ბასილ მელიქიშვილი იყო ქართველი მწერალი, რომელიც ძალიან ახალგზრდა დაიღუპა, 20-იან წლებში სრულიად დაუფასებელი. ამბობენ 1924 წლის აჯანყებაშიც მიუღია მონაწილეობა. ამიტომ თითქმის არ ბეჭდავდნენ, 60-იან წლებში გამოვიდა პატარა კრებული. ძალიან ცოტა რამის დაწერა მოასწრო. ჩემი აზრით ''თურმანი'' და ''მკერდშებოლილი მერცხალა'' ყველა ქართველს უნდა ჰქონდეს წაკითხული. პირველი ამბავია ლეკებისაგან მოტაცებული ქართველი ბიჭისა (ძალიან კარგი) მეორე კი ფილოსოფიური იგავია...ღვარძლი მოედო ქვეყანსა...ჯეჯილი ღვარძლით იმოსება და მოწამლულ ხორბალს იმკიან ქართველნი....კითხულობ ამბავსა და 21-24 წლებია იგავად გადმოცემული..ღვარძლმა წალეკა ქვეყანა (მე გავამარტივე..იქ ამბავი კარგადაა გაშლილი)..
სამწუხაროდ ინტერნეტ სივრცეში ვერ ვნახე ეს მოთხრობები. მაგრამ ვნახე სასიამოვნო ცნობა რომ ქარჩხაზის გამომცემლობას ხელახლა გამოუცია.
ინტერნეტში კი აი ეს მოთხრობა ვნახე
http://sapikhvno.org/viewtopic.php?p=26035...c52391a6f9f1f1a. გაგხსენებთ რომ ის დაწერილია 22 თუ 23 წლის პროვინციელი ბიჭის მიერ. ის საბჭოთა პრესაში არასდროს დაბეჭდილა, სამაგიეროდ გამოიცა ''ოქროს საწმისში'', არალეგალურ ლიტერატურულ ჟურნალში რომელსაც ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა გამოსცემდნეენ 1976-78 წლებში
აი დასაწყისი: თუ მოგეწონებათ დანარჩენი მაგ ლინკზეა
ბასილ მელიქიშვილი
გველების ტბა
თავი ა
ჰიმნი ვაჟასადმი
"გველი ხატის იასაულია".
(ხალხური თქმა)
მიიღე ქებად ეს სიტყვები, ვაჟა, ბრმა ვაჟავ.
შენი მომწვარი სახე მაგონებს დავით გარეჯის უდაბნოს გათენებისას.
შენი თვალი, _ ამომშრალი თვალი, ტურფა გირხას თვალია.
და დარჩება ხალხში ამბად.
ვინმე ფშაველი მელექსე ჩაიმღერს გირხას და შენს სიყვარულზე.
თინიბექაის ქალაი ცხვრებს დაამონებს თქვენზე ატირებული.
ეხლა _ კი მე ვწერ და ვწერ _ ვწუხვარ. ზერავ, ძვირფასო ზერავ, მომასვენე. ვწერ და ეხლა მაინც მომასვენე.
ესე იქნება კვანძი და დაწყება ლეგენდის.
ვაჟავ, იყავ უდაბნოში _ ის არ იყო საჰარა _ არც აზიის ხმელი უდაბნო, ის იყო უდაბნო აქ, ფშავეთში _ საქართველოში, უდაბნო, რომელიც მხოლოდ ამ ლეგენდამ გაჩვენა. გაგიტაცა გამოქვაბულმა კლდემ, სადაც ხალხის თქმით, გველი _ ოქროსფერი გველი ნატვრის თვალს ათამაშებს.
კარებთან ჰნახე კაცის ჩონჩხი. თავის ქალა სავსე იყო გველებით. კლდე გადმოლეწვას აპირებდა. მაღლა დაერგათ ლეღვი, ფოთლებგამხმარი.
ჰნახე ოთახის სანათური ჩამოემტვრია მზეს. ავარვარებულ ოთახში მოგესმა სისინი, მწარე სისინი. ძირს იყო შედედება გველების. მიწას გაჰკვროდნენ. ჩახვეულებს შეედედებინა ტბა ოთახში. შუაზე, ქართველ წმინდანის ქანდაკებაზე, გადახვეულიყო დედოფალი მათი.
მზის იასაული, ”გ ი რ ხ ა”.
აღელდა ტბა გველების. ასტეხეს ტკბილი ჰიმნი. ჰიმნი ჯადო ,,სტეჯი”. ო, სად ისმის, სად.
შეკრთი _ საშინელია.
არა, ვაჟავ, აქ იქნება შენი ზიარება.
_ მაშინ გადაეშვა გველების ტბაში.
გაიპო ტალღათ მლოცველ გველების გუბე და ჩაგიკრეს გულში და მოინათლე.
მზე გააფთრებული დააცხრა ოთახს, აუწო კანი გველებს, მაშინ მოჰხვიე ხელი ქანდაკებას და დედოფალი, ძვირფასი დედოფალი, ბელადი და ქურუმი _ მლოცველ გველების გადმოგეხვია.
გადმოგეხვია გველი. მწვანე გველი, ჩაფუფქულ თვალებით შუბლზე შეამჩნიე პატარა გვირგვინი.
ჩაგსტვენდა ტკბილად ყურში თავის სახელს.
,,ო, გირხა, გირხა, რა ძნელია შენი სახელის თქმა. იგი იწვის ცეცხლში. სტკბები მისი ეშხით, მისი ალერსით. კვლავ სტეჯი _ ჰიმნი დიადი და გაქორწინეს გირხაზე, შენ ეზიარე ხატს _ გაქორწინეს გირხაზე, რომლის თვალები თვით ლაშარსაც შეაშფოთებს, გადმომდგარს საქართველოს სიმაღლით, ლაშარს _ შენ ძმადნაფიცს.
დაგიკოცნა გირხამ თვალები და დაგბნიდა ვნებამ.
მზე დაგაცხრათ ნეფე-დედოფალს და აგატოკათ.
ატირდა ტბაც გველების. ისინი ხომ მისი იასაულები არიან, შენ მათი სიძე _ მათ საიდუმლოს ნაზიარები.
გამოხველ მთვრალი, დაბნედილი და თმებში შეგამჩნიეს ბალახები გველის და ყურებში გეწყო კვერცხები მათი.
და თვალები შენი ჩაფუფქულიყო. ჩამშრალიყო _ როგორც ტურფა გირხასი.
ო, გირხა, გირხა, შენ ტურფა და ვნებიანი ხარ. და შენ გაახელე ვაჟა ტლანქი _ვაჟა ძვირფასი.
მე დაგიწერ ქებას, საგალობლებს, ოდებს და წმინდა იამბიკოებს და ვემთხვევი შენ სიმწვანეს.
შენ გიწნავენ გრძნეულები ჯაგარს გიხატავენ საყურეებს, რომ უფრო აანთო ვაჟა _რომ უფრო აუწო გული მას.
ქედი დახარა ლაშარმა. ვაჟავ, შენია ბედი და შენი იყო ბედი და მოხვედ როგორც იასაული მზის. მოხვედ ნამზეურევი.
ყოველთვის მიდიოდი ტაძარში გველების, რომ გენახა გირხა _ სძალი ლაშარის, იქ ყოფნის დროს შენ იყავ მადალი და ბედნიერი, ნატვრის თვალივით, რომელსაც გველები ათამაშებენ მზის გულზე.
გველები ქრისტე ღმერთის მიერ განდევნილნი... ებრაელმა წმინდანებმა წყეული რომ უწოდეს.
ო. გირხა, გირხა, მზე ელავს შენთვის. შენ გიყვარს ის და გიყვარს რასაც მზის სუნი აქვს...
გველებს გიყვართ საქართველო.
ის ხომ გველია, ნინოს ჯვარზე დახვეულ თმებივით დაგრეხილი.
ის გვირგვინოსანია, როგორც გირხა და გიყვართ საქართველო, რადგან იქ მღერიან. გველების ჰიმნს სტეჯის. იქ სვანების ყიყვი გათრობთ.
იქ მთიულების ფშაური გბნიდავთ, და ჰხედავთ ღვთისმშობლის ხატზე ოქროს გველს.
ვაჟავ, წამოხვედ უდაბნოდან და წამოგყვა გირხა, გირხა ტკბილი ბერების წყევლასავით.
შეგეგებათ, ლაშარი. თავაშვებულ ცხენით. რომლის ფაფარში ბუდე აქვთ გველის ბახალებს.