"ჰაშირამა" - ს ფსევდონიმით ერთი ჩემი კარგი მეგობარი წერს , დიდი ხანია წერს მაგრამ აქამდე მისი ნამუშევრები სამეგობრო წრეს არ სცილდებოდა , რამდენჯერმე დაიბეჭდა სადღაც უცნობ ჟურნალებში , ეგ იყო და ეგ , დღეს კი რატომღაც მოუნდა რომ ინტერნეტ სივრცეში გამოეტანა და გვერდი გააკეთა , გადავწყვიტე ფორუმზე გამეხსნა თემა და თქვენთვისაც გამეზიარებინა , იმედია თქვენც მოგეწონებათ და იმედია განყოფილების რაიმე წესებს არ ვარღვევ.
-----------------------------------------------------------------------------
"ვარიაციები რეალობის შესახებ" - სერიიდან
I
ჩვენ ბევრს ვეწეოდით და ვუსმენდით Nick Cave-ს , ბევრსაც ვსვამდით და ორივეს გვეძინებოდა , ორივეს გვეზარებოდა და უბრალოდ თავის გამოსაფხიზლებლად ვსვამდით. ხუთიოდე ჭიქის მერე სადღაც გაქრა ჩეჩნურ-რუსული კონფლიქტი , მას მიჰყვნენ პრეზიდენტები მსოფლიოს მასშტაბით , ტერორისტები და პარლამენტის შენობები. კიდევ ორი ჭიქაც და აღარსად აღარ იყო ატომური ბომბებისაგან დატოვებული ორმოები , დაშლილი ოზონის შრე , აბორტები. სამი ჭიქის დამატებამ საბოლოოდ გამომაფხიზლა , აჭრელებული სამყარო მდარედ გათეთრდა , ვხედავდი ყოველ წვრილმანს , არსებობის სიდამპლეში ჩამარხულ ყოველ ემოციასა და ინსტინქტს.
სიფხიზლე ხანმოკლეა და გვარიანი თანხაც ჯდება , არადა კვირაში მინიმუმ ერთხელ მაინც თუ არ გამოვფხიზლდით ილუზიებს რეალობად ვაქცევთ , ზმანებებს პატარ-პატარა ნაგლეჯებად დაყოფილი დედამიწის შესახებ გულუბრყვილოდ ვუჯერებთ და მათ ქვეყნებს ვარქმევთ. მთელი არსებით ვერთვებით წარმოდგენითი პარლამენტის წარმოდგენით პოლიტიკაში. ვიჯერებთ რომ ადამიანები კვდებიან , ადამიანებს კლავენ. ვკარგავთ ჭეშმარიტი რეალობების ზუსტ რიცხვს , ვირჩევთ მათგან ყველაზე მახინჯსა და უსუსურს და ვათარიღებთ , ისე რომ აღარ გვაინტერესებს - რამდენად ჭეშმარიტია იგი , რამდენად სარწმუნო. ვაშენებთ ცივილიზაციებს ასანთის კოლოფებით და თუ ხანდახან , კვირაში ერთხელ მაინც არ გამოვფხიზლდით , შეგუების პროცესი იწყება - სადაც სიფხიზლეს სიმთვრალედ ვთვლით , ილუზიებს კი რეალობად. სინამდვილეში ყველაფერი წარმოდგენითია , რეალურია მხოლოდ გრძნობები , ცრემლები და ტკივილი. რეალურია აგრეთვე სიყვარულიც , ოღონდ მისი განზოგადება უკვე ილუზიაა , რეალურია ტკივილი , მხოლოდ მისი გამომწვევი მიზეზებია ვირტუალური.
მსოფლთმხედველობის სწორი ვარიანტი კი სწორედ ის არის , რაც ჭეშმარიტ რეალობას იმიტაციისაგან განასხვავებს - ხედვა რომელიც განზოგადებასა და მთლიანობაში აღქმას შორის დებს მყარ ხიდს და არცერთს არ ეხება იმაზე მეტად ვიდრე მეორეს. აზროვნების ფსევდო-მეში შექმნილი ხუხულები ყოველთვის ინგრევიან მსგავსი მსოფლთმხედველობის წინაშე.
...და მე ვერ ვხედავ მიზეზებს , რომელთა გულისთვისაც მოვკლავდი , რადგან მსგავსი მიზეზები არ არსებობს და არც არსებულა , მხოლოდ ჩვენი დამახინჯებული და მოტყუებული გონების აღქმა აძლევს არსებობის უფლებას ისეთ იმიტაციებს , რომლებიც ერთი შეხედვით მიზეზებად გვესახება , მათ გარეშე კი რჩება სრული ჭეშმარიტება - აბსოლუტური და მათემათიკურად ზუსტი რეალობა რომელიც ნებისმიერი ობიექტივის ფოკუსში უცვლელი და მყარია.
ფასეულობათა გადაფასების მცდელობა უკვე შეცდომაა , რადგან თავად ფასეულობათა შექმნის საჭიროება სხვა არაფერია , თუ არა გამომჟღავნება იმ სისუსტეებისა რომელიც ისევ და ისევ ადამიანებმა შექმნეს საკუთარ გონებაში. ეს კი თავისთავად იმის გამო გააკეთეს რომ ადამიანის ფსიქიკა ბიოლოგიურად ბევრად სუსტია ვიდრე რომელიმე ცხოველისა , ინტელექტის ზრდის პროცესში ჩვენი ტვინის ნერვული აგებულება შეიცვალა , ბევრად უფრო რთული და მსხვრევადი გახდა ვიდრე ოდესღაც იყო , სწორედ ამან განაპირობა სრულყოფილებისაგან გაქცევის მანიაკალური მოთხოვნილებისა და სრულყოფილებისაკენ მიმავალი ეგო-ების მტკივნეული დაპირისპირება ჩვენში და ახლა ასე გავეჩხირეთ , გავიჭედეთ , გამოვეკიდეთ და ვქანაობთ საწყისი წერტილიდან თანაბარი მანძილით დაშორებულნი , მარჯვნიდანაც და მარცხნიდანაც.
2011 © ჰაშირამა
------------------------------------------------------------------------------
გვერდის მისამართი :
ჰაშირამა
“All photographs are memento mori. To take a photograph is to participate in another person’s (or thing’s) mortality, vulnerability, mutability. Precisely by slicing out this moment and freezing it, all photographs testify to time’s relentless melt.”
― Susan Sontag