http://factcheck.ge/article/bolo-tslebshi-...its-shemtsirda/გაზეთ “გურია ნიუსთან” ინტერვიუში ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ელექტროენერგიის გათიშვების რიცხვი ბოლო წლებში შემცირებულია. “ელექტროენერგიის გათიშვები წინა წლებშიც იყო. შეგიძლიათ შესაბამის კომპანიებს მიმართოთ და ნახავთ სტატისტიკას, თუ რამდენად არის შემცირებული ელექტროენერგიის გათიშვა. თუმცა, ძალიან მძიმე ინფრასტრუქტურული მდგომარეობაა. ძალიან დიდი თანხებია საჭირო იმისთვის, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ერთობლივად მოხდეს სისტემის რეაბილიტაცია, ახლის მშენებლობა. ეს ყველაფერი ეტაპობრივად ხორციელდება” – აღნიშნა კალაძემ.
მინისტრის ამ განცხადების გადასამოწმებლად ფაქტ-მეტრმა “ენერგო-პრო ჯორჯიას”, “თელასს” და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკი) მიმართა და შესაბამისი სტატისტიკა გამოითხოვა.
“ენერგო-პრო ჯორჯია” საქართველოს რეგიონებში ოპერირებს. კომპანია ელექტროენერგიით რეგიონების უმრავლესობას, მილიონზე მეტ ქსელის აბონენტს ამარაგებს და ქვეყნის ტერიტორიის 70%-ს ფარავს. “ენერგო-პრო”-ს ინფორმაციით, ბოლო წლებში მათ ქსელში ელექტროენერგიის წყვეტების რაოდენობა გაზრდილია (იხ. ცხრილი 1).
ცხრილი 1: ელექტროენერგიის წყვეტები „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში (2011-2015 წლები)
წელი წყვეტის ტიპი წყვეტების საერთო რაოდენობა
გეგმიური არაგეგმიური
2011 247 2 187 2 434
2012 2 076 1 134 3 210
2013 14 350 7 132 21 482
2014 17 353 18 887 36 240
2015 – 13 175 10 518 23 693
ცხრა
თვე
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ “ენერგო-პრო”-ს ინფორმაციით, 2011-2012 წლებში გეგმიური წყვეტების სტატისტიკა მოიცავს მხოლოდ მაღალი ძაბვის ქსელზე (110/35 კვ.) არსებულ გათიშვებს. შესაბამისად, ის არასრულია და მისი 2013-2015 წლებთან შედარება არამართებულია. თუმცა, შეგვიძლია ერთმანეთს 2013-2014-2015 წლების მონაცემები შევადაროთ, რომელთა მიხედვითაც “ენერგო-პრო”-ს ქსელში გეგმიური წყვეტების რიცხვი იზრდება. 2014 წელს 2013 წელთან შედარებით გეგმიური წყვეტები 21%-ით გაიზარდა.
ზრდის ტენდენცია აშკარაა არაგეგმიური წყვეტების მხრივაც. თუ 2012 წელს აღნიშნული მონაცემი 1 134-ს უდრიდა, 2014 წლისთვის მან 18 887-ს (17-ჯერ გაიზარდა), 2015 წლის ცხრა თვეში კი 10 518-ს მიაღწია.
რაც შეეხება კომპანია “თელასს”, იგი საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ქსელური კომპანიაა, რომელიც თბილისის მოსახლეობას, კონკრეტულად კი 524 500 აბონენტს ემსახურება. “თელასის” ქსელში გეგმიური და არაგეგმიური გათიშვების შესახებ ინფორმაცია ჩვენ სემეკიდან მივიღეთ. მონაცემები ე.წ. SAIFI-ის პრინციპითაა დამუშავებული, რომელიც გამორთვების საშუალო სიხშირის ინდექსს – საანგარიშო პერიოდში ერთ მომხმარებელზე ელექტრომომარაგების გამორთვების საშუალო რაოდენობას გულისხმობს.
ცხრილი 2: ელექტროენერგიის წყვეტები “თელასის” ქსელში საშუალოდ ერთ მომხმარებელზე (2011-2015 წლები)
SAIFI, გამორთვა/მომხმარებელი
2011 წელი გეგმიური 0.47
არაგეგმიური 3.07
2012 წელი გეგმიური 0.73
არაგეგმიური 1.66
2013 წელი გეგმიური 0.83
არაგეგმიური 1.41
2014 წელი გეგმიური 0.81
არაგეგმიური 1.17
2015 წლის ცხრა თვე გეგმიური 1.53
არაგეგმიური 3.15
როგორც ცხრილიდან ჩანს, 2011-2012 წლებთან შედარებით, 2013-2015 წლებში ერთ მომხმარებელზე ელექტროენერგიის გეგმიური გამორთვების საშუალო მაჩვენებელი გაზრდილია. ზრდა განსაკუთრებით შესამჩნევია 2015 წლის ცხრა თვეში. ეს მონაცემი 1.53-ს უდრის, რაც 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე ორჯერ მეტია.
რაც შეეხება არაგეგმიური გამორთვების სტატისტიკას, 2011 წლიდან 2014 წლის ჩათვლით ეს რიცხვი ყოველწლიურად იკლებდა, თუმცა 2015 წელს მან 3.15-ს მიაღწია და 2011 წლის მაჩვენებელსაც (3.07) კი გადაასწრო.
როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, საქართველოში მოქმედი ორი უმსხვილესი კომპანიის ქსელში ელექტროენერგიის წყვეტები არათუ შემცირებული, არამედ საგრძნობლად გაზრდილია. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბოლო წლებში ელექტროენერგიის გამორთვების რიცხვის ზრდა ენერგოკომპანიებისთვის საინვესტიციო ვალდებულებების შემცირებამ გამოიწვია, რის შედეგადაც კომპანიები თავიანთი ქსელის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე ნაკლებ რესურსს ხარჯავენ. თავად საინვესტიციო ვალდებულებების შემცირება კი, 2013 წელს ელექტროენერგიის ტარიფის შემცირების შედეგია, რომელიც ძირითადად ენერგოკომპანიების მოგების წილის შემცირების ხარჯზე მოხდა, რის სანაცვლოდაც კომპანიებს საინვესტიციო ვალდებულებები შეუმცირდათ. ამ თემაზე ფაქტ-მეტრი ადრეც წერდა.
ელექტროენერგიის გამორთვების პრობლემა შესაბამისი სტატისტიკის გარეშეც, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც შესამჩნევია. ამის ნათელი მაგალითია დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონი, რომლებსაც ახალი წლის დღეებში ელექტროენერგია რამდენიმე დღის განმავლობაში არ მიეწოდებოდათ. მიზეზი დიდთოვლობა იყო. მაშინ ამ ფაქტს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე გამოეხმაურა. “სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. დეკემბერში თოვლი აბა არ უნდა მოვიდეს? ალბათ “ენერგო-პრო ჯორჯია” ახალ წელს თოვლს საერთოდ არ ელოდა. ჯერ კიდევ ოქტომბრის პირველ რიცხვებში ერთი ძალიან გამოცდილი კაცი – ირაკლი მეძმარიაშვილი გვაფრთხილებდა ყველას, მოემზადეთ ზამთრის სეზონისთვისო. ყველას დავუგზავნე მაშინ ეს გაფრთხილება. ეტყობა, “ენერგო-პრო ჯორჯიაში” არც უნახავთ. ან ჩემი გაფრთხილება რად უნდათ, თავად არ იციან, რომ დამპალი ბოძები და სადენები, რომელთა მოვლა-პატრონობის და ზამთრისთვის მომზადების პირდაპირი ვალდებულება გააჩნიათ, პრობლემებს შექმნიან თუ დროზე არ მიხედე? არც კი იფიქროს ვინმემ თქვენი გამოქომაგება “ენერგო-პრო ჯორჯია”. რაც თქვენ ეს ორი დღეა თქვენი უპასუხისმგებლობით ხალხს და ჩვენს ხელისუფლებას ავნეთ, ამას ასე მარტივად არ გადაგატანინებთ. პასუხს მოგთხოვთ მთელი სიმკაცრით!” – დაწერა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე კვაჭანტირაძემ.
მოთხოვეს თუ არა პასუხი “ენერგო-პრო ჯორჯიას”, საზოგადოებისთვის უცნობია, თუმცა, რომ შეაქეს ეს ნამდვილად ვიცით. კვაჭანტირაძის განცხადებიდან რამდენიმე დღეში ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალძემ “ენერგო-პრო ჯორჯიას” თანამშრომლებს დიდთოვლობის დროს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.
დასკვნა
კახა კალაძის განცხადების გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ ბოლო წლებში (2013-2015 წლები) საქართველოში მოქმედი ორი უმსხვილესი კომპანიის – “ენერგო-პრო ჯორჯიასა” და “თელასის” ქსელში ელექტროენერგიის გამორთვები კი არ შემცირდა, არამედ გაიზარდა. “ენერგო-პრო”-ს შემთხვევაში იზრდება როგორც გეგმიური, ისე არაგეგმიური გამორთვები. რაც შეეხება “თელასს”, ამ კომპანიის ქსელში გეგმიური გამორთვები ასევე ზრდის ტენდენციით ხასიათდება. 2011-დან 2014 წლის ჩათვლით “თელასის” ქსელში არაგეგმიური გამორთვების რიცხვი იკლებდა, თუმცა 2015 წლის ცხრა თვეში ეს მონაცემიც მკვეთრად გაიზარდა.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, კახა კალაძის განცხადება არის ტყუილი.
გააზიარეთ:
This post has been edited by davita_1977 on 25 Feb 2016, 14:58