საქართველო საგადამხდელო სისტემა – PayPal-ის წევრი გახდა
12:12 11-04-2013
საქართველო მსოფლიოს მსხვილი საგადამხდელო სისტემა – PayPal-ის წევრი გახდა, - ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, საქართველოს მოსახლეობას დღეიდან საშუალება მიეცემა პროდუქცია ონლაინ რეჟიმში, ათასობით ინტერნეტმაღაზიაში შეიძინოს.
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, PayPal-ის მომხმარებლები სასურველი ნივთების შეძენას უსაფრთხოდ, პირადი ფინანსური ინფორმაციის გაცვლის გარეშე შეძლებენ.
"თუ ერთხელ გავხსნით PayPal-ის ანგარიშს, შემდგომი შეძენისას საჭირო აღარ იქნება პირადი მონაცემების გამეორება, ამისთვის საკმარისია მხოლოდ PayPal-ის ანგარიში. აქამდე ბევრი პრესტიჟული ვებგვერდი ქართული ბარათით სარგებლობისა და ქართული მისამართის დაფიქსირების საშუალებას არ იძლეოდა, თუმცა ეროვნული ბანკისა და ეკონომიკის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით PayPal-ის საგადასახდო სისტემაში საქართველოს ჩართვა მოხერხდა", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მინისტრის მოადგილემ ეროვნულ ბანკს ამ კუთხით გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ PayPal-ის სისტემაში ქვეყნების მოხვედრა ადვილი პროცედურა არ არის.
დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, PayPal-ის სისტემაში ჩართულია 109 ქვეყანა, რომელსაც 110-ედ საქართველო დაემატა.
"ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენ გავხდით მსოფლიოს მსხვილი საგადამხდელო სისტემის წევრები. PayPal-ით სარგებლობა შეუძლიათ მომხმარებლებს, რომელთაც აქვთ საქართველოს ბანკების მიერ გაცემული "ვიზა" და "მასტერქარდ" ბარათები", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ და განმარტა, რომ PayPal-ის სისტემით სარგებლობა მოქალაქეებს უკვე დღეიდან შეუძლიათ.
http://www.interpressnews.ge/ge/ekonomika/...vri-gakhda.htmlაბ, ჰე, დაეშვით საყიდლებზე