ევროპის საბჭო საქართველოს ევროპულ ქარტიასთან დაკავშირებით დახმარების პროგრამას სთავაზობს
14:57 21.03.2013
ევროპის საბჭო საქართველოს ევროპულ ქარტიასთან დაკავშირებით დახმარების პროგრამას სთავაზობს.
ამის შესახებ "პირWელს" ევროპის საბჭოში საქართველოს ყოფილმა ელჩმა მამუკა ჟღენტმა განუცხადა.
რეგიონალური ან უმცირესობათა ენების შესახებ ევროპული ქარტიის რატიფიცირების მოთხოვნით პარლამენტს ახალქალაქის საკრებულო მიმართავს, რომელიც სომხურისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. ამ საკითხმა ქართულ საზოგადოებაში ვნებათაღელვა კიდევ ერთხელ გამოიწვია. საქართველოს ყოფილი ელჩი ევროპის საბჭოში აცხადებს, რომ ამ ვალდებულების აღება თავის დროზე სრულიად გააზრებულად მოხდა, თუმცა ამ ეტაპზე ქარტიის რატიფიცირების აუცილებლობა არ დგას.
"მე დღესაც ვიტყოდი, რომ ამ ვალდებულებების აღება და შედეგად ევროპის საბჭოში გაწევრიანება ღირდა. თან ეს მოხდა მაშინდელი მთელი პოლიტიკური სპექტრის კონსესუსით, თანახმა იყვნენ მაშინდელი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, საგარეო საქმეთა სამინისტრო, PACE-ში საქართველოს დელეგაცია, რომელშიც ზურაბ ჟვანია, ლანა ღოღობერიძე, ირინა სარიშვილი, ვანო ხუხუნეიშვილი, მიხეილ სააკაშვილი და სხვები შედიოდნენ. რაც შეეხება, ქარტიის რატიფიცირების ვადებს, ამას დიდი ხანია, გადავაცილეთ. თუ არ ვცდები, გვქონდა გაწევრიანებიდან 2 წელი, ანუ 2001 წლამდე დრო, თუმცა ევროპის საბჭოში არავინ ამაზე არ "გვაწვება". გვახსენებენ, მაგრამ ახლავე რატიფიცირებას არავინ გვავალდებულებს. ამასთან, ქარტიას ჯერ ხელი უნდა მოეწეროს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, რატიფიკაცია. ვერც პირველს და ვერც მეორეს ვერავინ მოახერხებს, თუ პრეზიდენტი თანახმა არ იქნა", - განაცხადა ჟღენტმა, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს თემა კოჰაბიტაციის კიდევ ერთი პრობლემური საკითხი არ უნდა გახდეს, რადგან მასზე შიდა დაპირისპირება ღიად, ქვეყნის ინტერესებისათვის ძალიან ცუდი იქნება.
რაც შეეხება რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის შეთანხმება ვერ გაფორმდება ქარტიის რატიფიცირებამდე, მამუკა ჟღენტის თქმით, საკითხავია, რატომ დავუშვით ამ ორი თემის ერთმანეთთან მიბმა.
"ჩემთვის უცნობია, რა ხდება ამმხრივ ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის კუთხით. მგონია, რომ ახალ მთავრობაში პაატა ზაქარეიშვილი ერთ-ერთი პროფესიონიალია და ალბათ, რაღაც საფუძველი ჰქონდა მის ამ განცხადებას. თუმცა აქ მეორე კითხვაა _ რატომ დავუშვით ქარტიის რატიფიცირების საკითხის მიბმა ვიზების საკითხთან, თუ ეს ნამდვილად ასეა?!", - აღნიშნა მამუკა ჟღენტმა და დასძინა, რომ "ევროპის საბჭო გვთავაზობს დახმარების პროგრამას, რათა აგვიხსნას, თუ რას ნიშნავს ქარტია, როგორ გამოიყენება და თუ ამას დავთანხმდებით, ქარტიის მყისიერი რატიფიცირების შესახებ პრობლემა აუცილებლად უნდა მოიხსნას".
მისივე აზრით, ეთნიკური უმცირესობების, მათ შორის სომხურ ენასთან დაკავშირებით ქარტია არანაირ პრობლემას არ ქმნის და ამ მიმართულებით აჟიოტაჟი საფუძველს მოკლებულია.
"ქარტია ზუსტად რომ სომხურთან კავშირში არანაირ პრობლემას არ ქმნის. სომხური და აზერბაიჯანული არის უმცირესობების ენები და დაფარულია ჩარჩო კონვენციით. პრობლემა, ჩემი აზრით, ზუსტად რომ ეგ ენები არაა, არამედ მეგრული და სვანურია სირთულე! ეს ძალიან სენსიტიური თემაა", - განუცხადა "პირWელს" მამუკა ჟღენტმა.
შეგახსენებთ, რომ 1999 წელს ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას საქართველომ აიღო ვალდებულება, ხელი მოეწერა ევროპულ ქარტიაზე რეგიონალური ან უმცირესობათა ენების შესახებ. დღემდე ეს ვალდებულება შეუსრულებელია. აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს წევრი 47 სახელმწიფოდან ქარტია რატიფიცირებული მხოლოდ 28 სახელმწიფოს აქვს.
ნინო ჩიჩუა
http://pirweli.com.ge/?menuid=9&id=28985
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!"
"არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.
გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში!
ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...