პრეზიდენტის ელექტრომობილი არასწორი პარკირებისთვის დაცულ ავტოსადგომზე გადაიყვანეს
00:17 01.04.2013
"სითი პარკის" თანამშრომლებმა რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტის რეზიდენციის წინ გაჩერებული ქვეყნის პირველი პირის ელექტრომობილი დაცულ ავტოსადგომზე გადაიყვანეს.
1 აპრილს, დაახლოებით 00:15 საათზე "სითი პარკმა" უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო: სპეციალური ტექნიკით ორგანიზაციის თანამშრომლებმა საქართველოს პრეზიდენტის კუთვნილი ელექტრომობილი, რომელიც ავლაბარში მდებარე რეზიდენციის წინ იყო გაჩერებული, არასწორი პარკირების გამო დაცულ ავტოსადგომზე გადაიყვანეს.
ამ ფაქტის თვითმხილველი "ნიუპოსტის" კორესპონდენტი გახდა. როგორც ის იტყობინება, "სითი პარკის" თანამშრომლებმა ადგილზე კომენტარი არ გააკეთეს. ავტომანქანის გადაყვანის პროცესში მათთან საკონტაქტოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან არავინ გამოსულა.
"ნიუპოსტის" კორესპონდენტი დაცულ სადგომშიც იმყოფებოდა და დაწესებულების დირექტორის მოადგილეს ესაუბრა:
"დიახ, ვადასტურებთ, რომ ვიცოდით, ვის ეკუთვნოდა აღნიშნული ელექტრომობილი. მეტსაც გეტყვით, ახლა გვყავს გაგზავნილი ჯგუფი პრემიერმინისტრის ბიზნესცენტრთან, სადაც, ჩვენი ინფორმაციით, ავტომანქანები არასწორადაა პარკირებული. თუ მათ შორის არის პრემიერმინისტრის ავტომობილი, მასაც გადმოვიყვანთ. კანონი ყველასთვის კანონია", - განაცხადა "სითი პარკის" დირექტორის მოადგილემ დურმიშხან ხუმრობაშვილმა. პრეზიდენტიის ადმინისტრაციასთან კომენტარისთვის დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
შეგახსენებთ, რომ ზემოთაღნიშნული ფაქტი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მაშინვე მოხდა, როგორც კი 1 აპრილი შემოვიდა, ანუ "სითი პარკის" სპეცტექნიკა რეზიდენციასთან 00:05 საათზე გამოჩნდა. ეს დღე ზოგიერთ ქვეყანაში "სულელების დღედ" მოიხსენიება. დამკვიდრებული ტრადიციით, 1 აპრილს ერთმანეთს, ძირითადად, უწყინარ ტყუილებს ეუბნებიან. ბოლო დროს ამ დღის აღნიშვნაში პრესაც ჩაერთო: სხვადასხვა გამოცემები პირველ აპრილს ხშირად ავრცელებენ სკანდალურ ფაქტებს, რომლებიც სინამდვილეს არ შეესაბამება.
http://www.newposts.ge/sazogadoeba/10276-p...adaiyvanes.html[B]
მიმაგრებული სურათი