#34974549 · 30 Jan 2013, 20:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ტერმინი „სამოქალაქო საზოგადოება" ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში გაჩნდა. არისტოტელე პოლისს მოიხსენიებდა „ასოციაციათა ასოციაციად" და შემდგარ ერთეულად თვლიდა, თუ მის ცხოვრებაში ყოველი თავისუფალი მოქალაქე იყო აქტიურად ჩართული. რაც შეეხება ტერმინის თანამედროვე გაგებას – იგი უფრო გვიან ჩამოყალიბდა, მე–18 საუკუნის ფილოსოფოსების ადამ ფერგუსონის, თომას პეინის ტრაქტატებში და ბოლოს კრისტალიზდა მე–19 საუკუნის ფრანგი მოაზროვნის ალექსის დე ტოკვილის შრომებში. მან ამერიკაში მოგზაურობის შემდგომ დაწერა შრომა, რომელიც დემოკრატიის და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების თემაზე კლასიკად იქცა. თანამედროვე კონტექტსტში ტოკვილმა პირველმა დაიწყო საუბარი, თუ რა მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და ადამიანს შორის არსებობდეს ინტერესების, საჭიროებების, საქმიანობის მიხედვით, თუ სხვა პრინციპით შექმნილი თავისუფალი ასოციაციები, რაც, მისი აზრით, ადამიანს იცავს პოტენციური დიქტატურისგან ან დესპოტიზმისგან, განაპირობებს პიროვნების თავისუფალ განვითარებას საზოგადოებაში და ამავე დროს აკავშირებს მას სახელმწიფოსთან.
სამოქალაქო საზოგადოების კონცეფცია მე-20 საუკუნეშიც განაგრძობდა განვითარებას და განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც დემოკრატიზაციის ახალი ტალღა და საბჭოთა სისტემის რღვევა დაიწყო. 90-იან წლებში, ერთი მხრივ, აღმოსავლეთ ევროპაში შეიქმნა თავისუფალი ქვეყნები და მეორე მხრივ, ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში გაჩნდა პოტენცია თავისუფალი ქვეყნების შექმნისა. სწორედ ამ პერიოდში გამახვილდა ყურადღება სამოქალაქო საზოგადოებზე, როგორც უშუალოდ ამ ქვეყნებში, ასევე დონორ ქვეყნებში, რადგან დონორი ქვეყნებისთვისაც უფრო ადვილი და მისაღები იყო სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის დახმარების გაწევა, ვიდრე პოლიტიკური პარტიების ან სხვა ჯგუფებისთვის. ამავე დროს თავი იჩინა აღმოსავლეთ ევროპაში ახალმა შეხედულებამ სამოქალაქო საზოგადოების შესახებ, კერძოდ, რომ სამოქალაქო საზოგადოება არ არის მხოლოდ სახელმწიფოსა და პიროვნების დამაკავშირებელი სივრცე, ეს არის ის, რაც იცავს პიროვნებას სახელმწიფოსგან და აძლევს მას საშუალებას უკეთ დაიცვას სხვათა უფლებები.
პ.ს. თუ არიან ფორუმზე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, იქნებ ვისაუბროთ ამ თემებზე.
--------------------
أشهد أن لا إله إلا الله و أشهد أن محمد رسول الله
|