ბოლნისის სიონი (ბოლნისის რაიონი)











ბოლნისის სიონი ისევე, როგორც საერთოდ ადრინდელი ფეოდალური ხანის ქართული არქიტექტურა, გამოირჩევა ინტერიერის მკაცრი მონუმენტურობით - მთავარი ყურადღება შიგა სივრცის მხატვრულ გადაწყვეტას ექცევა, ფასადთა მნიშვნელობა ჯერ კიდევ მეორეხარისხოვანია.
საქართველოსათვის ტრადიციული ცენტრული კომპოზიციების გავლენას მოწმობს დასავლეთით შესასვლელის უქონლობა (ახლანდელი XVII საუკუნეშია გაჭრილი), რაც ეწინააღმდეგება ბაზილიკის „სიგრძივ“ ხასიათს. ბაზისებისა და სვეტისთავების საინტერესო სკულპტურული მორთულობა თავმოყრილია ჩრდილოეთი გალერეასა და ტაძრის ინტერიერში. მცენარეულ და გეომეტრიული სახეებთან ერთად, რომლებიც სასანური ხელოვნების წრესთან ნათესაობას ამჟღავნებს, გვხვდება ქრისტიანული სიმბოლოს - ჯვრის სხვადასხვაგვარი გამოსახულებანი. მ.შ. ერთ-ერთი (ბოლოებგაფართოებული ჯვარი წრიულ ჩარჩოში) „ბოლნური ჯვრის“ სახელითაა ცნობილი.
ბოლნისის სიონში, პირველად ქართულ არქიტექტურაში, გვხვდება აგრეთვე რელიეფური სკულპტურული გამოსახილებანი (ხარის თავი, სხვადასხვა ფრინველი და ცხოველი), რომლებიც წინაქრისტიანულ ხანასთანაა დაკავშირებული, მაგრამ შეთვისებულია ქრისტიანული სარწმუნოების მიერ.
ბოლნისის სიონი ნათლად წარმოგვიდგენს როგორც ქართული ბაზილიკის ნათესაობას ქრისტიანულ სამყაროს სხვა ქვეყნის ბაზილიკასთან, ისე მის მკაფიოდ გამოსახულ თავისებურებებსაც. ეკლესიის გვერდით, სამხრეთ-დასავლეთით, დგას XVII საუკუნის სამრეკლო. ბოლნისის სიონი საფუძვლიანადაა რესტავრირებული და შეკეთებული. XVII საუკუნეში აღადგინეს გადახურვის კამარები საბჯენი თაღებით, გაჭრეს დასავლეთ შესასვლელი. 1936-1939 ჩატარებულ სამუშაოთა შედეგად ძეგლი გათხარეს, შეაკეთეს, გადახურეს და გაამაგრეს. 1967-1969 გადახურეს ჩრდილოეთ გალერეს და არადგინეს მისი დასავლეთი კედელი, უძველესი წარწერის პირი ჩადგეს თავის ადგილას, დააგეს ქვის ახალი იატაკი. ბოლნისის სიონში გაჩაღებული იყო მწიგნობრული საქმიანობა. ცნობილია ბოლნელ ეპისკოპოსთა ინიციატივით დამხადებული ხელნაწერები. X-XI საუკუნეებში იქ მოღვაწეობდა იოანე ბოლნელი.
* * *
წუღრუღაშენი (ბოლნისის რაიონი)







წუღრუღაშენის ტაძარი მდებარეობს ისტორიულ ქვემო ქართლში, ბოლნისის რაიონში, ბოლნისიდან სამხრეთით თითქმის 10 კილომეტრის დაშორებით, რომელიც არქიტექტურულ-მხატვრული ანალიზით XIII საუკუნით თარიღდება.
თვით ტაძარი დგას მდინარე ფოლადაურის გაშლილი ხეობის მარჯვენა მხარეს, იმ მთის კალთაზე, რომელსაც ვახუშტის მიხედვით, ეწოდება „მცირე მთა ბოლნისისა“. ამჟამად განმარტოებითაა ეს ტანწვრილი, მაღალი გუმბათოვანი ეკლესია, რომლის სილუეტი შორიდან მოჩანს. ძეგლი გადაჰყურებს ძირს, ხევში გაფანტულ სოფლებსა და ჩრდილოეთიდან სამხრეთით მიმავალ დაკლაკნილ შარაგზას. მის პირდაპირ, დასავლეთით, მდინარე ფოლადაურის გაღმა, მდებარეობს სახელგანთქმული ბოლნისის სიონი, ხოლო მოშორებით - ქვემო ბოლნისის სამეკლესიანი ბაზილიკა და მათ შუა და გარშემო - XVI-XVII საუკუნეების მცირე ზომის ეკლესიები და სამრეკლოები.
წუღრუღაშენის ტაძარი მრავალი საუკუნის განმავლობაში უკაცრიელი ყოფილა. ამ უპატრონობის დროს ძეგლს მთლიანად დაუკარგავს სახურავი, გუმბათის კონუსი და ზოგიერთი სხვა დეტალი. ძეგლის ირგვლივ სხვა ნაგებობები არ ჩანს, ხოლო გალავანი ახლახან აღადგინეს ძველი კონტურის დაცვით.
წუღრუღაშენის ტაძრის შესახებ ისტორიულ წყაროებში ვერავითარ ცნობას ვერ ვპოულობთ. როდის ააგეს, ან რა როლს ასრულებდა იგი მაშინდელ ცხოვრებაში, უცნობია. მცირე რამ ვიცით თვით ძეგლის წარწერებიდან.
ძეგლზე სამი წარწერაა. პირველი, ყველაზე უკეთ შენახული წარწერა, მოთავსებულია დასავლეთის კარის მარჯვნივ, ცოკოლიდან მეორე ჰორიზონტალურ რიგში მდებარე ერთ დიდ ცისფერ ქვაზე, რომლის მარჯვენა ზედა ნაწილიც დაზიანებულია, მაგრამ ასოების მოხაზულობის აღდგენა ადვილად ხერხდება. ეს ასომთავრული წარწერა ათ სტრიქონს შეიცავს.
ქარაგმების გახსნით წარწერა წაიკითხება ასე:
1 „ქ. სახელითა ღმრთისათა და მეოხებითა წმინდისა
2 ღმრთისა მშობელისაჲთა, ძლიერებითა, წმიდისა
3 გიორგის ხუთშაბათის ჯვარისაჲთა, მეფისასა
4 შინა დიდისა გიორგი მეფეთა მეფისასა
5 მიწამან მეფობისა მათისამან, არსენის
6 ძემან ჰასან, დავიწყე შენ -
7 ებაჲ ტაძარსა გუნბადს, მამულ -
8 სა ჩემსა, უწყებითა გამოცხადე -
9 ბითა ამისვე მთავარმოწამისა
10 მიერ, სადიდებლად ღმრთისა“
მეორე წარწერა მოთავსებულია სამხრეთის კარის არქიტრავის მორთულ ქვაზე. წარწერისათვის სპეციალურად დატოვებულია შუა ნაწილი. ზედა ვერტიკალურ სიბრტყეზე სამი სტრიქონია. ხოლო ქვედა, შიგნით დაქანებულზე - ორი. წარწერა პირველზე გაცილებით უკეთესი ოსტატობითაა შესრულებული, მაგრამ ეტყობა, რომ ამოკვეთის დრო ერთი და იგივეა, შემსრულებელი კი - სხვადასხვა.
პ.ს. უფრო დეტალურად იხილეთ ეს ბმული:
http://dzeglebi.com/view.php?id=163 * * *
ბერდიკის/ფოლადაურის ციხე (ბოლნისის რაიონი)




ფოლადაური, სოფელი ბოლნისის რაიონში, მდინარე ბოლნისის წყლის, (მდ. ფოლადაური) მაშავერას მარჯვენა შენაკადის, მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 700 მეტრზე, ბოლნისიდან 16 კილომეტრზე. სოფელში მდებარეობს ფოლადაურის (ბერდიკის) ციხე და სამი ეკლესია. ფოლადაურის ეკლესიები თარიღდება XIV - XVII საუკუნეებით. პირველი ეკლესია მდებარეობს სოფელ ფოლადაურში, მეორე ეკლესიაზე აღინიშნება ორი ლაპიდარული წარწერა, მესამე ხეობის სიღრმეში მდებარეობს და ძლიერ დაზიანებულია, შემორჩენილია რელიეფური ქვა.
ბერდიკის (ფოლადაურის) ციხე - ისტორიული ციხესიმაგრე ქვემო ქართლში (თანამედროვე ბოლნისის რ-ონი), მდინარე ბოლნისისწყლის (ფოლადაურის) მახლობლად, მაღალ კლდოვან მთაზე. სახელი ეწოდა ისტორიულ სოფლის ბერდიკის მიხედვით. შემორჩენილია გალავანი და ორი კოშკი, რომელთაგან ერთი ოთხსართულიანია. ციხე შუაფეოდალურ ხანაშია აგებული. იგი კონტროლს უწევდა ფოლადაურის ხეობით მიმავალ უმოკლეს გზას, რომელიც ?მგლისკარის" უღელტეხილით ლორეში გადადიოდა.
* * *
ერთი ეგ ამიხსენით ცალ-ცალკე ვდებ ამ თემებს და ერთ პოსტში რატომ აერთიანებს ვერ გავიგე ?