http://www.kvirispalitra.ge/politic/15118-...-tsiklaurs.html გამარჯობა. დღესასწაულებზე მეტი რა გვაქვს ქართველებს,
მაგრამ ახალი წლის შემობრძანება მაინც განსაკუთრებულად გვიხარია. თითქოს დიდი ოცნების აღსრულების მიჯნაზე დგახარო და იმდენად მძაფრია ეს შეგრძნება, რომ რეალობა აბსოლუტურად ჩრდილში ექცევა. მეც ამ შეგრძნების ტყვეობაში ვიყავი ახალი წლის წინა დღეებში, სანამ, ჩემდა ჭირად, ტელევიზორი არ ჩავრთე და პირველივე წამს ნუგზარ წიკლაურის სახე არ შემომეფეთა. არ მესიამოვნა და რატომ თუ იცით? კონკურენტი ვის უყვარს, მე რომ მიყვარდეს?
ბოლო წლებია ”ნაციონალთა” მებაირახტეა და ისეთი მამალი ტყუილებით აბრუებს ხალხს, მე რა მოსატანი ვარ? თანაც რამდენჯერ დავუკვირდი და ღაწვიც კი არ შესწითლებია სირცხვილით. ეს კი უმაღლესი პილოტაჟია ჩვენ პროფესიაში.
მოკლედ ჩავრთე ტელევიზორი და შემომაფრქვია სიბრძნე: ”არ არსებობს არცერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობას აღიარებსო”.
სამწუხაროდ, ჯერ არ გამოუგონიათ შკალა, რითაც ტყუილი გაიზომება, თორემ უმაღლეს წერტილამდე მიაღწევდა.
ნუგზარ, ჯერ კიდევ 2008 წლის ნოემბერში, ისეთმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ, როგორც ”ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციაა” (FIDH!), ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოში პოლიტიპატმრები არიან, 2009 წლის ივლისში 84 პოლიტპატიმრის სია გადაეცა საქართველოში ვიზიტად მყოფ ამერიკის ვიცეპრეზიდენტ ჯო ბაიდენს. ერთი წლის შემდეგ, თბილისში, სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი უკვე 61-კაციან სიას გაეცნო. შარშან აპრილში, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი თომას ჰამერბერგი მერაბ რატიშვილს და ვლადიმერ ვახანიას შეხვდა, პატიმრებს, რომელთაც ქართული საზოგადოების ნაწილი პოლიტპატიმრებად მიიჩნევს. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია და ეს ყველაფერი სისტემატურად იბეჭდებოდა ქართული პრესის ფურცლებზე, ამიტომ, ათასში ერთხელ, ქართულ პრესისათვის რომ გადაგევლო თვალი, არაფერს დაკარგავდი, არც რეალობას მოწყდებოდი და შენეული წარმოსახვის საქართველოშიც აღარ მოგიწევდა ცხოვრება.
ისე, მე რომ ხელისუფლებაში ვიყო, ჯილდოს თუ არ გადმოგცემდი, მადლობას მაინც გადაგიხდიდი, რადგან შენისთანების დამსახურებაა, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” დღეს უმცირესობაშია.
გუტენბერგს რომ ცოდნოდა, შენ იქნებოდი მისი გამოგონების ერთ-ერთი გამგრძელებელი, დარწმუნებული ვარ, სტამბას საერთოდ არ გამოიგონებდა. შე დალოცვილო, ისეთ კარგ საქმეს აკეთებდი, რასაც წიგნების ბეჭდვა ჰქვია და რამ გამოიწვია შენი ასეთი მეტამორფოზა?! რა წიგნიც უნდა დაგებეჭდა მცირე სარგებელს ყველა წიგნი მისცემდა ადამიანს, მაგრამ შენი საუბრებიდან სარგებელი უკვე აღარაა და ძველ საქმეს რომ დაუბრუნდე (საგამომცემლო საქმიანობას ვგულისხმობ), შენთვისაც კარგი იქნება, შენი სათაყვანო პარტიისთვისაც და ჩვენთვის ხომ იქნება და იქნება.
ზემოხსენებულ გამოსვლაში ნუგზარმა იხუმრა:"”ეძგვერაძე ბარნაბა რატომ არ გყავთ პოლიტპატიმრების სიაში შეყვანილიო?” ნუგზარ, ბარნაბა ერთი მედუქნე იყო, რომელიც მენშევიკებსაც აპურებდა და ბოლშევიკებსაც, სტალინის სიკვდილის მერე შრომის წითელი ორდენითაც კი დააჯილდოვეს და ისტორიასაც შემორჩა, ერთი პატარა, მაგრამ სახალისო სიმღერით და შენ რას უტოვებ ისტორიას?! პარლამენტში გამოსვლის სტენოგრამას თუ იმ ფოტოებს ახლახანს რომ გავრცელდა ინტერნეტსივრცეში?!
ნუგზარ, 9 წელია შენ და შენი დამქაშები საქართველოს მეკვლეები ხართ (ხალხს გვინდა თუ არა, ეს სხვა საკითხია) და ჩვენ რა მოგვიტანეთ კარგი, ამ ავღანელ ხალხს რომ არ დადგომოდით საახალწლოდ?! მეეჭვება, აწი ეგ ქვეყანა ფეხზე დადგეს.
სხვა რა გითხრა? დარიგებით კი დაგარიგებდი, მაგრამ ვიცი მგლის თავზე სახარების კითხვა გამომივა და ტყუილად რატომ დავიხარჯო?!
ბედნიერ წელს და კვირას გისურვებთ თქვენი ლახუნდარელი.
http://www.kvirispalitra.ge/politic/15118-...-tsiklaurs.html * * *