წინა ხელისუფლების გამგებლებიდან ყველაზე დიდი ოდენობის პრემია - 28 320 ლარი ქარელის გამგებელმა აიღო, ერთადერთი გამგებელი კი, რომელსაც პრემია არ აუღია ცაგერის გამგებელია. სტატიას, ქვეყნის მასშტაბით თვითმმართველობის ორგანოებში გაცემული პრემიების შესახებ, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" აქვეყნებს.
სტატია ასახავს 2012 წელს (იანვარი-ნოემბერი) რეგიონებში გაცემულ პრემიებს; ირკვევა, რომ ყველაზე დიდი რაოდენობით პრემია ქარელის გამგებელმა მიიღო. ასევე 20 000-ს აჭარბებს დმანისის, მარნეულის, გორის გამგებლებისა და ბათუმის მერის ამავე პერიოდში აღებული პრემიები. 10 000 ლარიდან 20 000 ლარამდეა ფოთის და ქუთაისის მერების და ქობულეთის, ზუგდიდის, ხელვაჩაურის, ქედის, ხულოს, თეთრიწყაროს, შუახევის გამგებელთა მიერ მიღებული პრემიები. სულ რეგიონებში მერებსა და გამგებლებზე გაცემულმა პრემიამ 391 428 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება თვითმმართველი ორგნოების თანამშრომლებისთვის გამოწერილ პრემიებს, ამ მხრივ გამორჩეულია ბათუმის მერია, რომელმაც თავის თანამშრომლებზე საერთო ჯამში 2 107 905 ლარი გასცა. ქუთაისის მერიამ გასცა 1 188 407 ლარი, ხოლო ფოთის მერიამ 821 370 ლარი.
გამგეობებში გაცემული პრემიების სიდიდით ქედის გამგეობა ლიდერობს, რომელმაც თანამშრომლებზე პრემიის სახით 454 615 ლარი გასცა, ხოლო ყველაზე მცირე რაოდენობით პრემია აპინძის თანამშრომლებმა მიიღეს - საერთო ჯამში 24 500 ლარი.
ინსტიტუტმა 2012 წელს თანამდებობის პირებზე და თანამშრომლებზე დარიცხული პრემიების ოდენობების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით სამოცდაორ თვითმმართველ ერთეულს 26 ნოემბერს მიმართა.
"50 მათგანმა მეტ ნაკლები სისრულით დააკმაყოფილა ინსტიტუტის მოთხოვნა, 11-მა მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა, ხოლო რუსთავის მერიამ აღნიშნულ მოთხოვნაზე ინფორმაციის მოწოდების ნაცვლად მხოლოდ განმარტა, რომ პრემია წარმოადგენს მოსამსახურის შრომითი გასამრჯელოს შემადგენელ ნაწილს, რომელიც გაიცემა წახალისების მიზნით.
გაცემული პრემიების სიდიდე და პრემიის გაცემის ინტენსივობა, თვითმმართველ ერთეულებში, სხვადასხვაგვარადაა წარმოდგენილი. ყოველთვიური და კვარტალური პრემიების გარდა, გვხვდება შემთხვევები, როდესაც თვითმმართველი ერთეული პრემიებს გასცემს ერთი თვის განმავლობაში ორჯერ. (ე.წ. სააღდგომო პრემია, სარვამარტო პრემია, 6 მაისის პრემია, მარიამობის პრემია და ა.შ.)"- ნათქვამია სტატიაში.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ პრემიების გაცემაზე გარკვეული ზეგავლენა იქონია საპარლამენტო არჩევნებმა და მის შედეგად ხელისუფლების ცვლილებამ. ოქტომბერ-ნოემბერში გამგებლების და მერების უმრავლესობას პრემია არ მიუღია.
სტატია საჯარო ინფორმაციის ანალიტიკურ ბლოგზე გამოქვეყნდა.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...gascemdnen.htmlცაგერის გამგებელი ვინ იყო, ერთI ღირსების ორდენი კი უნდა დავკიდოთ კისერზე რა