სოთბის აუქციონის გამოფენა-გაყიდვაზე სამი ქართველი მხატვრის ნამუშევრებს გაიტანენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ბაია გალერეადან" აცნობეს, 2013 წლის 4-12 მარტს, ლონდონში, სოთბის აუქციონის გალერეაში კავკასიის და ცენტრალური აზიის თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების გამოფენა–გაყიდვა სახელწოდებით "გზაჯვარედინზე" გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყირგიზეთის, ყაზახეთის და უზბეკეთის მხატვართა 1960-იანი წლებიდან დღემდე შესრულებული ნამუშევრები.
"ბაია გალერეა" სოთბის გამოფენაზე წარადგენს სამ მხატვარს: ირაკლი ფარჯიანს, მერაბ აბრამიშვილს და კოტე სულაბერიძეს.
"პროექტი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ეს არის საქართველოს პირველი რეგიონალური მონაწილეობა სოთბის აუქციონის გამოფენაზე. ვაზუსტებთ, რომ ეს არ არის აუქციონი, არამედ გამოფენა-გაყიდვა, რომელსაც მართავს სოთბის აუქციონი", - აცხადებენ "ბაია გალერეას" წარმომადგენლები.
სოთბის გამოფენამდე კი 8-12 დეკემბერს "ბაია გალერეა" პროექტს "ქართველი მხატვრები სოთბის აუქციონის გამოფენაზე" განახორციელებს, სადაც დამთვალიერებელი იმ სამ ნამუშევარს იხილავს, რომელიც ლონდონში იქნება წარმოდგენილი.
ნაკადული ipn.ge