ამ ფორუმზე არის რამდენიმე ძალად "პრადვინუტი", რომლებიც მუდმივად წუწუნებენ ჩვენი მენტალობის უვარგისობასა და ნაკლოვანებებზე (რომლებიც თავად არ აქვთ). ჩემის ღრმა რწმენით მენტალიტეტი არ არის თანდაყოლილი და დნმ-ს არ მოჰყვება მზითებში, მას გარემოსა და აღზრდის ურთიერთქმედება აყალიბებს თანდათანობით; აქედან პირველში ლომის, მეორეშიც ერთერთი მნიშვნელოვანი წილი უდევს სახელმწიფოს (საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის და პოლიტიკის გათვალისწინებით).
ჰოდა, ამას წინათ როცა ლიფტში სიგარეტის გამონაბოლქვით გაჟღენთილი არომატით გაბრაზებულს სადარბაზოში ძირს დაგდებული მანდარინის ქერქი, სიგარეტის კოლოფი და ვიღაცის მსუყე ამონახველი დამხვდა კიდევ რაღაც-რაღაცეებთან ერთად, ხოლო შემდეგ დავინახე როგორ იდგა ქალი გზაჯვარედნის შუაში და მაინცდამაინც იქ უქნევდა ხელს სამარშრუტო ტაქსს, ფილოსოფიის ჭია მეწვია და მიზეზთა ღრღნა და ანალიზი დაიწყო თუ რატომ ხდება ეს ჩვენთან და არა მაგალითად დასავლეთ ევროპაში.
თავდაპირველად დავიწყე ფიქრი ჯარიმებით ამეების პრევენციის, მაგრამ ეს აზრი თავიდანვე უკუვაგდე, რამდენიმე მიზეზის გამო: ჯერ ერთი ადამიანის ბუნებაა ასეთი, ჯარიმას თუ დაუწესებ, მიხედვ-მოხედვას დაიწყებს და რომ ნახავსსაფრთხე არ ელის, მაინც დაარღვევს. მითუმეტეს ყველა ლიფტში და სადარბაზოში კონტროლიორს და კამერას ვერ დააყენებ, თანაც ასე ყველა დასჯელს თავისი დამსჯელი დასჭირდება, მაგალითად იმ კონტროლიორსაც, რომელმაც შეიძლება თვითონ დაარღვიოს ის, რასაც აკონტროლებს და ასეთი ტოტალური კონტროლი და ამხელა შტატებიანი ინსტიტუცია უაზრობა გამოდის.
მერე "ჩამოსულებზე" დავიწყე ფიქრი. მოგეხსენებათ სოფლებში არც ინფრასტრუქტურა და არც ურბანული დაგეგმარება არაა ისეთი, რომ სადღაც ატალახებულ, სარეველა მოდებულ და ღორღიან ორღობეში 2 კილომეტრს რომმიწანწალებს იმ კაცს მაინცდამაინც ნაგვის ყუთი შეხვდეს სადმე და ნაჭამი ვაშლი ან სიგარეტი იქ ჩააგდოს, ამიტომ სადაც მოხვდება იქვე ისვრის, ოღონდ სახლში არ შეუგდოს არავის. ანუ ასე არიან მიჩვეულები და ინსტინქტურად აკეთებენ უკვე მეთქი, ჰოდა ამ დანაგვიანებულს რომ ხედავს სხვასაც კიდია და ამატებს ალბათ თქო, ტრანსპორტზეც იგივე, სოფლებში გაჩერებები და შუქნიშნები არ არის, ჰოდა სადაც მოუნდება იქ დაუქნევს ხელს მანქანას თუ ავტობუსს, მოკლედ, ჩვევების ანუ გარემოს ამბავია, მაგრამ არც ეს აზრი მომეწონა მაინცდამაინც – სიმართლეც რომ იყოს, რა ვქნათ, სოფლიდან ქალაქში აღარ ჩამოვუშვათ ხალხი? მთელი მსოფლიო ასე ვითარდება და მეტიც, რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა ეკონომიკურად, მით მეტი ხალხი ჩამოდის და ფუძნდება ქალაქში, თანაც საზოგადოებრივი ქცევის წესები მარტო ეს ხომ არ არის? აი ის, ლიფტში რომ სიგარეტს მოწევს, ზედ მანდარინს დააყოლებს, ბიჩოკს და ქერქს ლიფტიდან გამოსული იქვე დაყრის ძირს და კაი ბარაქიანადაც ამოაფურთხებს, მერე "მარშრუტკას" შუა გზაჯვარედინზე გააჩერებს, კაი, ხო...აი ის, რომ ავა იმ მარშრუტკაში და წამოიჭიმება სკამზე, ფეხზე მდგარ ხელჯოხიან მოხუცს არ უთმობს ადგილს ან ორსულ ქალს ან უბრალოდ ქალს?...
ამასობაში მეხსიერებაში ბუნდოვნად ამომიტივტივდა კადრები ბავშვობიდან – ოჯახიდან, საბავშვო ბაღიდან, დაწყებითი კლასიდან და გამახსენდა:
ყველგან და მუდმივად გვასწავლიდნენ და გვარიგებდნენ, რომ ტრანსპორტში ამოსული მოხუცისთვის ინვალიდისთვის, ბავშვისთვის, ორსულისთვის ადგილი უნდა დაგვეთმო (მე მაგალითად სახლში, სანათესაოში და ა.შ. დამატებით იმასაც მიმატებდნენ, რომ კაცი ხარ, ქალი შენზე სუსტია, პატივისცემით და ზრდილობიანად უნდა მოეპყრა, პალტოს გახდაში მოეხმარო, სკამი შესთავაზო, ადგილი დაუთმო, მისი ტანდასწრებით არ იბილწსიტყვავო...), ესკალატორზე მარჯვენა მხარეს უნდა დავმდგარიყავით, უფროსი ასაკის ადამიანი რომ შემოვიდოდა ფეხზე წამოვმდგარიყავით და ისე მივსალმებოდით, ქუჩაში მარჯვენა მხარეს გვემოძრავა.
მოკლედ მეგობრებო, ასეთი ინიციატივით შემოვდივარ, ჩამოვაყალიბოთ საზოგადოებრივი ქცევის წესები, მივცეთ ამას რაღაცა სახე და მოვახდინოთ ინიცირება, რომ განათლების სამინისტრომ ამას სკოლებში რაღაცა სავალდებულო დისციპლინის სახე მისცეს. არ არის საჭირო ამისთვის რაღაცა სასწავლო პროგრამის შემუშავება, პედაგოგები, ტრეინინგები ან ა.შ. სრულიად საკმარისი იქნება თუ ერთი კარგი სახელმძღვანელო შეიქმნება, რომლებიც დაურიგდებათ კლასის დამრიგებლებს, სადაც შესული იქნება ის რეკომენდაციები თუ რა და როგორ უნდა აათვისებინონ მოსწავლეებს. ჩემს ბავშვობაში მახსოვს ყოფაქცევაშიც გვიწერდნენ ნიშანს, ადრე მეცინებოდა, ეხლა ვხვდები თუ რა კარგი რარაცა ყოფილა თავისი არსით. მომხრე ვარ თუ ნიშანი არ დაიწერება, რაღაცა გავლენა ჰქონდეს ამას მოსწავლის შეფასების დროს (ვთქვათ სიმბოლურად 1–2 ქულა დააკლდეს მის ნიშანს სხვა საგნებში, თუმცა ამას შეიძლება უარყოფითი მხარეც ჰქონდეს, მსჯელობის საგანია...).
ჩემის მხრივ რამდენიმე ნორმას შემოგთავაზებთ საზოგადოებრივი ქცევის წესებისა, რაც შესაძლოა შემდგომში გამოადგეთ:
– არ დაყაროთ ნაგავი არსად, გარდა სპეციალურად მისთვის განკუთვნილი ადგილებისა; თუ გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა, სასწრაფოდ იშოვეთ პარკი, ქარალდი ან სხვა რამ, სასწრაფოდ აკრიფეთ, წაიღეთ და უახლოეს ნაგვის კონტეინერში მოათავსეთ.
– საზოგადოებრივი სარგებლობის მცირე ზომის, დახურულ სივრცეებში (ლიფტში, საზოგადოებრივ ტუალეტებში, ტრანსპორტში, მარაზიაში და ა.შ.) სიგარეტს ნუ მოსწევთ!
– ლიფტში შესვლის დროს პირველი უნდა შევიდეს ის, ვინც ყველაზე ახლოს დგას კართან, სქესს მნიშვნელიბა არ აქვს; იგივე გამოსვლისას.
– კარებში შესვლისას, მანქანაში და ტრანსპორტში ჩასხდომისას, მამაკაცმა უნდა გამოაღოს კარი, ჯერ შეუშვას ქალი, მერე თვითონ შევიდეს და კარი დახუროს.
– კიბეზე ასვლისას ჯერ უნდა ავიდეს მამაკაცი, შემდეგ ქალი.
– კიბეზე ჩასვლისას ჯერ უნდა ჩავიდეს ქალი, შემდეგ მამაკაცი.
– ქუჩაში იმოძრავეთ მხოლოდ ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ადგილზე, გზის მარჯვენა მხარეს.
– ქუჩაში შემხვედრი მიმართულებით მომავალი ადამიანი გაატარეთ მარცხნიდან (გაიწიეთ მარჯვნივ).
– თუ ქუჩაში რამდენიმე ერთად მოძრაობთ, არ არის საჭირო ხორუმის მოცეკვავეებივით თუ ვისი სული გსურთ მოთამაშეებივით გზის მთელ სიგანეზე გადაჭიმოთ ჯაჭვი. გზის მარჯვენა მხარეს დაიკავეთ იმხელა ადგილი, რომ დაბრკოლება არ შეუქმნათ არც შემხვედრი მიმართულებით და არც თქვენს უკან მოძრავ ადამიანებს. დადექით 2–2 ან 3–3 (გზის სიგანის მიხედვით) ერთმანეთის უკან და ისე იარეთ.
– ცხვირსახოცი ძალიან საჭირო, ჰიგიენური ნივთია და არა ქორწილში პიჯაკის წინა ჯიბეში ჩასადები აქსესუარი; თუ ნახველმა ან სურდომ ისე შეგაწუხათ , რომ აბაზანა-ტუალეტამდე, უკიდურეს შემთხვევაში მიწით დაფარულადგილამდე ვერ აღწევთ, გამოიყენეთ ცხვირსახოცი ან ქაღალდის ხელსახოცი, რომელიც ნორმალურმა ადამიანმა მუდმივად თან უნდა ატაროს.
– ზოგიერთმა კიდევ ხანდახან, ასე კვირაში ერთხელ მაინც დაიბანეთ ხოლმე...ნუ მინიმუმ ქვედა ტანი, ფეხები და იღლიები.

– ტრუსებს, მაისურს და წინდებს ყოველდღე თუ არა, სასურველია კვირაში მინიმუმ სამჯერ მაინც იცვლიდეს ადამიანი.
A patriot must always be ready to defend his country against his government. © Edward Abbey