ალვა რამიშვილი პატარკაციშვილის ოჯახის წინააღმდეგ „მაესტროს“ გამოყენებას აპირებდა
22:26 11.02.2013
29 იანვარს ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა ტვ „მაესტრო“ დატოვა. მან არხიდან წასვლის შესახებ განცხადება თავისსავე გადაცემაში, ჩვეულ სტილში გააკეთა და დაამატა, რომ მაყურებელი მალე ახალ არხზე იხილავს.
კაცმა რომ თქვას, ჟურნალისტების „მომთაბარეობა“ ტელევიზიიდან ტელევიზიაში ქართულ რეალობაში არახალია, ძველია, მაგრამ როგორც ჩანს, შალვა რამიშვილს გადაწყვეტილება არხიდან წასვლის შესახებ ახალი მიღებული ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ მისი განცხადება ტელევიზიის თანამშრომლებისთვისაც კი მოულოდნელი აღმოჩნდა.
მოგვიანებით შალვა რამიშვილმა „მაესტროდან“ წასვლის შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზეც დაწერა. ცხადია, მედია დაინტერესდა წასვლის მიზეზებით, მაგრამ არც რამიშვილმა და არც ტვ „მაესტროს“ დირექტორმა მამუკა ღლონტმა დამატებით არაფერი არ თქვეს: შალვა რამიშვილმა თქვა, რომ „მაესტროში“ თავისი თავი ამოწურა და ღლონტიც დაეთანხმა - ასეაო.
თუმცა, როგორც ჩანს, კულისებს მიღმა რამიშვილი და ღლონტი სულაც არ დამშვიდობებიან ერთმანეთს გულთბილად და არც წარმატებები უსურვებიათ სამომავლოდ: ამ ორივე პირთან დაახლოებული წყაროს ცნობით, შალვა რამიშვილის საეთერო განცხადებას წინ უძღოდა საკმაოდ დაძაბული საუბარი დირექტორსა და ჟურნალისტს შორის, რომელიც, ფაქტობრივად, „მაესტროდან“ რამიშვილის გაგდებით დასრულდა, თუმცა, მამუკა ღლონტმა მას უსკანდალოდ წასვლის საშუალება დაუტოვა - ყველაფერი ისე გაფორმდა, თითქოს ჟურნალისტი ტელეკომპანიდან მისივე სურვილით წავიდა.
მონათხრობი რომ შესაძლოა, მართლაც რეალური იყოს ერთი რამ მიანიშნებს: თუ შალვა რამიშვილის წინანდელ განცხადებებს გადავავლებთ თვალს, ცხადი გახდება, რომ ის არსად წასვლას არ აპირებდა. პირიქით, ბოლო დროს ახალ გადაცემას აანონსებდა: „ღამის შოუ“ სწორედ „მაესტროს“ ეთერში უნდა გასულიყო და როგორც თანამშრომლები ამბობენ, რამიშვილი მისთვის საგულდაგულოდ ემზადებოდა: პერსონალიც შერჩეული ჰყავდა და ხელშეკრულების დეტალებზეც ესაუბრებოდა და წასვლა რომ სდომოდა, გადაცემაზე მომუშავე ჯგუფს „მაესტროდან“ ხომ არ აიყვანდა? მოკლედ, ცოტა ჩახლართული საქმე გამოვიდა, მაგრამ როგორც ყველა კვანძს, ამასაც მოეძებნა გახსნის გზა - ყველაფერი გამარტივდება, თუ დავუშვებთ, რომ... მოდით, პირდაპირ დავარქვათ ამას თავისი სახელი - მამუკა ღლონტმა შალვა რამიშვილი „მაესტროდან“ გააგდო.
როგორც წყარო იტყობინება, მამუკა ღლონტის გულისწყრომა (სრულიად სამართლიანადაც) ჟურნალისტის მიერ მის ზურგსუკან წარმოებულ მოლაპარაკებებს გამოუწვევია, რომელიც მას ბიზნესმენთან და ტვ „მზის“ ყოფილ მფლობელთან, ვანო ჩხარტიშვილთან გაუმართავს. მოგეხსენებათ, ჩხარტიშვილმა დააფუძნა „მზერა“ ტვ და სერიოზულ ბრძოლასაც აპირებს, რათა „მზის“ ქონება დაიბრუნოს.
გაუგებარია, რატომ ჩათვალა ვანო ჩხარტიშვილმა, რომ მამუკა ღლონტის ზურგსუკან შალვა რამიშვილთან მოლაპარაკება სწორი სვლა იყო: შესაძლოა, ღლონტთან მან ადრე სცადა საერთო ენის გამონახვა და არ გამოუვიდა, მერე კი ამ გზის მოსინჯვა გადაწყვიტა. ასეა თუ ისე, ჩხარტიშვილისა და რამიშვილის კონტაქტი შედგა და როგორც წყარო ამბობს, შალვა რამიშვილმა მიიღო ჩხარტიშვილის პირობები, პირობების შესრულების სანაცვლოდ კი ავანსად - საკმაოდ სოლიდური თანხა.
შეთანხმება ითვალისწინებდა „მაესტროს“ საეთერო ბადეში ჩასმული შალვა რამიშვილის გადაცემებში ჩხარტიშვილის პოზიციების სასარგებლო ინფორმაციის გაპარებას ტრადიციულ - ჩხარტიშვილი-პატარკაციშვილის ოჯახის დავის თემაზე: რასაკვირველია, შეთანხმების კონკრეტული დეტალები უცნობია, თუმცა, ამ თემას რომ ეხებოდა, ეს წყაროსთან საუბარში პირადად შალვა რამიშვილმა დაადასტურა.
შეთანხმების შესახებ მოგვიანებით გახდა ცნობილი მამუკა ღლონტისთვის, რომელმაც მიუღებლად მიიჩნია მისი ტელეკომპანიის საეთერო დროის გამოყენება ორ ბიზნესმენს შორის არსებული დავის არათანაბარ პირობებში ტირაჟირებისთვის. მას შემდეგ, რაც მომხდარმა ღლონტის ყურამდე მიაღწია, მან შალვა რამიშვილი დაიბარა და ახსნა-განმარტება მოსთხოვა, რაც „დიდმა ჟურნალისტმა“ იუკადრისა: ღლონტისა და რამიშვილის საუბარი თანდათან გადაზრდილა უხეშ ტონალობაში და ბოლოს იმით დასრულებულა, რომ ღლონტს რამიშვილისთვის კარისკენ მიუთითებია...
შალვა რამიშვილი მომხდართან დაკავშირებით დამატებით კომენტარს არ აკეთებს და ამბობს, რომ ვერაფერს იტყვის იმაზე მეტს, რაც „მაესტროსთან“ დაკავშირებით უკვე თქვა სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებთან საუბრისას, ასევე, საკუთარ გვერდზე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“. რაც შეეხება მამუკა ღლონტს, ,ნიუპოსტთან“ საუბარში ,,მაესტროს“ გენერალური დირექტორი ადასტურებს, რომ მან და შალვა რამიშვილმა ისაუბრეს, თუმცა, რაიმე სახის კონფლიქტის არსებობას ისიც უარყოფს. მამუკა ღლონტი ასევე უარყოფს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ვანო ჩხარტიშვილმა ფული გადაუხადა შალვა რამიშვილს და დაავალა, რომ ბადრი პატარკაციშვილზე ფილმი ეჩვენებინა ღამის ეთერში. რამიშვილის გათავისუფლებას, ღლონტის თქმით, ობიექტური მიზეზი ჰქონდა:
,,შალვა რამიშვილმა ნამდვილად ამოწურა თავი მაესტროზე. მისი სტილი აღარ უხდებოდა ტელეკომპანიას. მე განა იმას ვამბობ,რომ შალვას ცუდი სტილი აქვს, უბრალოდ, მაესტროს სხვა გეზი აქვს აღებული. ჩვენ ვცდილობთ, მეტნაკლებად დაბალანსებული ტელევიზია გავაკეთოთ, რაც შალვას თუნდაც ლექსიკაში არ ჯდება.მისი სტილი გარკვეულ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო , ახლა მაესტრომ სხვა სტილი აირჩია და ეს რელობა დადგა არჩევნების მერე. - აცხადებს მამუკა ღლონტი.
რაც შეეხება შალვა რამიშვილს, როგორც თვითონ აღნიშნავს, მას მალე ვიხილავთ სხვა ამპლუაში, სხვა არხზე...
http://www.newposts.ge/sazogadoeba/7316-20...1-18-29-58.html