სომხეთში პროდასავლური რეჟიმი მარცხდება, ვფიქრობ, დასავლეთს ამ მარცხის კომპენსირება საქართველოს ხარჯზე სურს – მაქსიმ შევჩენკო
21 საათის წინ128
რუსეთის ოპოზიციური რადიოსადგურის „ეხო მოსკვის“ («Эхо Москвы») გადაცემაში „განსაკუთრებული აზრი“ («Особое мнение») პროგრამის წამყვან ოლღა ბიჩკოვასთან ცნობილმა ჟურნალისტმა და პუბლიცისტმა მაქსიმ შევჩენკომ ისაუბრა. სტუდიაში კავკასიის პრობლემატიკის განხილვისას საკითხი შეეხო საქართველოს პერსპექტივასაც.
გთავაზობთ ამონარიდს საუბრიდან:
ოლღა ბიჩკოვა: მთიანი ყარაბაღთან დაკავშირებული მოვლენების განხილვისას უნდა ავღნიშნოთ, რომ დღეს მნიშვნელოვანია საქართველოს პოზიცია ასეთ სიტუაციაში. სხვათა შორის, საქართველოს რუსულ მასმედიაში მაინცდამაინც ხშირად არ ახსენებენ…
მაქსიმ შევჩენკო: იმიტომ, რომ ძალიან ცოტას თუ ესმის, იქ რა ხდება. ქვეყნის პრემიერ-მინისტრად თეა წულუკიანის კანდიდატურა სახელდება. იგი საფრანგეთის მთავრობის [სტრუქტურებში] მუშაობდა. ჩემი აზრით, მას დამთავრებული აქვს ის აკადემია, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის პატრონაჟის ქვეშ არის. თეა წულუკიან ახალგაზრდობის წლები საფრანგეთში აქვს გატარებული. იმავდროულად საქართველოს პრეზიდენტი გახლავთ სალომე ზურაბიშვილი, იგი საფრანგეთის მოქალაქეა, რომელიც საქართველოში იმიტომ ჩავიდა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი გამხდარიყო.
და ბოლოს, საქართველოს მთავარი მეცენატი, რომელსაც, როგორც მინიმუმი, ნახევარი საქართველო ჯიბეში უდევს – ბიძინა ივანიშვილი – ისიც საფრანგეთის მოქალაქე იყო. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ საქართველოს ხელისუფლებაში იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც ძალიან მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი საფრანგეთთან.
ოლღა ბიჩკოვა: ბოდიში, მაგრამ რას ხედავთ ამაში ცუდს?
მაქსიმ შევჩენკო: ამაში ცუდი არაფერია. მე სიტუაციას ჭადრაკის პარტიის მსგავსად ვაფასებ. მხედველობაში გვქონდეს, რომ ემანუელ მაკრონი თურქეთთან ფაქტიურად ომს აჩაღებს, თურქეთის მიმართ სიძულვილს აღვივებს, ხმელთაშუა ზღვაში საფრანგეთის ფლოტი რაღაც ლეპანტოს ბრძოლის მსგავს ოპერაციებს ახორციელებს [თურქეთის წინააღმდეგ] და ამ დროს [საქართველოში] შეიძლება ფრანკოფილური (ანუ ანტითურქული) და იმავდროულად ანტირუსული მთავრობა ჩამოყალიბდეს. ეს ყველაფერი შემთხვევით არ ხდება. იმ ფონის გათვალისწინებით, რომ სომხეთში პროდასავლური რეჟიმი მარცხდება, ვფიქრობ, დასავლეთს ამ მარცხის კომპენსირება საქართველოს ხარჯზე სურს.
ოლღა ბიჩკოვა: შეიძლება თქვენს მიერ დასახელებულთა სია დავაზუსტოთ? ბიძინა ივანიშვილის შესახებ, მაგალითად, მუდმივად ამბობენ, რომ იგი რუსული ორიენტაციის მქონე ადამიანია…
მაქსიმ შევჩენკო: მას ნეიტრალური პოზიცია უკავია. ოდესღაც რუსეთში ბიზნესი ჰქონდა, მაგრამ ამჟამად მას აქვს სერიოზული უძრავი ქონება საფრანგეთში. იგი საფრანგეთის მოქალაქე გახლდათ, მაგრამ მასზე უარი თქვა და საქართველოს მოქალაქე გახდა …
ოლღა ბიჩკოვა: და რუსულ ბიზნეს-კავშირებზეც უარი თქვა?
მაქსიმ შევჩენკო: როგორც თვითონ ამბობს, უარი თქვა, მაგრამ საფრანგეთში ძალიან სერიოზული უძრავი ქონება აქვს. მოკლედ, ეს ადამიანები პარიზთან არიან დაკავშირებულები.
მე იმას არ ვამბობ, რომ საფრანგეთი ცუდია. პირიქით, მე საფრანგეთი მიყვარს, მაგრამ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პოლიტიკა ანტითურქული და ანტირუსულია, ის მიმართულია იქითკენ, რომ არ იქნეს დაშვებული რუსეთისა და თურქეთის კავშირი – ისეთივე, როგორიც 1921 წელს მოსკოვ-ყარსის ხელშეკრულებებით განვითარდა და რომელიც 1973 წელს დადებული ხელშეკრულებით დადასტურდა. მას მოსკოვის მხრიდან ხელი ალექსი კოსიგინმა მოაწერა… სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა პარიტეტული სიტუაცია კავკასიაში, ანუ ისტორიულად თურქეთიც თავისას იღებს და რუსეთიც… და პლუს ამას – 17 ნოემბერს საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო უნდა ჩავიდეს. აბა, შეხედეთ სიტუაციას: უშუალოდ ამერიკაში ამდენი პრობლემები გაქვს, გაუგებარია ვინ იქნება – ტრამპი თუ ბაიდენი, შენ კი საქართველოში მიფრინავ…
ოლღა ბიჩკოვა: რატომაა გაუგებარი? უკვე გასაგებია…
მაქსიმ შევჩენკო: იმიტომ, რომ კავკასია მსოფლიოსათვის უმნიშვნელოვანესი ტერიტორიაა. პირობითად რომ ვთქვათ, ვინც ფლობს კავკასიას, ის აკონტროლებს ევროპის ენერგორესურსების არტერიას, რომელიც იქით სამხრეთ კავკასიიდან და მცირე აზიიდან მიემართება… არის იმის ალბათობა, რომ საქართველოში მაიკ პომპეო ამ პროფრანგულ ტრიოსთან [ივანიშვილი, ზურაბიშვილი, წულუკიანი] ნატოს ბაზის დაარსების საკითხზე მოილაპარაკებს. ამრიგად, ფაშინიანი და ის სომეხი რევანშისტები, რომლებიც აცხადებენ, რომ ომს გააგრძელებენ, თუმცა პირადად ფაშინიანი ამას არ ამბობს…
ოლღა ბიჩკოვა: პირიქით, იგი ომის გაგრძელებას არ აპირებს…
მაქსიმ შევჩენკო: კი, ვიცით იქ ვინ რას და როგორ ლაპარაკობს… მოკლედ, ასეთი სცენარი: ნიკოლ ფაშინიანს სომხეთი „ოდკბ“-დან გამოჰყავს, რუსეთთან კავშირებს წყვეტს. იმავდროულად საქართველო თითქოსდა სომხური რევაშისტული ძალებისათვის ზურგის ტერიტორია ხდება (მომარაგების უზრუნველყოფისათვის). ანუ აქ მთავარია არა სომეხი ხალხის არსებობა, არამედ გეოპოლიტიკური თამაშები, რომლებსაც მსოფლიოს ძალები აწარმოებენ – ისინი, რომლებიც 30 წლის განმავლობაში მთიანი ყარაბაღის პრობლემის ნორმალურ, მშვიდობიან მოგვარებას ამუხრუჭებდნენ და საქმე ისევ სისხლისმღვრელ ომამდე მიიყვანეს…
https://spnews.io/50625/?fbclid=IwAR1Ta_SIW...buI0OUI-eTiCZC0 * * *
პს
ჯავახეთში, რაღაც "დვიჟენიები" შეინიშნებაო.
იმედია, სუს-ი ყურადღებას გააძლიერებს...