http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...r-uthqvams.htmlუკრაინის გენერალური პროკურატურა უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კიევის სასამართლომ ოლეგ მელნიკოვის ბრალდებასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მასალები არასაკმარისად ცნო და ქართულ მხარეს მის ექსტრადირებაზე უარი უთხრა, - ამის შესახებ "ინტერფაქს-უკრაინა" იუწყება.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, შევჩენკოს რაიონულმა სასამართლომ საქართველოს შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსან ოლეგ მელნიკოვის საექსტრადიციო პატიმრობაზე გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ ქართული მხარისთვის მის გადასაცემად საჭირო მოთხოვნები შეესრულებინა.
როგორც უკრაინის გენერალური პროკურატურის პრესსამსახურში განმარტავენ, მელნიკოვმა დაკავების შემდეგ პატიმრობაში დაახლოებით 40 დღე გაატარა.
"ამ პერიოდში ქართულმა მხარემ უკრაინას წარუდგინა ექსტრადიციის პროცესის დასაწყებად აუცილებელი დოკუმენტების პაკეტი", - აცხადებენ უკრაინის გენერალურ პროკურატურაში.
უწყება უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კიევის სასამართლომ ოლეგ მელნიკოვის ბრალდებასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მასალები არასაკმარისად ცნო და ქართულ მხარეს მის ექსტრადირებაზე უარი უთხრა. მელნიკოვი ამ დრომდე კიევში წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
"შევჩენკოს რაიონულმა სასამართლომ 9 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება მელნიკოვის საექსტრადიციო პატიმრობაზე", - განმარტეს უკრაინის გენერალურ პროკურატურაში.
მათივე ინფორმაციით, კანონმდებლობის თანახმად, ორთვიან ვადაში შემოწმდება მელნიკოვის მოქალაქეობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, პასუხისგებაში მისი მიცემის შესაძლებლობა უკრაინის ტერიტორიაზე, დევნილის შესაძლო სტატუსი და სხვა მონაცემები.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, წინააღმდეგობის არარსებობის შემთხვევაში, გამოიტანენ დადგენილებას მელნიკოვის ექსტრადიციის დაწყების შესახებ. ამგვარი დადგენილება, უკრაინის კანონმდებლობით, შესაძლოა სასამართლოში გასაჩივრდეს ან პირმა უკრაინის ხელისუფლებას დევნილის სტატუსის მიღების თხოვნით მიმართოს.
"შესაბამისად, ქართულ მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ უკრაინის სასამართლომ თბილისს ოლეგ მელნიკოვის გადაცემაზე უარი უთხრა, სიმართლეს არ შეესაბამება. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საექსტრადიციო პატიმრობაზე, რათა შესრულდეს ყველა აუცილებელი მოთხოვნა ქართული მხარისთვის მის გადასაცემად. ყველა პროცედურა სრულდება უკრაინის კანონმდებლობისა და სამართალდამრღვევთა გადაცემის შესახებ ევროპული კონვენციის მკაცრი დაცვით", - აღნიშნავენ უკრაინის გენერალურ პროკურატურაში.
უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, მელნიკოვი საექსტრადიციო პატიმრობის პერიოდში საგამოძიებო იზოლატორში იქნება, რისთვისაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია 12 თვემდე ვადა.
"ინტერფაქს-უკრაინა" ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსან ოლეგ მელნიკოვს მთავარი პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და 2006 წელს მოქალაქე სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მონაწილეობაში ადანაშაულებს.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინულმა მხარემ საქართველოში მელნიკოვის ექსტრადიციაზე უარი განაცხადა, მისმა ადვოკატმა გაავრცელა. ეს ინფორმაცია საქართველოს მთავარმა პროკურატურამ არ დაადასტურა.
A patriot must always be ready to defend his country against his government. © Edward Abbey