სადაზღვევო პოლისები ჯერ არ დაურიგებიათ
26 თებერვალი 18:36
0
პრეზიდენტის რწმუნებული კახეთის რეგიონში და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ იმ ორ მილიონი ადამიანს, რომლებსაც თებერვლის ბოლოდან უნდა ჰქონდეთ დაზღვევა, არ მიუღიათ დაზღვევის პოლისები.
ჭიაბერაშვილისვე თქმით, ეს პროგრამა არანაირად არ პასუხობს საზოგადოების და მოქალაქეების მოთხოვნას, რადგან არ ფარავს გეგმიურ ოპერაციებს და მოიცავს მხოლოდ ექიმთან კონსულტაციას და გადაუდებელ შემთხვევებს.
"მოქალაქეებს აქვთ მოთხოვნა, რომ სახელმწიფო გვერდით ედგეს, თუკი ძალიან სერიოზული დაავადება შეხვდათ, რომლის მკურნალობაც ძვირი ჯდება და ხშირ შემთხვევაში იწვევს ოჯახების გაღატაკებას." - ამბობს ჭიაბერაშვილი. მისი თქმით, "ქართული ოცნება" არ ასრულებს იმ წინასაარჩევნო დაპირებას, რომელიც მოქალაქეებს მისცა.
როგორც ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კობა დავითაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელში დებატებში აღიარა, რომ ეს სინამდვილეში არანაირი დაზღვევა არ არის და არის სახელმწიფო პროგრამები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მუდმივად ჰქონდა წლების განმავლობაში.
"მნიშვნელოვანია საზოგადოებას კარგად აუხსნას ჯანდაცვის სამინისტრომ რეალურად რას აკეთებს და მთავრობა და უმრავლესობა ერთმანეთში შეთანხმდნენ რა პროგრამას ახორციელებენ", - ამბობს ჭიაბერაშვილი.
http://news.ge/ge/news/story/47237-sadazgh...-ar-daurigebiat