http://www.iveroni.com.ge/analitika/23454-...html?lang=ka-GEთენგიზ კიტოვანი: „საქართველო ორჯერ გადარჩა“
06/01/13 14:12
დღეს 21 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია სამშობლოდან განდევნეს. 21 წლის წინანდელ მოვლენებზე "ივერონს" მათი ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი, თავდაცვის იმჟამინდელი მინისტრი თენგიზ კიტოვანი ესაუბრა, რომელიც რუსეთში მრავალწლიანი ცხოვრების შემდეგ დროებით საქართველოში დაბრუნდა.
"1992 წელს საქართველო გადარჩა. ზვიადი ძალიან კარგი პიროვნება იყო, მაგრამ მის უახლოეს გარემოცვასა და მეუღლეს ქვეყანა დაღუპვამდე მიჰყავდათ. ყველა ტერიტორიული კონფლიქტი, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიას ახსოვს, ზვიად გამსახურდიას რეჟიმის დროს დაიწყო. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები საქართველოს პოლიტიკისთვის დამღუპველი იყო. სამხრეთ ოსეთიც და აფხაზეთის 1/3-ც, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა 2008 წელს დაკარგა, მაშინ - ზვიად გამსახურდიას დროს იკარგებოდა, რომ არ წასულიყო საპრეზიდენტო მმართველობიდან, - ასე შევაფასებდი მე" – განუცხადა "ივერონს"თენგიზ კიტოვანმა.
მისივე აზრით, საქართველო გარდაუვალ ომს ორჯერ გადარჩა.
"ერთხელ ეს 1992 წელს მოხდა, როდესაც ზვიად გამსახურდიას გზა მივეცით, საქართველოდან მშვიდობიანად წასულიყო. ჩემი კონფლიქტი პრეზიდენტთან მის მიერ ჩვენი სამშვიდობო ჯარის გაუქმების შემდეგ დაიწყო. ჩვენს მიერ კონფლიქტურ რეგიონებში სამშვიდობო ჯარი იქნა შეყვანილი, რომელიც შემდეგ გამსახურდიამ ერთი ხელის მოსმით გააუქმა. მოსკოვში იმ დროს პუტჩი მოხდა, გამსახურდიაც პუტჩს დაემორჩილა და საკუთარი ქვეყნის ჯარები გააუქმა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ჩვენი დაპირისპირება" - განაცხადა კიტოვანმა.
მეორედ კი, მისი აზრით,
"საქართველო ბიძინა ივანიშვილმა გადაარჩინა, რომელმაც ქვეყანა სააკაშვილის 8-წლიანი მმართველობით გამოწვეული დაღუპვისგან იხსნა". "2008 წლის ომის დროს, 12 აგვისტოს მოსკოვში თურქეთის პრემიერი და სხვადასხვა ქვეყნების ძალოვანი მინისტრები იყვნენ ჩამოსულები, რომლებიც რუსეთს ყარსის ხელშეკრულების გაუქმებას სთხოვდნენ. საქართველო იდგა საშიშროების წინაშე, აჭარაც დაკარგულიყო. სააკაშვილის სულელურმა პოლიტიკამ საქართველო უკიდურესად მძიმე მდგომარეობამდე მიიყვანა. რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ქვეყანა ვერ გადარჩებოდა" - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ 1991 წლის 22 დეკემბერს, დილის 8-ის ნახევრიდან საქართველოს დედაქალაქის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასა და ოპოზიციის მომხრეთა შორის შეიარაღებული შეტაკება დაიწყო, რომელიც 1992 წლის 6 იანვარს ქვეყნიდან გამსახურდიას განდევნით დასრულდა.
თბილისის ომმა, რომელიც 15 დღის განმავლობაში გრძელდებოდა, არაოფიციალური მონაცემებით, 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საარტილერიო სროლების შედეგად დაინგრა და გადაიწვა ქალაქის ცენტრში მდებარე პარლამენტის, თბილისის კლასიკური გიმნაზიის, სასტუმრო "თბილისის", მხატვრის სახლისა და სხვა შენობები.
მას შემდეგ, რაც გამსახურდიამ საქართველო დატოვა, ქვეყნის მართვა საკუთარ თავზე აიღო სამხედრო საბჭომ, რომლის შემადგენლობაშიც ექს-პრემიერი თენგიზ სიგუა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი და შეიარაღებული ფორმირება "მხედრიონის" მეთაური ჯაბა იოსელიანი შევიდნენ.
შიდა დაპირისპირებაში გამარჯვებულებმა 1992 წლის 7 მარტს საქართველოში სსრკ-ის საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი ედუარდ შევარდნაძე ჩამოიყვანეს. მან მომხდარ სამოქალაქო ომს "შეიარაღებული აჯანყება" უწოდა და აეროპორტში მადლობა გადაუხადა ინტელიგენციას, რომელიც, მისი შეფასებით, "იარაღით ხელში იცავდა დემოკრატიას". 10 მარტს შევარდნაძე სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს.
ეროვნულ გვარდიასა და სამხედრო საბჭოს ძალებს შორის შეიარაღებული დაპირისპირებები გაგრძელდა, რასაც ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამხედრო საბჭომ და "მხედრიონმა" დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით კი სამეგრელოში სადამსჯელო ექსპედიციები განახორციელეს.
ქვეყნის ბედი რუსეთმა გადაწყვიტა. როცა სასწორი ზვიად გამსახურდიას მომხრეებისკენ გადაიხარა და ისინი დასავლეთ საქართველოდან თბილისისკენ დაიძრნენ, ედუარდ შევარდნაძემ დახმარება სწორედ მოსკოვს სთხოვა. ფოთში გადმოსხმული რუსული არმიისა და საზღვაო ფლოტის ნაწილები ედუარდ ბალტინის მეთაურობით სასწრაფოდ ჩაებნენ ქართველების წინააღმდეგ ომში, რომელიც საბოლოოდ რუსეთის არმიისა და სამხედრო საბჭოს გამარჯვებით დასრულდა.
====================
პ.ს. თბილისის ომის დასრულებიდან 21 წელი გავიდა...
This post has been edited by libero on 6 Jan 2013, 19:41