეორე ნახევრიდან. საქართველოს მაშინდელი 17-წლამდე ნაკრების (მწვრთნელი გიორგი დევდარიანი) ორ ფეხბურთელთან დავით სხირტლაძესთან და დავით ლეგაშვილთან ერთად შინდაგორიძე გავამგზავრეთ პრაღის "სლავიაში" (ჩეხეთი) ორ კვირიან სინჯებზე. წარმატებულად გავლილი სინჯების შემდგომ, ჩეხურმა მხარემ წინასწარ შეთანხმებული ფეხბურთელებთან გასაფორმებელი სახელშეკრულებო პირობები შეცვალა რის გამოც ტრანსფერი არ შედგა და შინდაგორიძე, სხირტლაძის მსგავსად, დანიურ "ორჰუსში" აღმოჩნდა. იქ მან წელიწადზე მეტი დაჰყო, რის შემდეგაც კლუბმა ხელშეკრულება შეუწყვიტა და თავისუფალი აგენტის სტატუსით გამოუშვა დანიიდან. ჩვენი ძალისხმევით, შინდაგორიძე დანიიდან პირდაპირ პოლონურ "ვიძევში" აღმოჩნდა სინჯებზე, სადაც მისი ზერელე და უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამო არ დაიტოვეს და თბილისში დაბრუნდა.
2012 წლის ზაფხულში შინდაგორიძე კვლავ გავამგზავრეთ ჩეხეთში, ამჯერად პრაღის "დუკლაში", სადაც ასევე ორი კვირა ერთხელ და ერთი კვირა მეორედ დაჰყო სინჯზე, თუმცა "დუკლას" სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, მისი ფიზიკური მდგომარეობა არ აღმოჩნდა დამაკმაყოფილებელი და იგი კვლავ თბილისში დაბრუნდა. გამომდინარე იქედან, რომ ფეხბურთელი უგუნდოდ რჩებოდა, ორგანიზება გავუკეთეთ მის ამა წლის დეკემბრის ბოლომდე "სკ ზესტაფონში" განათხოვრებას (შინდაგორიძის სატრანსფერო უფლებები ეკუთვნის "სკ სასკოს").
აღსანიშნავია რომ ყველაფერი ზემოაღწერილი სააგენტოს ხარჯით ხდებოდა და შინდაგორიძესგან სააგენტოს ერთი თეთრი არ მიუღია!
ამა წლის დეკემბრის დასაწყისში ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ შინდაგორიძემ "დინამოში" დაიწყო ვარჯიში და ჩვენს მიერ "დინამოს" გაფრთხილების მიუხედავად, რომ ჩართულნი ვყოფილიყავით შინდაგორიძის დასაქმების კონტრაქტის გაფორმების პროცესში, "დინამომ" ჩვენი გვერდის ავლით დაიყოლია ფეხბურთელი მათთან ხელშეკრულება გაეფორმებინა. აღნიშნული დაადასტურა კიდეც ტყავაძემ "ლელოსთან" ინტერვიუში.
გიორგი ქვილითაიაზე - გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ქვილითაიას საფეხბურთო კარიერის განვითარებაზე სააგენტომ ზრუნვა დაიწყო 2010 წელს. მოეწყო მისი სინჯები დანიურ „რანდერსსა“ და ავსტრიულ „რედ ბულ ზალცბურგში“, სადაც ქვილითაიამ ბრწყინვალედ წარმოაჩინა შესაძლებლობები. პირველ შემთხვევაში „რანდერსი“ გავარდა დანიური სუპერ ლიგიდან რის გამოც ჩვენი ტრანსფერი არ შედგა, ხოლო მეორე შემთხვევაში „რედ ბულ ზალცბურგის“ დაკვირვების გაგრძელების პროცესში მოხდა მთლიანად სამწვრთნელო გუნდის შეცვლა, რის გამოც ქვილითაიას ტრანსფერი ჩაიშალა. ამის შემდგომ ქვილითაიამ მონაწილეობა მიიღო დანიაში მიმდინარე ტურნირში „დანა ქაფ“, სადაც ჩატარებულ 4 თამაშში 5 ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა მიითვალა, იგი ერთ-ერთი საუკეთესო იყო გუნდში.
ისევე როგორც შინდაგორიძის შემთხვევაში, ქვილითაიასაც დაუკავშირდა "დინამოს" სპორტული დირექტორი ტყავაძე და იგივე პრინციპით - აგენტების მონაწილეობის გარეშე - მოინდომა ფეხბურთელის გადაბირება. შინდაგორიძესგან განსხვავებით ქვილითაია მოწოდების სიმაღლეზე დადგა და ჩვენი რჩევები გაითვალისწინა. "დინამოს" მიერ შემოთავაზებულ კონტრაქტზე გაკეთდა შენიშვნები და წინადადებები რაც დინამომ არ გაითვალისწინა და ქვილითაიას ურჩია, რომ ჩამოშოროებოდა საკუთარ აგენტებს რადგანაც ისინი მის კარიერას ღუპავდნენ. ვფიქრობთ, რომ ხსენებულ ინტერვიუში ტყავაძის ცინიკური ტონი ქვილითაიასთან მიმართებაში ამ ყველაფრით არის განპირობებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით გვსურს განვაცხადოთ, რომ ვწუხვართ იმის გამო რასაც "დინამო" აკეთებს. აღნიშნული მოქმედებებით ტყავაძე იგნორირებას უკეთებს ფიფას მიერ საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს და არღვევს რეგულაციებს, რითაც უპირველესად სახელს უტეხს კლუბს, ხოლო ჩვენი საჩივრის საფუძველზე უახლოეს მომავალში არაა გამორიცხული საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ "დინამოს" სანქცია დაეკისროს. შეუძლებელია ეს ფაქტები გვახარებდეს, თუმცა დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ჩვენი უმოქმედობა მომავალში უფრო დიდ ზიანს მოუტანს "დინამოს" სახელს და ზოგადად ქართულ ფეხბურთს, რადგანაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოხდეს ქართულ რეალობაში იმ საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება რასაც კლუბებს, ფეხბურთელებსა და აგენტებს შორის ჯანსაღი სახელშეკრულებო ურთიერთობები ჰქვია.
საფეხბურთო სააგენტო “Players Agents”
ბესარიონ აბაშიძე - ფიფას ლიცენზირებული საფეხბურთო აგენტი
გურამ კაჭახიძე - ფიფას ლიცნეზირებული საფეხბურთო აგენტი
ჰაინრიხ მეცგერი - ფიფას ლიცენზირებული საფეხბურთო აგენტი
მალხაზ მუსერიძე - სააგენტოს მმართველი დირექტორი
შენიშვნები და მოსაზრებები გიორგი არაბიძესა (14 წლის) და „დინამო თბილისს“ შორის გასაფორმებელ კონტრაქტზე
1. კონტრაქტი მომზადებულია როგორც პროფესიონალური ფეხბურთელისათვის გასაფორმებელი და მოიცავს მეტნაკლებად ყველა იმ პირობას (მაგალითად ხელშეკრულებაში არაფერია ნათქვამი ფეხბურთელის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესაძლებლობაზე) რაც პროფესიულ კონტრაქტში უნდა იყოს აღნიშნული. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ხელშეკრულება არ შეიძლება ჩაითვალოს პროფესიონალურ ფეხბურთელთან გასაფორმებლად, ვინაიდან მისი მე-18 მუხლი („ხელფასი და დამატებითი პირობები“) ეწინააღმდეგება ფიფას სატრასფერო რეგულაციის (შემდგომში „რეგულაცია“) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს:
- A professional is a player who has a written contract with a club and is paid more for his footballing activity than the expenses he effectively incurs. All other players are considered to be amateurs.
2. ხელშეკრულების 2.1. პუნქტში მოქმედების ვადა (4 წელი) ეწინააღმდეგება „რეგულაციის“ მე-18 მუხლის მე-2 პუნქტს:
- The minimum length of a contract shall be from its effective date until the end of the season, while the maximum length of a contract shall be fi ve years. Contracts of any other length shall only be permitted if consistent with national laws. Players under the age of 18 may not sign a professional contract for a term longer than three years. Any clause referring to a longer period shall not be recognised.
3. ხელშეკრულების 2.2 პუნქტში უპირატესი უფლება ამოსაღებია და შეიძლება დარჩეს რომ მხარეები სურვილის შემთხვევაში მოილაპარაკებენ ახალი ხელშეკრულების გაფორმების პირობებზე. ეს უნდა იყოს ორივე მხარის სურვილი და ნება და არა კლუბის მხარეს რაიმე უპირატესი უფლება. საუბარი არაა იმაზე რომ ამ პირობის „დარღვევის“ გამო ხელშეკრულება ითვალისწინებს ჯარიმას 200,000.00 (ორასი ათასი) ევროს ოდენობით (ხელშეკრულების 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი). ეს საჯარიმო პუნქტი ცალსახად ამოსაღებია ხელშეკრულებიდან, რადგან იგი ზღუდავს ფეხბურთელის უფლებას თავად მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ დარჩეს იგივე კლუბში თუ სხვაგან გადავიდეს სათამაშოდ.
4. მე-3 მუხლში დასამატებელია პუნქტი, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელს უფლება ექნება კლუბის მხრიდან შრომის ანაზღაურების (თუნდაც ერთი თვის) გადაუხდელობის და სხვა სახელშეკრულებო პირობების დარღვევის შემთხვევაში, ასევე „რეგულაციით“ გათვალისწინებული სპორტული მიზეზით (რეგულაციის მე-15 მუხლი) შეწყვიტოს ხელშეკრულება კლუბთან და ამის გამო მას არანაირი სანქცია არ დაეკისრება (ეს უფლება გამომდინარეობს როგორც „რეგულაციიდან“ აგრეთვე საქართველოს შრომისა და სამოქალაქო კოდექსებიდან).
5. ხელშეკრულების მე-10 მუხლიდან ამოსაღებია ის ჩანაწერები, რომლებიც ეხება ფეხბურთელის პირად ხელშეკრულებებს სპორტული სამოსის ბრენდებთან. მხოლოდ ფეხბურთელის პირადი საქმეა სავარჯიშო და სათამაშო პროცესების მიღმა რომელ სპორტულ ბრენდთან გააფორმებს ხელშეკრულებას და კლუბის საქმე არაა როგორი პირობებით. მთელი ცივილიზებული საფეხბურთო სამყარო ასეა მოწყობილი და ფეხბურთელს ვერავინ შეზღუდავს არჩევანში მაგალითად რა ფირმის ბუცი ეცვას თამაშზე.
6. მე-17 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ამოსაღებია. ისინი ეწინააღმდეგება „რეგულაციის“ მე-18 მუხლის მე-3 პუნქტს და იმ პრინციპს რომ ფეხბურთელს უფლება აქვს გააფორმოს ნებისმიერ ლიცენზირებულ აგენტთან ხელშეკრულება და ამისათვის მას არავის ნებართვა თუ დამატებითი შეტყობინებები არ სჭირდება:
- ... A professional shall only be free to conclude a contract with another club if his contract with his present club has expired or is due to expire within six months. Any breach of this provision shall be subject to appropriate sanctions.
7. მე-16 მუხლში უნდა დაკონკრეტდეს, რომ კლუბი უზრუნველყოფს ყოველი სეზონის განმავლობაში მინიმუმ 2 წყვილი ბუცით (ბუცები ბუნებრივ და ხელოვნურ საფარიანი მინდვრისათვის).
8. ხელშეკრულების 26-ე მუხლის პირველ პუნქტში ჯარიმის თანხა 200,000.00 (ორასი ათასი) ევრო შეუსაბამოდ მაღალია. ფეხბურთელის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისათვის შესაძლოა არსებობდეს ჯარიმა, თუმცა ქართულ რეალობაში ჯარიმის ამ ოდნობით განსაზღვრა წარმოუდგენელია.
"დინამოსთვის" სააგენტოს მიერ შეთავაზებული კონტრაქტი გიორგი ქვილითაიაზე.
კონტრაქტი: ხანგრძლივობა 3 წელი
2013 წელს:
ხელფასი: 2000 აშშ დოლარი (ხელზე, გადასახადების გარეშე)
პრემიალური: მოგებისა და ფრის შემთხვევაში (თუ ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში ან 18-კაციან განაცხადშია)
კლუბის მიერ განსაზღვრული ოდენობა: ერთ სეზონში, ფეხბურთელის მიერ 5 გოლისა და ზემოთ გატანის შემთხვევაში - თითო გოლზე 200 აშშ დოლარი (ხელზე, გადასახადების გარეშე)
2014 წელს
ხელფასი: 3000 აშშ დოლარი ან 2500 აშშ დოლარი (თუ სეზონის განმავლობაში ჩატარებული მატჩების რაოდენობა 50%-ზე ნაკლები იქნება).
იმ შემთხვევაში თუ ფეხბურთელი ტრამვირებულია (მიიღო ტრამვა თამაშის
ან ვარჯიში დროს), მაშინ იგი ღებულობს სრულ ხელფასს ანუ - 2500 აშშ დოლარი.
პრემიალური: მოგებისა და ფრის შემთხვევაში (თუ ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში ან 18-კაციან განაცხადშია).
კლუბის მიერ განსაზღვრული ოდენობა: ერთ სეზონში, ფეხბურთელის მიერ 5 გოლისა და ზემოთ გატანის შემთხვევაში - თითო გოლზე 200 აშშ დოლარი (ხელზე, გადასახადების გარეშე).
2015 წელს:
ხელფასი: 4000 აშშ დოლარი, ან 3500 აშშ დოლარი (თუ სეზონის განმავლობაში ჩატარებული მატჩების რაოდენობა 50%-ზე ნაკლები იქნება).
იმ შემთხვევაში თუ ფეხბურთელი ტრამვირებულია (მიიღო ტრამვა თამაშის
ან ვარჯიში დროს), მაშინ იგი ღებულობს სრულ ხელფასს ანუ - 4000 აშშ დოლარი
პრემიალური: მოგებისა და ფრის შემთხვევაში (თუ ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში ან 18 კაციან განაცხადშია).
კლუბის მიერ განსაზღვრული ოდენობა: ერთ სეზონში, ფეხბურთელის მიერ 5 გოლისა და ზემოთ გატანის შემთხვევაში - თითო გოლზე 200 აშშ დოლარი (ხელზე, გადასახადების გარეშე).
კლუბის მხრიდან კონტრაქტის მოქმედების პერიოდში, კლუბის ინიციატივით მისი ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში (იმის გათვალისწინებით, რომ ფეხბურთელი პირნათლად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას) კლუბი ვალდებულია ფეხბურთელს გადაუხადოს ერთჯერადი კომპენსაცია: 96000 აშშ დოლარი (კლუბის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისთვის აღნიშნულ თანხას გამოაკლდება, ფეხბურთელის მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი). პრემიალური ჩემპიონობასთან დაკავშირებით: 10000 აშშ დოლარი (ხელზე, გადასახადებისგარეშე).
პრემიალური თასის მოგებასთან დაკავშრებით: 7000 აშშ დოლარი (ხელზე, გადასახადების გარეშე).
პრემიალური ჩემპიონატში ბომბარდირობის შემთხვევაში: 10000 აშშ დოლარი (ხელზე, გადასახადების გარეშე)
პრემიალური ევროტურნირების (UEFA - CL; EL) ფინალურ ეტაპზე გასვლასთან დაკავშრებით: 25000 აშშ დოლარი (ხელზე, გადასახადების გარეშე)
ფიქსირებული სატრანსფერო ღირებულება: 2014-2015 წლის სეზონიდან: 400000 ევროდან.
სატრანსფერო ღირებულების 15% - ფეხბურთელს.
ილია ნანობაშვილი
http://www.worldsport.ge