
მიხეილ სააკაშვილი: "ჩვენი მსაჯული საქართველოს ისტორია იქნება და არა რომელიმე ახლანდელი პროკურორი"
19:15 20.02.2013
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი და მისი მეგობრების მსაჯული საქართველოს ისტორია იქნება და არა რომელიმე ახლანდელი პროკურორი.
ამის შესახებ პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების კომენტირებისას განაცხადა.
"ახლა ამბობენ, რომ ჩვენ შევქმენით პრობლემები მოლაპარაკებებში. პარლამენტის თავმჯდომარესა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს შორის მოლაპარაკებები მიდიოდა, ძირითადად, კონსტრუქციულად. მე ვიყავი მხოლოდ ნაწილი ამ მოლაპარაკებების და მინდა, დავადასტურო, რომ ძირითადში ჩვენი ხედვა ემთხვეოდა და გვსურდა, რომ ეს ყველაფერი შეთანხმებამდე მისულიყო. ამავე დროს, მიუღებელია ის, რომ ჩვენ, ერთის მხრივ მთავრობა და მეორეს მხრივ, პრეზიდენტი და საპარლამენტო უმცირესობა ცდილობდნენ სხვა საკითხებზე რაღაც გარიგებებზე გასვლას. გაისმა მოსაზრება, თითქოს მე ვითხოვდი რაიმე გარანტიებს ჩემი პირადი ხელშეუხებლობის ან მთავრობის თუ პარლამენტის ყოფილი წევრები ითხოვდნენ ასეთ გარანტიებს. მინდა, ყველას შევახსენო ერთი რამ, ვლადიმერ პუტინმა 2008 წელს მთელი მსოფლიოს თვალწინ გამომიტანა სასიკვდილო განაჩენი, ის არ გაუუქმებია, როგორც წესი, ასეთ რაღაცაზე უკან არ იხევს და გამომიტანა ეს განაჩენი იმიტომ, რომ მე დავიცავი ჩემი ქვეყანა, ქართველ ერთან ერთად, გადავარჩინე საქართველო. აბა თქვენ გგონიათ, რუსეთმა ამხელა ომი ატეხა და თავის თავს ზიანი მიაყენა მხოლოდ იმიტომ, რომ იგივე ტერიტორია ეკონტროლებინა, რასაც მანამდე ისედაც აკონტროლებდა? დიახ, მან საჯაროდ მომისაჯა მე სიკვდილი. ამის შემდეგ ლაპარაკი იმაზე, რომ მე მეშინია ვიღაც ადგილობრივი, წვრილმანი შანტაჟისტების, როდესაც არ შემეშინდა ბევრად უფრო სერიოზული სუბიექტის მიერ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენის, უხერხულია და სასაცილოა. მეც და ჩემს მეგობრებს შეგვაფასებს და ჩვენი მსაჯულია მხოლოდ ქართველი ხალხი და საქართველოს ისტორია და არა რომელიმე ახლა მყოფი პროკურორი, გამომძიებელი ან პარლამენტის წევრი. ამიტომ ეს ლაპარაკი გვერდზე უნდა გადავდოთ, ისევე როგორც არ მივიღებთ იმას, რომ თურმე ჩვენ ვითხოვთ ამნისტიას. სიტყვა "ამნისტია" "ნაციონალური მოძრაობის" და ყოფილი მთავრობის მრავალრიცხოვანი აპარატისთვის არის მიუღებელი და შეურაცხმყოფელი. რა თქმა უნდა, არის ნაწილი ჩვენი საზოგადოების, ვინც შეიძლება, რაღაც მოტივით ითხოვდეს "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების და ჩვენი მთავრობის დროს სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულების დასჯას, მაგრამ მინდა, ვთქვა, რომ ეს ხალხი იმსახურებს მხოლოდ მადლობას, იმიტომ რომ, პუტინმა ჩვენ გამოგვიცხადა ომი არამხოლოდ იმის გამო, რომ მე არ მოვწონდი, არამედ იმის გამო, რომ ჩვენ პირველად, პოსტსაბჭოთა სივრცეში, თუ არ ჩავთვლით ბალტიის ქვეყნებს, შევქმენით თანამედროვე სახელმწიფო. მოგწონთ თუ არ მოგწონთ, გესიამოვნებათ რასაც გეტყვით, თუ არა, ეს ხალხი მადლობას იმსახურებს და არა ყოველდღიურ პოლიტიკურ დევნას. მე ვალდებული ვარ, გითხრათ სიმართლე და ამიტომ, ერთადერთი რასაც ჩვენ ვამბობთ, უნდა შეწყდეს მასშტაბური პოლიტიკური დევნა ათასობით ადამიანის, ვინც ამდენი წელი უანგაროდ ემსახურებოდა ქართულ სახელმწიფოს შექმნის საკითხს. ეს არის მნიშვნელოვანი საქართველოში დემოკრატიის გადარჩენისთვის და იმისთვის, რომ დიალოგი გაგრძელდეს", - განაცხადა სააკაშვილმა.
http://pirweli.com.ge/?menuid=8&id=26634 ბარემ ისიც გეთქვა საიქიოში მომეკითხება ბარემ და რაღას მერჩითო...
- Будут спрашивать - скажи, что я вышел. Или просто - бога нет!