ბათუმის ბოტანიკური ბაღიბათუმის ბოტანიკური ბაღი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა, გაშენებულია ბათუმიდან 9 კმ-ის დაშორებით, მწვანე კონცხზე, 111 ჰა ფართობზე.
ბათუმის ბოტანიკური ბაღის რელიეფი მთაგორიანია, ნიადაგი — წითელმიწა, ყომრალი და ალუვიური. დააარსა ა. კრასნოვმა 1912 წელს. ბაღში სამი დენდროპარკი, კოლხეთის ტყის ნაკრძალი და ლანდშაფტურ-გეოგრაფიული პრინციპით შექმნილი 9 ფლორისტული განყოფილებაა: ამიერკავკასიის ტენიანი სუბტროპიკების, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, ჰიმალაის, აღმოსავლეთ აზიის, ჩრდილოეთ ამერიკის, სამხრეთ ამერიკის, მექსიკისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებისა. მცენარეთა კოლექცია შეიცავს 5000-ზე მეტ სახეობას, სახესხვაობას, ფორმასა და ჯიშს. ბაღში კარგად ხარობს უნიკალური მცენარეები: პოდოკარპუსი ტოტარა, ანდერსონის ვერონიკა, სამხრეთ კორდილინე, ჰიმალაური შქერი, ნეპალის მარადმწვანე მურყანი, მარადმწვანე მუხები, იაპონური კამელიის 80-ზე მეტი ჯიში, პალმისები ნეკერჩხლის 20 ფორმა, მაგნოლიის 15 სახეობა და ფორმა. იელების მდიდარი კოლექცია, საპნის ხე, ქონის ხე, ბამბუკის მრავალი სამრეწველო ჯიში, მამონტის ხე, მარადმწვანე სექვოია, მეტასექვოია, სწრაფმზარდი ფოთოლმცვივანი მუხები, მექსიკური ფიჭვები, ჩრდილოეთ ამერიკული და მექსიკური ტაქსოდიუმი, მრავალი სახეობის კაქტუსი, სამხრეთ ამერიკის მანიჰოტი და სხვა. აქვეა კავკასიური კერძოდ კოლხეთის მესამეული პერიოდის რელიქტები: უნგერნის შქერი, პონტოური შქერი, ხეწყავი, წყავმაზა, პონტოური მუხა და სხვა. კარგად არის დაცული უძველესი პერიოდის კოლხური ტიპის ტყე.
ბათუმის ბოტანიკური ბაღში სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ეწევა მცენარეთა ინტროდუქცია-აკლიმატიზაციის, მეყვავილეობისა და დეკორატიული მებაღეობის, ბოტანიკის, სუბტროპიკული მცენარეთა სელექციის, მცენარეთა ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური განყოფილებები. ბაღიდან გავრცელდა ევკალიპტი, ქაფურის ხე, ევკომია, ტუნგი, ფორთოხალი („ვაშინგტონ-ნაველი“), ფეიჰოა, აღმოსავლური ხურმა, ახალზელანდიური სელი.
დეკორატიულ მებაღობაში დაინერგა მრავალი მცენარე. 1972 წელს შესწავლილია დაყვავილებული და გამხმარი ბამბუკის პლანტაციის აღდგენის საკითხები, გამოყვანილია ფორთოხლისა და მანდარინის ჰიბრიდები. ტყის მეურნეობაში წარმატებით ინერგება სწრაფმზარდი მერქნიანი მცენარეები: ჭობის მუხა, ნამგლისებრი მუხა, იაპონური ძელქვა, ხეტიტა, ამბრის ხე, იაპონური წაბლი, ვეიმუტის ფიჭვი და სხვა. ტექნიკური კულტურებიდან ინერგება ევგენოლის კამელია და იაპონური დარიჩინი. გაცვლის წესით სუბტროპიკულ მცენარეთა თესლები, კალმები და ბოლქვ-გორგლები ეგზავნება უცხოეთის სხვადასხვა ბოტანიკურ დაწესებულებას, გამომცდელ მოყვარულებს. ბაღს აქვს მდიდარი ბიბლიოთეკა და 48000 ფურცელზე მეტი ჰერბარიუმი.
ბაკურიანის ბოტანიკური ბაღიბაკურიანის ბოტანიკური ბაღი — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტისა, მაღალმთის ბოტანიკური ბაღი. მდებარეობს ბაკურიანის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთებზე. ზღვის დონიდან 1700 მ სიმაღლეზე. დაარსებულია 1910 წელს კოხტაგორის დასავლეთ კალთაზე ა. როლოვისა და ა. ფომინის ინიციატივით. 1934 წელს ბაღი საქართველოს ბოტანიკის ინსტიტუტს გადაეცა. 1937 წელს ბაღი გაშენდა ახალ ტერიტორიაზე. უკავია 17 ჰა ფართობი. ბაკურიანის ბოტანიკური ბაღის ძირითადი დანიშნულებაა კავკასიის მაღალმთიანეთის მცენარეების ინტროდუქცია, მათი აკლიმატიზაცია და დამახასიათებელ ბიოეკოლოგიურ თავისებირებათა დადგენა. ამავე დროს ბაკურიანის ბოტანიკური ბაღი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკური ინსტიტუტის ერთ-ერთი ექსპერიმენტული ბაზაა. მის ტერიტორიაზე შექმნილია საცდელი ნაკვეთები და კოლექციები, რომელთა შორის აღსანიშნავია:
ალპურ მცენარეთა კოლექცია (თავმოყრილია კავკასიის სხვდასხვა რაიონიდან გადმოტანილი 1200-მდე სახეობა - ქარცხვი, კენკეშა, ცის-ფოლიო, ბაიერნის ფურისულა, აღმოსავლური ყაყაჩო, ჯავახური და კეცხოველის ფამფარულა, ჭრელი წივანა, მთის ბარისპირა, ფრინტა, მშვენიერი დეზურა, პონტოური ნაღველა და სხვა), რომელსაც 1,5 ჰა-მდე ფართობი უკავია.
ალთაის, შორეული აღმოსავლეთის, კარპატებისა და სხვა მცენარეების კოლექცია, რომელთა 300-მდე სახეობა (ამურის მიხაკი, ალთაური ია, ციმბირული ცხენისკბილა, კარპატული მაჩიტა, ალპური ღიღილო, ჰიმალაური ასტრა და სხვა) ბაღშია ინტროდუქცირებული.
მერქნიან მცენარეთა კოლექცია: კავკასიის 75 სახეობა (მაღალმთის ნეკერჩხალი, აღმოსავლური მუხა, ლიტვინოვის და მედვედევის არყი, კავკასიური სოჭი, თელა, ცაცხვი, დეკა, უნგერნის შქერი და სხვა). ეგზოტიკურ მცენარეთა 66 სახეობა (დუგლასის ცრუცუგა, ევროპული, ენგელმანის და მჩხვლეტავი ნაძვი, მანჯურიული კაკლის ხე, ამურის ხავერდის ხე, ციმბირული ლარიქსი და სხვა). საცდელ ნაკვეთებზე გაშენებულია მოცხარის (თეთრი, წითელი და შავი), მაყვლის, ხურტკმელისა და მიჩურინული ყინვაგამძლე ვაშლის სხვადასხვა ჯიში, რომლებიც შემოტანილია 1939 წელს. ბაკურიანის ბოტანიკური ბაღი უცხოეთის ზოგიერთ ბოტანიკურ დაწესებულებას უცვლის თესლს იმ სიის საფუძველზე, რომელსაც ყოველწლიურად აქვეყნებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკური ინსტიტუტი.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღიზუგდიდის ბოტანიკური ბაღი — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური ბოტანიკური ბაღის ზუგდიდის ფილიალი, გაშენებულია გასულ საუკუნეში, დადიანების სასახლესთან, როგორც მთავრის რეზიდენციის დეკორატიული ბაღი. პარკში ოთხმოცამდე გვარის მრავალი სახეობის ხე, ბუჩქი და მცენარე იზრდება, მათ შორის მაგნოლიის ექვსი სახეობა, სხვადასხვა სახეობის მუხა, ატლასისა და ჰიმალაის კედარი, კანარის ვერხვი, აზიის, მათ შორის ინდოეთის, იაპონიის, ხმელთაშუაზღვისპირეთის, ამერიკის და სხვა ადგილებიდან შემოტანილი რელიქტური და ენდემური მცენარეები.[1] ზუგდიდის ბაღმა დეკორატიული სახე მიიღო მას შემდეგ, რაც მის განაშენიანების საქმეს ენერგიულად მოჰკიდა ხელი სამეგრელოს უკანასკნელმა მთავარმა დავით დადიანმა. [2]
როგორც მდებარეობით, ასევე კლიმატური პირობეით ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ერთ-ერთ საუკეთესო ბაზას წარმოადგენს ძვირფასი სუბტროპიკული მცენარეების ინტროდუქციის, კვლევისა და აკლიმატიზაციისათვის.
თბილისის ბოტანიკური ბაღითბილისის ბოტანიკური ბაღი, ყოფილი სამეფო ბაღი, სოლოლაკის ქედის სამხრეთით, მდინარე წავკისისწყლის (ლეღვთახევის) ხეობაში მდებარეობს. რუსეთის მიერ საქართველოს მიერთების შემდეგ ბაღი სახელმწიფო საკუთრება გახდა. 1845 წელს მას ბოტანიკური ბაღი ეწოდა.
1896-1904 წლებში ბაღი დასავლეთისკენ გაფართოვდა. 1932-58 წლებში მას მიემატა ყოფილი მუსლიმური სასაფლაოს ტერიტორია წავკისისწყლის მარჯვენა ნაპირზე და თაბორის მთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდზე. აქ შემორჩენილ საფლავებს შორის აზერბაიჯანელი მწერლის მირზა ფათალი ახუნდოვის (1812-1878) საფლავია.
ბოტანიკურ ბაღში წარმოდგენილია საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონების ფლორის მდიდარი კოლექციები. ბაღის ფარგლებში წავკისისწყალზე რამდენიმე ხიდია გადებული. მათ შორის გამოირჩევა 1914 წელს აშენებული თაღოვანი ხიდი ჩანჩქერის თავზე. ასევე ინახება საქართველოსა და კავკასიაში უნიკალურ მცენარეთა ნაკვეთები, ტროპიკული ორანჟერეა და წითელ წიგნში შეტანილი მცენარეები. ბოტანიკური ბაღის ფართობია 128 000 ჰექტარი.[1]
ბაღის მთავარი შესასვლელი ბოტანიკური ქუჩის ბოლოსაა, ნარიყალას ძირას. 1909-14 წლებში სოლოლაკის ქედში გაიჭრა გვირაბი და გაკეთდა მეორე შესასვლელი ლ. ასათიანის ქუჩიდან.
სოხუმის ბოტანიკური ბაღისოხუმის ბოტანიკური ბაღი ერთ-ერთი უძველესი ბოტანიკური ბაღია კავკასიაში. ის დაარსდა 1840 წელს, როგორც "სუხუმ-კალეს სამხედრო-ბოტანიკური ბაღი" რუსეთის შავი ზღვის ფორტიფიკაციის ხაზის მეთაური ნ. რაიევსკის მითითებით, რეგიონში ახალი მცენარებიის დანერგვის მიზნით (განსაკუთრებით ჩაისა და ციტრუსების). 1853-55 და 1877-78 წლებში ბაღი თურქებმა გაჩეხეს რუსეთ-თურქეთის ომების პერიოდში. 1889 წელს ბაღი სამოქალაქო მმართველობის ხელში გადავიდა, ხოლო 1894 წელს ნარგავების აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.
სოხუმის ბოტანიკური ბაღი საბჭოთა მმართველობის პერიოდშიც აგრძელებდა განვითარებას და საბოლოოდ მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის კვლევის ინსტიტუტის ხელში გადავიდა. ბაღში თავმოყრილ იქნა 4.500-ზე მეტი მცენარის სახეობა, მათ შორის 1200-მდე ტროპიკული.
ქუთაისის ბოტანიკური ბაღისაქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური (თბილისი) ბოტანიკური ბაღის ქუთაისის დენდროპარკი, მოკლედ ქუთაისის ბოტანიკური ბაღი მდებარეობს ქალაქ ქუთაისში, მდ. რიონის მარჯვენა სანაპიროზე და თავისი ხანდაზმულობისა და გეგმარების თავისებურების გამო საბაღო-საპარკო მშენებლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ობიექტად ითვლება. გარდა ამისა იგი სუბტროპიკული ხეებისა და ბუჩქების ინტროდუქციის ერთ-ერთ პირველ პუნქტს წარმოადგენს იმერეთში. ბაღი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის რამდენიმე ასეული სახეობითაა წარმოდგენილი.
ქუთაისის ბოტანიკური ბაღი რამდენიმე ბუნებრვი ტერასით არის წარმოდგენილი. გეოგრაფიულად იგი კოლხეთის დაბლობის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილს წრმოადგენს და ზღვის დონიდან სიმაღლე 150 მეტრს აღწევს.
This post has been edited by M-A-S-E-R-A-T-I on 24 Aug 2014, 23:26