ფიქალის გაზი - ახალი საფრთხე რუსეთისათვის
http://www.resonancedaily.com/index.php?id...=3&id_artc=1731მოსკოვში პირველად აღიარეს, რომ ფიქალის გაზი, რომლის მოპოვებაზე ევროპაში სპეციალისტები უკვე აქტიურად მუშაობენ, რუსეთზე და განსაკუთრებით რუსულ გიგანტ "გაზპრომზე", ნეგატიურად იმოქმედებს. არატრადიციული გაზის საფრთხეზე პირველად "გაზპრომის" წარმომადგენელი ალაპარაკდა, ახლა კი უკვე ამ თემაზე ხმამაღალი განცხადება რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრმა იური ტრუტნევმა გააკეთა.
როგორც ჩანს, ევროპა რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვებას ყველა მეთოდით ცდილობს. ამჯერად, ამერიკელთა დახმარებით, ევროპელებმა არატრადიციული გაზის მოპოვებაზე დაიწყეს ზრუნვა. უცხოური მედიასაშუალებების ინფორმაციით, ევროპაში რუსული გაზის ალტერნატივაზე, ფიქალის გაზის მოპოვებაზე მიდის აქტიური მუშაობა. ამ მიმართულებით ევროპაში, დაახლოებით, 40-მდე ნავთობმომპოვებელი კომპანია მუშაობს. უკვე ცნობილია, რომ ასეთი ტიპის გაზის მარაგები საკმაოდ დიდია პოლონეთსა და უკრაინაში.
ნავთობკომპანიის გიგანტებმა, როგორიცაა "ექსონ მობილი" და "როიად დაჩ შელი", უკვე მოიპოვეს ლიცენზია ფიქალის გაზის მოპოვებაზე შვედეთში, პოლონეთში, გერმანიაში, საფრანგეთსა და ავსტრიაში. ეს კი, როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, მომავალში ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულებას მნიშვნელოვნად შეამცირებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო პერიოდში, ევროპის ამ ქვეყნებიდან სწორედ პოლონეთმა შესძლო არსებითად მოეხდინა კორექტირება კრემლის გეგმებზე ევროპის "გაზით დაპყრობასთან" დაკავშირებთ. მიმდინარე წლის აპრილში ცნობილი გახდა, რომ იქ ნიადაგის გაზის დიდი მარაგები უკვე გახსნილია. ცნობისათვის, პოლონეთი დღესდღეობით რუსული "გაზპრომის" გაზის ყველაზე მსხვილ მომხმარებლად (წელიწადში 14 მილიარდი კუბური/მეტრი გაზის იმპორტი ხდება) ითვლება.
ნავთობის მაძიებელი ჯგუფის - "ვუდ მაკენიზის" - შეფასებით, ცენტრალურ და ჩრდილოეთ პოლონეთში, შესაძლოა, 1,36 ტრილიონი კუბური/მეტრი არატრადიციული გაზის მოპოვება. თუ ეს ვარაუდი დადასტურდა, ევროკავშირის გაზის მარაგები (რაც 101 ტრილიონ კუბურ მეტრს შეადგენს), 47%-ით გაიზრდება, პოლონეთი კი, რომელიც 72% გაზს იმპორტით იღებს, მომავალში მხოლოდ საკუთარ გაზს მოიხმარს - წერს ბრიტანული "თაიმსი".
"პოლონეთი უკვე ხდება გაზის მნიშვნელოვანი მწარმოებელი და სწორედ ეს იწვევს დიდ ინტერესს. ყველა დიდი კომპანია იქ მიდის, და "გაზპრომი" ამას შიშით უყურებს", - აღნიშნავს ბრიტანული კომპანია "სან ლეონ ენერჯის" ხელმძღვანელი ოისინ ფანინგი.
საგულისხმოა ისიც, რომ დღეისათვის, ევროპის ენერგეტიკული სიმძლავრეების მეოთხედი ბუნებრივ აირზეა დამოკიდებული. მისი გათვლებით, მოთხოვნილება ბუნებრივ აირზე 2016 წლისათვის 30%-ით კიდევ გაიზრდება. გაზის მიწოდების თვალსაზრისით, ევროპა უმეტესად რუსეთზე, ანუ "გაზპრომზეა" დამოკიდებული. ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას კი, მაგალითად, სლოვაკეთსა და ბულგარეთს გაზით მხოლოდ რუსეთი ამარაგებს. გერმანიაში რუსული გაზის ოდენობა 43%-ს შეადგენს, ხოლო საფრანგეთში - 27%-ს.
გერმანიისა და საფრანგეთის "გაზპრომზე" დამოკიდებულება უფრო მეტად გაიზრდება მაშინ, როდესაც ბალტიის მილსადენი ექსპლოატაციაში შევა. ეს კი 2010 წლისთვისაა დაგეგმილი. ექსპერტთა გათვლებით, ამ დროისათვის, ევროპული და განსაკუთრებით ბრიტანული გაზის მარაგები სერიოზულად შემცირდება.
ამის ფონზე კი, რუსეთს ფიქალის გაზი მოევლინა, რომელსაც ექსპერტებმა "პუტინის ენერგეტიკული იმპერიის მესაფლავეც კი უწოდეს".
"ფიქალის გაზი პუტინის ენერგეტიკულ იმპერიას სერიოზულ დარტყმას მიაყენებს. არსებობს ეფექტური ალტერნატივის შექმნის ტენდენცია. ახლა რუსეთმა და "გაზპრომმა" ამაზე უნდა იფიქრონ თუ რა უყონ გაზს. მან დააწესა ფასი, ახლა კი გამოჩნდა მისი მესაფლავე - ფიქალის გაზი. ასევე გამოჩნდნენ კიდევ სხვა მესაფლავეებიც. ასე იქნება ყოველთვის. როდესაც იზრდება ფასი, ცხადია, რომ ზღვა ვარიანტები ჩნდება", - აცხადებენ უცხოელი ექსპერტები.
როგორც ცნობილია, ახალი ტექნოლოგიით ამერიკამ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაზარდა ფიქალის გაზის მოპოვება. მეტიც, ოკეანის გადაღმა თვლიან, რომ უახლოეს მომავალში ისინი საერთოდაც უარს იტყვიან ცისფერი აირის იმპორტზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამერიკა უკვე აქტიურად აწარმოებს ფიქალის გაზის მოპოვებას. შტატებში 2007 წელს არატრადიციული გაზის ამ სახეობის მოპოვებამ 34 მლრდ კუბური მეტრი შეადგინა, 2008 წელს - 57 მლრდ კუბურ/მეტრამდე გაიზარდა, 2009 წელს კი ამერიკამ 80 მლრდ კუბური/მეტრი ფიქალის გაზის მოპოვება შეძლო. ექსპერტების თქმით, თუ შტატებში გაზის ამ სახეობის მოპოვება ასეთივე ტემპით გაგრძელდა, 10-20 წელიწადში მისი რაოდენობა 3-4-ჯერ გაიზრდება.
დღეს კი ამერიკა უკვე ითვლება მსოფლიოში უმსხვილესი გაზის მომპოვებელ ქვეყნად. არადა, ეს სტატუსი 2002 წლიდან სწორედ რუსეთს ჰქონდა. თუმცა, უკვე 2009 წელს რუსეთმა გაზის მოპოვება შეამცირა და "მსხვილი მომპოვებლის" სტატუსსაც გამოემშვიდობა. ამასთან, შარშან შემცირდა რუსეთიდან გაზის ექსპორტიც. რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის მონაცემებით, 2009 წელს ბუნებრივი გაზის ექსპორტი 23,9%-ით, დაახლოებით. 120.5 მლრდ კუბური მეტრის შემცირდა.
ცხადია, რომ მოპოვებისა და ექსპორტის შემცირების ფონზე, კრემლისთვის ფიქალის გაზის თემა კოშმარად იქცეოდა. თუ მანამდე ამ თემაზე "გაზპრომის" წარმომადგენლები საუბრობდნენ და ფიქალის გაზს საფრთხის მომცველად მიიჩნევდნენ, დღეს განცხადება უკვე ოფიციალურმა პირებმაც გააკეთეს.
"მსოფლიოში ფიქალის გაზის მოპოვების გაზრდა რუსეთსა და მისი გაზის გიგანტს "გაზპრომს" დიდ პრობლემებს უქმნის. ვფიქრობ, რომ ფიქალის გაზის მოპოვების შემთხვევაში გაზის ბაზრის შეცვლა მოხდება, ამის რეალური შესაძლებლობა კი უკვე არსებობს. ეს არა მარტო ჩემი, არამედ "გაზპრომის" პოზიციაცაა. "გაზპრომი" თვლის, რომ ეს დიდი პრობლემაა", - განაცხადა რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრმა იური ტრუტნევმა.
შემცირდება თუ არა რუსულ ენერგომატარებლებზე ევროპის დამოკიდებულება, ამ დროისთვის რთული სათქმელია. თუმცა, ცხადია, რომ ევროპაში გაზის დივერსიფიცირების საკითხი კვლავ აქტუალურია.
"ეკონომიკური თვალსაზრისით, რაც არ უნდა ძვირი იყოს ეს პროექტი, ევროპისთვის მაინც საინტერესოა. ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით ეს მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ალტერნატიული გზების ძიებისთვის ევროპას დიდი თანხების დახარჯვა მოუწევს, მაგრამ მათ ანგარიში კარგად იციან, თუ ასეთი რეალობას დაინახავენ, მიუმატებენ მას პოლიტიკურ ეფექტსაც და ასეთ ვითარებაში მიიღებენ პოზიტიურ გადაწყვეტილებას.
თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ეს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის ინტერესებში შედიოდეს. ამიტომ, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, არ გამოვრიცხავ, რომ ეს ის სფერო იყოს, სადაც საქართველოსა და რუსეთის ინტერესები ერთმანეთს დაემთხვევა", - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა.
ექსპერტი თემურ გოჩიტაშვილი ევროპაში ფიქალის გაზის მოპოვებას რეალურს უწოდებს, თუმცა ფიქრობს, რომ მისი განხორციელება ცოტა გართულდება.
"ფიქალის გაზის წარმოებას სჭირდება ბევრი წყალი, რაც ევროპას საკმაოდ უჭირს. ამერიკაში ეს მეთოდი უკვე დაინერგა, რადგან იქ წყლის პრობლემა არ არსებობს. რამდენად მოახერხებს ევროპა თავისი ბაზრიდან რუსეთის გამოდევნას, ძნელი სათქმელია. თუ ფიქალის გაზის მოპოვება დაიწყო, ცხადია, რომ ეს იქნება გარკვეულწილად რუსული გაზის ალტერნატივა", - განაცხადა თემურ გოჩიტაშვილმა.