ჟურნალისტები შს სამინისტროს ტყუილის შესახებნათია როყვა, მე-9 არხის კორესპონდენტი ბათუმშიიმაზე ვაპირებ მოყოლას, თუ როგორ მოგვატყუა პოლიციამ 2 აპრილს.
სანამ 2 აპრილზე გადავალ, ცოტას საიასა და აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის 28 მარტის ინციდენტზე მოვყვები. ამ ამბავზე დილით საიას იურისტმა დამირეკა. ადგილზე ათ წუთში მივედი. სამმართველოს უფროსს ვკითხე, რა მოხდა-მეთქი. საიამ პროვოკაცია მოაწყოო. მერე საიას მოვუსმინე, ისინი ირწმუნებოდნენ, რომ ვალერი თელიამ სიტყვიერად და ფიზიკურად შეურაცხყო. მერე ყველანი პოლიციაში წავედით - ჟურნალისტები, საია და პოლიციის უფროსი.
პირველი კომენტარი გამომძიებელ-ინსპექტორმა, ახალგაზრდა გოგონამ გააკეთა და ჯარიმის ქვითარი დამანახა - საიას მძღოლისთვის სიმთვრალის გამო გამოწერილი. არ უჩვენებიათ ის ქვითარი, რითაც დადასტურდებოდა შს სამინისტროს განცხადება, თითქოს პოლიციის უფროსიც დააჯარიმეს. მაშინ ეგ ამბავი არავის უხსენებია. არც მე მიკითხავს - ვერ წარმოვიდგენდი პოლიციის შეფს მართვის მოწმობა თუ არ ექნებოდა.
ამ დროს დერეფანში გამოვიდა ვალერი თელია. მითხრა, რომ ამბავი კოლეგებთან შემეძლო გადამემოწმებინა - სამმართველოს უფროსი მომიყვა, რომ ინციდენტის დროს მანქანაში „რუსთავი 2“-ის გადამღები ჯგუფი ჰყავდა, `მინისტერიალის გასაშუქებლად რედისონში მიმყავდაო“. ვკითხე - თქვენ რატომ მიგყავდათ ჟურნალისტები გადაღებაზე-მეთქი. ჩემი მეგობრები არიან, დილით თბილისიდან ჩამოვიდნენო. არც ეს კომენტარი ჩამიწერია. მაშინ რატომღაც უმნიშვნელოდ ჩავთვალე.
არადა, რამდენიმე დღეში შს სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადა, რომ ვალერია თელია ინციდენტის დროს ოპერატიული დავალების შესასრულებლად მიდიოდა. თუ ასეა, მაშინ რატომ გაჩერდა პოლიციის უფროსი ინციდენტის ადგილზე 2 საათს ან რატომ ისხდნენ მის მანქანაში ჟურნალისტები?
ორი ვერსია მაქვს. პირველი - მომატყუა სამმართველოს უფროსმა, ანუ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები მის მანქანაში არ ყოფილან. მეორე - მოიტყუა შს სამინისტრომ, თელია ოპერატიულ საქმეზე კი არ მიდიოდა, მინისტერიალზე ჟურნალისტები მიჰყავდა. არა, კიდევ მაქვს ერთი ვერსია: ზუსტად იმ დღეს, როცა საიას მძღოლსა და თელიას შორის ინციდენტი მოხდა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ბათუმიდან ექსკლუზივი ჰქონდა ტრეფიკინგის საქმეზე, რომელშიც მთავარი გმირი ვალერი თელია იყო.
თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ამან „ენვერის“ საქმე და მსგავსი ექსკლუზივები გამახსენა. მერე, მთელი კვირის განმავლობაში რაც ხდებოდა, ყველამ ვნახეთ - იცით თუ როგორ მოგვატყუა შს სამინისტრომ. თუ არ იცით, აქვე წერენ ჩემი კოლეგები და ალბათ წაიკითხავთ.
2 აპრილიდან კი მხოლოდ ფინალს მოვყვები - 16:30 საათზე დამირეკეს, მინისტრი, თელია და არჩილ ხაბაძე რესტორანში სადილობენო.
უკაცრავად
ირმა ზოიძე, „ტელეარხ 25“-ის ჟურნალისტი როცა მინისტრი კითხვებს არ პასუხობს, მართლაც დიდი პრობლემაა, თუმცა კიდევ უფრო დიდი პრობლემაა, როცა გაიგებ ამ ჩინოვნიკის დამოკიდებულებას მედიის მიმართ. ღარიბაშვილმა, ორი დღის დაგვიანებით, თავის გამოხმაურებაში რესტორანთან მომლოდინე და შემდეგ მოტყუებულ ჟურნალისტებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მას ისინი არ მიუწვევია და ამიტომაც არ გასცა პასუხი.
უკაცრავად? - ვის აქვს მოლოდინი, რომ ჟურნალისტი მხოლოდ მაშინ მივა გადაწყვეტილების მიმღებ პირთან, როცა ის დაუძახებს; დაუსვამს კითხვებს, რომელიც მას სურს და შეუთანხმებს თემას? როგორც ჩანს, შინაგან საქმეთა მინისტრი ცალ კარში აპირებს თამაშს, თუმცა ეგ უკვე გავიარეთ. შედეგი ცნობილია.
მინდა ვიფიქრო, რომ ხელისუფალი არ დაუშვებს საზოგადოება, მედია და ჩინოვნიკი ერთმანეთის საპირისპირო მხარეს აღმოჩნდნენ.
ეს იყო დღის საუკეთესო დასასრული
თეონა ბაკურიძე, მე-9 არხის კორესპონდენტი ბათუმშიეს იყო ე.წ. „გადაღება“, რომელზეც „მეცხრე არხის“ ბათუმის ბიუროს ორივე ჟურნალისტი მივედით. ნათია როყვა თემას აშუქებდა, მე კი, უბრალოდ, მაინტერესებდა...
2 აპრილის საღამო მართლაც საინტერესო გამოდგა. ირაკლი ღარიბაშვილმა, ნინო გიორგობიანმა, დაცვისა და რესტორნის თანამშრომლებმა მასტერ-კლასი ჩაგვიტარეს. შს მინისტრს „აჭარულ სახლთან“ 17:00 საათიდან ველოდით. რომ მივედით, რესტორანში პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკებით საკვები პროდუქტები შეიტანეს.
ჟურნალისტები თავიდანვე ვხვდებოდით, რომ მინისტრს ამაოდ ველოდით, შესაბამისად, წამოსვლას ყოველი საათის მიწურულს ვგეგმავდით. მაგრამ... რაღაც გვაჩერებდა.. გვინდოდა გვენახა, როგორ ჩაივლიდა კამერასთან ღარიბაშვილი და როგორ გვეტყოდა - „კომენტარს არ ვაკეთებ!“ ჩვენ ეს გვინდოდა, ნინო გიორგობიანს, ანუ ამ სამინისტროს პრესსამსახურის უფროსს კი, სწორედ ეს არ უნდოდა.
21:00 საათზე „აჭარულ სახლში“ ხილი მიიტანეს... ჩვენი მთავარი საინფორმაციო გამოშვება დაიწყო... კიდევ ერთხელ გადავწყვიტეთ წამოსვლა, მაგრამ ამ დროს დაცვის თანამშრომელი მოვიდა.
არასდროს დამავიწყდება - დაცვის თანამშრომლის დამაჯერებელი სიტყვები, ხმა და გამომეტყველება (ტყუილს გულუბრყვილოდ არ ველოდი).
კარგად მახსოვს შსს პრესსამსახურის ოპერატორი, რომელიც რაღაც ზღაპრებს გვიყვებოდა, გვართობდა... დაცვამ რესტორნის კართან დაგვაყენა. ვერ დავივიწყებ მის სიტყვებს - „მოემზადეთ, რამდენიმე წუთში ჩამოვა“ (დარწმუნებული ვარ გიორგობიანი სპეციალურად დადგა ისეთ ადგილას, სადაც ჩვენ დავინახავდით, ეს იმისთვის, რომ ეჭვი არ შეგვეტანა ღარიბაშვილის დაანონსებული განცხადების რეალურობაში).
ვერ დავივიწყებ - ოპერატორების მზადებას, ჟურნალისტების მინისტრის ჩასაწერად მომზადებულ, ჩართულ მიკროფონს და პოზიციას.
ვაცნობიერებ - როგორ დაგვცინოდნენ დაცვის თანამშრომლები, ნინო გიორგობიანი და ირაკლი ღარიბაშვილი.
ვერ წარმოვიდგენდი - მინისტრისგან მსგავს საქციელს. ვინ გარბოდა, ვინ კამერაზე ხელს გვაფარებდა, ვინ შენობასთან არ გვიშვებდა, მაგრამ არავის მოსვლია თავში აზრად ჟურნალისტების ასე სამარცხვინოდ მოტყუება.
შსს-მ საუკეთესო მასტერ-კლასი ჩაგვიტარა.
ეს იყო დღე, რომელიც ჩემს ცხოვრებაში არ დამავიწყდება.
იმ დღეს გავბრაზდი, თუმცა ახლა არაფერს ვნანობ. ვხვდები, რომ ღარიბაშვილის გაპარვა იმ დღის საუკეთესო დასასრული იყო.
ვინ რა არ იცის შს სამინისტროში
სოფო ჟღენტი
„მაესტროს“ კორესპონდენტი აჭარაში რესტორანთან შეკრებილ ჟურნალისტებთან შს სამინისტროს პიარი ნინო გიორგობიანი რესტორანში შესვლამდე მოვიდა. გვითხრა, რომ მინისტრი კითხვებს აღარ უპასუხებს. იქვე დაგვარიგა, რომ არაკორექტული იყო კითხვებზე პასუხების მისაღებად რესტორანთან ყოფნა, სადაც მინისტრი ვახშმობს. მოკლედ, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ამ შეგონებით დაგვტოვა, რესტორანში შევიდა და მას შემდეგ, მიუხედავად რესტორნის გარეთ 5-საათიანი ლოდინისა, არ შეგვხმიანებია.
გიორგობიანმა ჩვენი „კეთილგანწყობის“ მოსაპოვებლად აშკარად იზრუნა. შსს მინისტრი და მისი პიარი უფრო შორსაც წავიდნენ - 5-სათიანი ლოდინის შემდეგ ჟურნალისტები მოგვატყუეს. საბოლოოდ ამბავი იმით დასრულდა, რომ მინისტრი მალულად, ისე რომ კამერებს არ დაეფიქსირებინა, მეორე გასასვლელიდან გავიდა.
გიორგობიანის პროფესიონალიზმმა ამ სიტუაციაშიც პიკს მიაღწია. რესტორნის ფოიეში ზურგით დადგა და ჟურნალისტებს კიდევ ერთი ტყუილი უთხრა. თქვა, რომ არ იცნობდა ღარიბაშვილის პირად დაცვას. არც ის იცოდა, იქ რატომ შეგვკრიბა მან და არც ის, მინისტრი რესტორანში იმყოფებოდა თუ არა.
არ მინდა გეგონოთ, რომ ამ საწყალ ამბავში მოქმედი გმირი გიორგობიანია. უბრალოდ, ვფიქრობ, მთავარი ყველგან და ყველაფერში პროფესიონალიზმია, რისი ნაკლებობაც საკუთარ თავზე „აჭარულ სახლთან“ გამოვცადე. გიორგობიანმა არ იცის პიარი, აჭარის სამმართველოს უფროსმა - წესები, როგორ უნდა დააჯარიმოს მოქალაქე იმ შემთხვევაში, თუ ის საგზაო წესებს არღვევს, საქართველოს შს მინისტრმა კი - ის, რომ კითხვებს, რომელიც მის უწყებასთან მიმართებაში საზოგადოებას უჩნდება, პასუხები სჭირდება.
http://www.netgazeti.ge/GE/105/opinion/18418/სამარცხვინო მინისტრი ხარ ირაკლი!
სამწუხაროდ "კაცუნა" აღმოჩნდი!
პოსტი ჩავასწორე, რადგან "თემის არსს" ვერ ჩაწვდა ზოგი
აქ საუბარი კომენტარის არ მიცემაზე არ არის, საუბარია ტყუილზე, რაც სამარცხვინოა!
This post has been edited by Beka_ke on 9 Apr 2013, 18:52