პრემიერ-მინისტრი მზადაა, პატიმარ პაპუნა კვარაცხელიას
საზღვარგარეთ ძვირადღირებული მკურნალობის ხარჯები აანაზღაუროს
13:01 05.04.2013
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მზადაა, პატიმარ პაპუნა კვარაცხელიას საზღვარგარეთ ძვირადღირებული მკურნალობის ხარჯები აანაზღაუროს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის მოადგილემ გიგა გიორგაძემ განუცხადა.
პატიმრის დიაგნოზია: თავის ტვინის კავერნოზული ანგიომა, თავის ტვინის ლოკალური ლაკონური დაზიანება, ქალატვინის ტრამვის დაჟეჟილობის შემდგომი მდგომარეობა, ქრონიკული ჩ-ჰეპატიტი, ქრონიკული ქოლეცისტიტი, ნაღვლის ბუშტის პოლიპი, ორივე თვალის სუსტი ხარისხის მიოპიური ასტიგმატიზიმი და ორგანული პიროვნული აშლილობა. კვარაცხელიას ადვოკატის და ოჯახის წევრების განცხადებით, პატიმარი უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება და მას საზღვარგარეთ მკურნალობა სჭირდება.
როგორც გიორგაძე აცხადებს, სამინისტრომ აღნიშნული პატიმრის გათავისუფლების ყველა სამართლებრივი გზა სცადა.
"კვარაცხელიას პირობით ვადამდე გათავისუფლების საფუძველი არ არსებობს, რადგან ამის ვადა არ დამდგარა, ერთადერთი გზა იყო მიგევმართა შუამდგომლობით სასამართლოსთვის, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, თუმცა სასამართლომ ჩვენი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, აქედან გამომდინარე, ერთადერთი მექანიზმი რჩება ის, რომ პატიმარი პრეზიდენტმა შეიწყალოს, მას ოჯახმა ან პატიმარმა უნდა მიმართოს", - განაცხადა გიორგაძემ.
ცნობისთვის, პატიმარ პაპუნა კვარაცხელიას მამის თამაზ კვარაცხელიას განცხადებით, მისი შვილი 2010 წლის ნოემბერში დააკავეს და სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების ხელმძღვანელმა ალექსანდრე მუხაძემ, ამავე დაწესებულების თანამშრომელმა ოლეგ ფაცაციამ და სხვებმა სასიკვდილოდ სცემეს.
"ჩემ შვილს 5-6 დღის განმავლობაში პატიმრები უვლიდნენ, ციხის სამედიცინო პუნქტი საქმეში არც ჩარეულა. ის მეექვსე დღეს გამოიყვანეს საკნიდან და უთხრეს, დაეწერა ხელწერილი, რომ საწოლიდან გადმოვარდა და დაზიანებები მაშინ მიიღო. როდესაც პატიმარმა ამაზე უარი განაცხადა, დაემუქრნენ, რომ მშობლებს "სუბუტექსს" ჩაუდებდნენ. ამის შემდეგ ის იძულებული გახდა ამაზე ხელი მოეწერა", - აცხადებს კვარაცხელია.
მისივე თქმით, ამის შემდეგ მის შვილს უამრავი მძიმე დაავადება ჩამოუყალიბდა და მის სიცოცხლეს საფრთხე ნებისმიერ წუთს შეიძლება, დაემუქროს.
"სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მას უკეთებენ ტკივილგამაყუჩებლებს, რაც მკურნალობა არ არის. ჩემს შვილს ტკივილებს არაფერი უყუჩებს, ჩემი მოთხოვნაა, რომ მომცენ ჩემი შვილი, მათ ხელთ არსებული სამართლებრივი ბერკეტების ფარგლებში", - განაცხადა კვარაცხელიამ, რომელმაც დღეს სასჯელაღსრულების სამინისტროს წინ თავის დაწვა სცადა.
http://pirweli.com.ge/?menuid=8&id=30153#....ZlPUrs.facebook
აი, ახლა, როდესაც ჩვენ ვისწავლეთ ფრენა ჰაერში ჩიტების მსგავსად, ცურვა წყლის ქვეშ, როგორც თევზებმა, გვაკლია მხოლოდ ერთი - შეგვეძლოს ცხოვრება მიწაზე, როგორც ადამიანებს.
ჯორჯ ბერნარდ შოუ