ოჯახის წევრების განცხადებით, 19 წლის მოდელი გოგონა სერგო მელქონიანმა მოკლა
თბილისში, ათონელის ქუჩაზე წუხელ მოკლული 19 წლის გოგონას ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მარიამ არაქელოვა 26 წლის სერგო მელქონიანმა მოკლა.
როგორც „ინფო9“-ს გარდაცვლილის დამ განუცხადა, მარიამ არაქელოვა და სერგო მელქონიანი რამდენიმე თვის განმავლობაში შეყვარებულები იყვნენ, თუმცა არაქელოვა მასთან დაშორებას აპირებდა, რადგან ურთიერთობა დაეძაბათ. დის განცხადებით, გუშინ იგი მელქონიანთან სასაუბროდ 20:00-დან 21:00 საათამდე პერიოდში სადარბაზოში გავიდა. შემთხვევაც სწორედ ამ დროს მოხდა.
მეზობლებმა დაახლოებით ერთ საათის შემდეგ სადარბაზოში მამაკაცის ხმა გაიგეს, როდესაც გამოვიდნენ, გოგონა კიბეებზე გარდაცვლილი იპოვეს, ხოლო მისი შეყვარებული, რომელმაც, სავარუდოდ, მომხდარის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, დაჭრილი იყო. ჭრილობა მას დანით მუცლის არეში ჰქონდა. ამ დროისთვის სერგო მელქონიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ერთ-ერთი ვერსიით, გარდაცვლილს სხეულის სხვადასხვა ადგილზე სამი ჭრილობა აქვს, ამასთან, მეზობლები ვარაუდობენ, რომ დამნაშავე მარიამ არაქელოვას ჯერ ჭრილობები მიაყენა და შემდეგ დაახრჩო.
ოჯახის წევრების განცხადებით, მარიამ არაქელოვა მოდელი იყო და ანსამბლ „მეტეხშიც“ ცეკვავდა.