ე.წ. ”ღორის გრიპით” ( H1N1) რამდენიმე დღის წინ 42 წლის ქალი გარდაიცვალა. გარდაცვლილის ახლობლები რადიო ფორტუნასთან საუბარში ჰყვებიან, რომ მას სუსტი იმუნიტეტი ჰქონდა და ვირუსისგან გამოწვეულ პნევმონიას ვერ გაუძლო.
მ. პ. მკურნალობას ღუდუშაურის კლინიკაში გადიოდა. როგორც რადიო ”ფორტუნას” კლინიკაში განუცხადეს, ავადმყოფს პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს, რამაც, შემდგომში, მისი გარდაცვალება გამოიწვია. ექიმების თქმით, მ.პ.-ს დაუდგინდა ე.წ. ”ღორის გრიპის” დიაგნოზი, თუმცა მათ უჭირთ თქმა, გამოიწვია თუ არა გარდაცვალება H1N1-მა.
ღუდუშაურის კლინიკის თანამშრომლების განცხადებით, მათ აღნიშნული ვირუსით წელს სულ სამმა ადამიანმა მიმართა, მათგან მხოლოდ ერთი, მ. პ. გარდაიცვალა, ხოლო ერთი პაციენტი მკურნალობას კლინიკაში ამ დრომდე გადის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მედიკოსები აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ვირუსის ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს, თუმცა სეზონური გრიპების პერიოდში მოსახლეობას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ჰიგიენის ძირითადი წესების დაცვას ურჩევს:
”დახველების ან დაცემინებისას მიიფარეთ ქსოვილი და შემდეგ გადააგდეთ, დაცემინებისას აიფარეთ იდაყვი და არა ხელები, რეგულარულად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით. თუ გაქვთ გრიპისმაგვარი სიმპტომები დარჩით სახლში სანამ არ დაგიწევთ ტემპერატურა, მაქსიმალურად მოერიდეთ სხვა ადამიანებთან კონტაქტს,” - ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
http://fortuna.ge/news_inner.php?news_id=5652