თბილისის ტელეანძა — დამოუკიდებლად მდგომი სტრუქტურა საკომუნიკაციო მიზნებისთვის აშენდა 1955 წელს; მდებარეობს მთაწმინდაზე, თბილისში, საქართველო.
1972 წელს მოხდა პირველი ანძის დემონტაჟი, რომელიც გადატანილ იქნა ქალაქ გორთან, ხოლო მის ადგილას თანამედროვე ანძა აშენდა. ტელეანძას "საქართველოს ტელეცენტრი" მართავს, რომელიც 1955 წელს დაარსდა. ანძის საკომუნიკაციო სისტემები მოიცავს ტრანსლირებას, MMDS, პეიჯერსა და მობილურ გადამცემებს და კომერციულ ტელევიზიას. ანძის სიმაღლეა 274.5 მ / 901 ფუტი და ზღვის დონიდან 719,2 მეტრის სიმაღლის მთაზე დგას.
...
პირველი სატელევიზიო გადაცემა 1956 წლის 30 დეკემბერს გავიდა ეთერში. პირველი ფერადი მაუწყებლობა კი – მოგვიანებით, 1966 წელს. სტუდია, საიდანაც მაშინდელი დიქტორები ქვეყანას ახალ ამბებს ამცნობდნენ, ანძის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო განლაგებული. 54 წლის წინათ, სანამ ტელემაუწყებლობა პროგრესს მიაღწევდა, პირველი სატელევიზიო კოშკი აშენდა. მისი მშენებლობა 1952 წელს დაიწყო და 1956 წელს დასრულდა. სიმაღლე 186 მეტრი იყო და ახლანდელი ტელეანძის მიმდებარედ იდგა. მარტივი კონსტრუქციისგან შედგებოდა და ფერმერული სტილის იყო. ვინაიდან მას არხების გაზრდის საშუალება არ ჰქონდა, საჭირო გახდა ახალი კოშკის მშენებლობა. 16-წლიანი მუშაობის შემდეგ კოშკი ქალაქ გორში გადაიტანეს. მის ადგილას კი თანამედროვე დიზაინისა და სტანდარტების სატელევიზიო ანძა აშენდა. მისი მშენებლობა 1972 წელს დაიწყო და ორი წლის განმავლობაში მცოცავი ამწეკრანით მიმდინარეობდა. 274,5 მეტრის სიმაღლის ანძა ზღვის დონიდან 720 მეტრის სიმაღლის მთაზე დგას და 901 ფუტია. ახალმა სატელევიზიო ანძამ პროგრამების გადაცემის რაოდენობა გაზარდა. ამჟამად 15-ზე მეტი მაუწყებლისა და 24 რადიოს ანტენაა განთავსებული. 1955 წლიდან ანძას „საქართველოს ტელეცენტრი“ მართავს.
„უცნობი“ ინჟინრები
ბორის ადამია, შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ ტექნიკური დირექტორი: „ანძა ჟურნალისტების შერქმეულია, ისე მას სატელევიზიო კოშკი ჰქვია. ანძას სხვა დატვირთვა აქვს, მისი სიმაღლე 100 მეტრს არ უნდა აღემატებოდეს და ერთტანიანი უნდა იყოს. თბილისის სატელევიზიო კოშკში აპარატურაა განლაგებული და მომსახურე პერსონალი ჰყავს“.
ახლანდელი ტელეანძა 36 წლისაა და ევროპის უნიკალური ანძების სიაშია შეტანილი. პროექტი კიევის მეტალოკონსტრუქციების კვლევითმა ინსტიტუტმა დაამუშავა. უშუალო დამპროექტებელი ნიკალაი ბუტიაა. თბილისის სატელევიზიო ანძის მსგავსი კოშკი კიევსა და ერევანში დგას. კონსტრუქცია რუსეთის ერთ-ერთ ქარხანაში დამზადდა და მთაწმინდაზე, რუსთავის სტალკონსტრუქციების სამშენებლო სამმართველო „ტრესტმა“ ააშენა. უსაფრთხოების ზომები იმდენად იყო დაცული, რომ მშენებლობის პროცესში არავინ დაზარალებულა.
„რამდენი ადამიანი მუშაობდა ახალი ანძის მშენებლობაზე და ვინ იყვნენ ისინი, სამწუხაროდ, დღეისთვის უცნობია. კავშირგაბმულობის მაშინდელ სამინისტროში, სადაც ამ ყველაფრის ფოტო და დოკუმენტური მალასა ინახებოდა, სამოქალაქო ომის დროს მთლიანად დაიწვა და ყველაფერი განადგურდა“.
ანძის მშენებლობის ფოტომასალა, ბორის ადამიამ კიევის მეტალოკონსტრუქციების კვლევითი ინსტიტუტიდან შარშან ჩამოიტანა. პირველი თანამშრომლებისგან ცოცხალი თითქმის აღარავინ არის.
კიდევ 50 წელი
ბორის ადამია პროფესიით რადიოინჟინერია. პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ პრაქტიკაზე მისული ახალგაზრდა ანძის თანამშრომელი გახდა. მას შემდეგ 35 წელი გავიდა და ის ტელერადიოცენტრის ტექნიკური დირექტორია.
– ანძას თუ აქვს თავისი ექსპლუატაციის ვადა?
– საერთოდ, ანძის საპროექტო რესურსი 50 წელია. ახლა 36 წლის არის, მაგრამ მისი შემოწმება აუცილებელი იყო, რადგან 1994 წელის ოქტომბერში ანძას ხანძარი გაუჩნდა. ხანძარმა, თავისთავად, მეტალოკონსტრუქციის დაზიანება გამოიწვია. მეტალი მაღალ ტემპერატურაზე თავის ფუნქციას კარგავს. ორი წლის წინათ უკრაინიდან ექსპერტები ჩამოვიყვანეთ და შევამოწმებინეთ. ექსპერტების დასკვნამ მოგვცა იმის გარანტია, რომ ანძა კიდევ 50 წელი იფუნქციონირებს. 2015 წლიდან ანძა ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის და „ანალოგიური“ ტელე-რადიომაუწყებლობა ანძას უფრო მეტ რესურსს მისცემს.
– ხანძარი როგორ გაჩნდა?
– მრგვალი შენობის მეორე სართულზე, ტელეკომპანია „თამარიონის“ ოთახი იყო განთავსებული. იმ პერიოდში ამ ოთახს „მხედრიონი“ აკონტროლებდა და ხანძარი გაჩნდა. ამ თანამდებობაზე 22 წელია, ვმუშაობ, მაშინაც ტექნიკური დირექტორი ვიყავი. როგორღაც შევაღწიეთ და მოვახდინეთ ცეცხლის ჩაქრობა, თუმცა ბოლომდე, როგორც ჩანს, ვერ შევძელით ცეცხლის ლოკალიზება. ცეცხლი ისევ გაძლიერდა და დილამდე იწვოდა. ხანძარი შახტაზე გადავიდა და რაც კი ფიდერები იყო დამონტაჟებული, ყველაფერი დაიწვა. როცა ხანძრის გავრცელება ქვემოთაც გარდაუვალი იყო, თანამშრომლებს ვუთხარი, ყველა ფიდერი გადაეჭრათ. ასეც მოიქცნენ და ხანძარი ქვემოთ აღარ გავრცელდა. იმავე საღამოს 8 საათზე ჩვენ უკვე ორი პროგრამა გავუშვით ეთერში. ისტორიას არ ახსოვს, ასე სწრაფად აღდენილიყო დაზიანებული ანძა.
მოციმციმე ანძა ქარის დროს 9 მეტრზე იხრება
რადიაციული გამოსხივება აქვს, მაგრამ ისეთი არა, აქ მომუშავე პერსონალის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას.
– მავნე რომ იყოს, აქამდე ხომ დავიხოცებოდით. ანძის გამოსხივება არ შედის იმ რადიაციულ გამოსხივებათა რიცხვში, რომელსაც ატომური ელექტროსადგურები გამოყოფენ.
– რატომ წითელი და თეთრი?
– სტანდარტია, მფრინავმა ობიექტმა რომ კარგად შეამჩნიოს. 36 წლის განმავლობაში ანძა რამდენჯერმე შეიღება. წესით, ხუთ წელიწადში ერთხელ უნდა იღებებოდეს. ადრე მუშა ზემოდან რომ დაიწყებდა შეღებვას, ოთხი წელი უნდებოდა ქვემოთ ჩამოსვლას. ერთი წლის შემდეგ ისევ იწყებდა შეღებვას და ასე გრძელდებოდა. ბოლოს ერთ-ერთმა კომპანიამ რვა თვეში დაასრულა შეღებვა. არ შეიძლება ამის ასეთ მოკლე დროში შეღებვა, ყველაფერს თავისი ვადა აქვს.
– ამბობენ, ქარის დროს იხრებაო...
– ქარის დროს, ბუნებრივია, რომ მასაზე ხდება დაწოლა. აქვს თავისი გადახრის საპროექტო მაჩვენებელი. მისი გადახრის დასაშვები ნორმა ორივე მხარეს 9 მეტრია. ეს არის მაქსიმალური შესაძლებლობა და ამ შემთხვევაში ანძა უბრუნდება საწყის მდგომარეობას. ქარის დროს საგრძნობლად შესამჩნევია მისი რხევა. 9-ბალიან მიწისძვრაზეა გათვლილი. რკინა-ბეტონის „პადუშკებზე“ ზის და მიწას მიჰყვება.
მოციმციმე ნათურები ორი წლის წინათ დამონტაჟდა. პირველად სხვა ვარიანტი გაკეთდა. განათების დაპროექტება ეიფელის კოშკის დამპროექტებლებს ეკუთვნით. ფრანგული კომპანია ნათურებს ოთხი თვე ამონტაჟებდა.
ანძაში, 160 მეტრამდე, ანუ მრგვალ შენობამდე, მთავარი ლიფტით ავდივართ. მრგვალი შენობიდან ზემოთ კი – ორკაციანი პატარა ლიფტით, სადაც აპარატურაა განლაგებული, მთლიანობაში 400 კვადრატული მეტრი ფართობია. აქ ყოველდღიურად 4 თანამშრომელია და აპარატურას აკონტროლებს. საერთო ჯამში, ანძას 80-მდე თანამშრომელი ჰყავს. „საქართველოს ტელერადიოცენტრს“, ქვეყნის მასშტაბით, 48 ტელეანძა აქვს.
P.S. პირველად თვითმფრინავში მგზავრობის დროს დავინახე თბილისი ზემოდან და მეორედ იმ დღეს, როცა ამ სტატიის მოსამზადებლად ვიყავი ასული. ანძიდან ყველაფერი წერტილებად მოჩანს, თბილისის ყველა უბნიდან კი – ის ერთადერთი.
ანძის სურათი ღამით:
გადაღებულია უშუქობის დროს.

ანძის სურათი დღისით,სურათის ფონზე ჩანს ნიკოლა სარკოზი: